"გირჩი" "მღვდელმსახურებისთვის" გასაბერი ეკლესიის შეძენას აპირებს - კვირის პალიტრა

"გირჩი" "მღვდელმსახურებისთვის" გასაბერი ეკლესიის შეძენას აპირებს

"გირჩის" რელიგიური ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლება" ეკლესიისთვის თანხის შეგროვებას იწყებს. თანხის შეწირვაზე შესაბამისი ინფორმაცია "ბიბლიური თავისუფლების" "ფეისბუკის" გვერდზე გავრცელდა.

ტექსტში ვკითხულობთ:

"ხელისუფლება ცდილობს ბიბლიურ თავისუფლება წარმოადგინოს არარეალურ რელიგიურ ორგანიზაციად. უღმერთო ადამიანები არგუმენტად ცდილობენ გამოიყენონ ტრადიციული რელიგიური დენომინაციებისათვის დამახასიათებელი ატრიბუტების არქონა.

ბიბლიური თავისუფლების იერარქების ლოცვა-კურთხევით გადაწყდა საღვთო მსახურებისთვის შევიძინოთ ეკლესია, რომლის გამოყენების შესაძლებლობა უნდა მიეცეს ბიბლიური თავისუფლების 500-მდე მღვდელმსახურს.

რაციონალური მსჯელობის შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ ეკლესია იყოს მობილური და იაფი. ბაზარზე არსებული არჩევანებიდან ასეთია გასაბერი ეკლესია.

პროექტის რისკი: უღმერთო და შურიანი ადამიანები სადგისით, რაც დაძლევადია ვულკანიზაციების არსებობის პირობებში.

SWOT ანალიზზე დაყრდნობით გადაწყდა შევიძინოთ გასაბერი ეკლესია. პროექტის ღირებულება შეადგენს $3000. შეეწიეთ ეკლესიას ამ საშვილიშვილო საქმის აღსასრულებლად", - ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

შეგახსენებთ, 2017 წლის 3 მარტს საჯარო რეესტრში ახალი რელიგიური ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლების" სახელით დარეგისტრირდა. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესიის ხელმძღვანელად პოლიტიკური პარტია "გირჩის" წევრი ნიკა ობოლაძე დასახელდა. მთავარ ღირებულებად თავისუფლება განისაზღვრა. თავისუფლების შეზღუდვის ძირითად მაგალითად კი სავალდებულო სამხედრო სამსახური იქცა.