რა წერია რეზოლუციის პროექტში, რომელიც აფგან მუჰთარლის საქმეს ეხება და რომელსაც ევროპარლამენტი უყრის კენჭს - კვირის პალიტრა

რა წერია რეზოლუციის პროექტში, რომელიც აფგან მუჰთარლის საქმეს ეხება და რომელსაც ევროპარლამენტი უყრის კენჭს

ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტს "მუჰთარლის საქმე და აზერბაიჯანში მედიის მდგომარეობა" ევროპარლამენტში კენჭს დღეს უყრიან.

რეზოლუციის პროექტში "ევროპარლამენტი გამოთქვამს სერიოზულ აღშფოთებას აფგან მუჰთარლის საქართველოში შესაძლო გატაცებასთან და აზერბაიჯანში მის უკანონო გადაყვანასთან დაკავშირებით" და აღნიშნულს "საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევად" მიიჩნევს.

"ევროპარლამენტი: მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს დროული, გამჭვირვალე და ეფექტური გამოძიება და მოელის, რომ ყველა დამნაშავე პასუხს აგებს.

მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გამოიძიოს ეჭვები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სტრუქტურების შესაძლო მონაწილეობაზე აფგან მუჰთარლის გატაცებაში. ამის შეუსრულებლობა კი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების და ევროპული ღირებულებებისა და პრინციპების დარღვევა იქნება და ზიანს მიაყენებს საქართველოს რეპუტაციას საერთაშორისო არენაზე.

აზერბაიჯანის მთავრობას მოუწოდებს, მოუხსნას ბრალდება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს აფგან მუჰთარლი.

მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, გადახედოს ყველა იმ დაპატიმრების საკითხებს, რომლებიც ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობას უკავშირდება", - ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში.

აფგან მუჰთარლის ადვოკატის არჩილ ჩოფიკაშვილის მოსაზრებით, ევროპარლამენტში აფგან მუჰთარლის საკითხზე რეზოლუციის პროექტის მიღებით აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებაზე საერთაშორისო ზეწოლა უფრო გაძლიერდება.

"აბსოლუტურად ყველასთან ვთანამშრომლობთ, რადგან ფაქტობრივად, ჩვენს ხელისუფლებას ჰგონია, რომ ჩაიფარცხება და იმ კაცს დაავიწყდება, რომ ციხეში ზის. ნამდვილად არ ავიწყდება პატიმარს, რომ ციხეში ზის. რეზოლუციის პროექტში ველოდებით იმ რეალობის ასახვას, რაც გვაქვს და რაზეც არაერთხელ ვუთითებთ - გამოძიება კანონის შესაბამისად არ მიმდინარეობს, საქმეს მთავარი პროკურატურა არ იძიებს, ყოველგვარი გამოძიების გარეშე პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა, რომ სამართალდამცავთა მონაწილეობა აქ არ ყოფილა და ეს უკვე დასკვნის სახით შემოგვთავაზეს, ფაქტობრივად, ამ დასკვნას ემსახურება გამოძიება და არა სხვა რამეს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, საერთაშორისო ზეწოლა უფრო გაძლიერდება და უფრო ადეკვატური განცხადებები გაკეთდება მომავალში. მარტო შს მინისტრის მოადგილის გადაყენება რომ არ ეყოფა ამ საქმეს, მგონი, ამას ნებისმიერი ადამიანი მიხვდება. მოადგილის გადაყენებით ამხელა სკანდალის გადაგორება არალოგიკურია", - განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით