"რაც კარგია, ვუვლით, რაც ცუდია, ვცვლით, რაც გვაკლია, ვქმნით" - ვისთან ერთად დააფუძნა უსუფაშვილმა "შენების მოძრაობა? - კვირის პალიტრა

"რაც კარგია, ვუვლით, რაც ცუდია, ვცვლით, რაც გვაკლია, ვქმნით" - ვისთან ერთად დააფუძნა უსუფაშვილმა "შენების მოძრაობა?

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა და საინიციატივო ჯგუფის წევრთა ერთმა ნაწილმა "შენების მოძრაობის" პრეზენტაცია გამართა. პოლიტიკური მოძრაობის ინიციატორთა შორის არიან სხვადასხვა დარგის გამოცდილი სპეციალისტები, საჯარო მოხელეები, პოლიტიკოსები, ახალი თაობის ქართველი ბიზნესმენები. ღონისძიებაზე სადამფუძნებლო პრინციპების პრეზენტაციაც გაიმართა.

უსუფაშვილის თქმით, "შენების მოძრაობა" თანამონაწილეობაზე დაფუძნებული, ფართო საზოგადოებრივი სპექტრის მომცველი ცენტრისტული მიმართულების პოლიტიკური ძალა იქნება, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს პოლიტიკაში ახალი თაობის, ახლებური აზროვნების, თავიანთ სფეროებში წარმატებული პროფესიონალების მოსვლას და დამკვიდრებას.

"შენების მოძრაობის" საბოლოო ფორმირება და პარტიად დაფუძნების პროცესი 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამასთანავე, "შენების მოძრაობა" მონაწილეობას მიიღებს შემოდგომაზე დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ივლისის დასაწყისში საზოგადოებას წარუდგენს საკუთარ კანდიდატებს.

მოძრაობის სადამფუძნებლო პრინციპები და ლოზუნგია - "რაც კარგია, ვუვლით, რაც ცუდია, ვცვლით, რაც გვაკლია, ვქმნით".

„საზოგადოებრივი მოძრაობის პრინციპები ასეთია:

"შენების მოძრაობაში" ვერთიანდებით საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც, განსხვავებული წარსულის მიუხედავად, გვაქვს თანხვედრი დასკვნები და ხედვები ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად: მიგვაჩნია, რომ მტრობაზე და ურთიერთდაპირისპირებაზე აგებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ურთიერთობები უკვე ოცდახუთ წელზე მეტია საშუალებას არ გვაძლევს საერთო ეროვნული პოტენციალი მივმართოთ მოქალაქის თავისუფლების, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების სამსახურში მყოფი სახელმწიფო ინსტიტუტების შესაქმნელად; ვხედავთ, რომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან თითქმის სამი ათეული წლის თავზეც კი სახელმწიფო სუვერენიტეტის მხოლოდ მცირე ნაწილია უშუალოდ ჩვენს ხელში, ხოლო მზარდი საერთაშორისო არასტაბილურობა საკუთარი ქვეყნის უკეთ პატრონობის გადაუდებელი აუცილებლობის წინაშე გვაყენებს; გვჯერა, რომ პატრიოტიზმი და პიროვნების თავისუფლება არათუ ურთიერთდაპირისპირებული ცნებებია, როგორც ხშირად წარმოგვიჩენენ, არამედ ორი ისეთი ფუნდამენტური ღირებულებაა, რომელსაც უნდა ეფუძნებოდეს ნებისმიერი სახელმწიფოებრივად ორგანიზებული ერი. შესაბამისად, ერთად უნდა ავაშენოთ სახელმწიფო, რომელსაც საძირკვლად ედება ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის საუკეთესო გამოცდილება, რომლის საყრდენი კედლები ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები იქნება და რომლის სახურავის როლსაც ევროატლანტიკური თანამშრომლობისა და უსაფრთხოების სტრუქტურები შეასრულებენ; მიგვაჩნია, რომ ყოველი ახალი ხელისუფლება თავიდან არ უნდა იწყებდეს სახელმწიფოს ახალ წელთაღრიცხვას, წინამორბედის მიერ გაკეთებული ნებისმიერი საქმის ხელაღებით უარყოფას და ნგრევას. ამავე დროს, ქვეყნის შენება შეუძლებელია სახელმწიფოს განვითარების მკაფიო ხედვისა და პროგრამის გარეშე. ამიტომ ჩვენი კრედოა - რაც კარგია, ვუვლით; რაც ცუდია, ვცვლით; რაც გვაკლია, ვქმნით; გვჯერა, რომ ახალმა პოლიტიკურმა მოძრაობამ იდეოლოგიურ თუ პერსონალურ ნიადაგზე უფრო მეტად კი არ უნდა დაყოს საზოგადოება, არამედ ის უნდა ჩამოყალიბდეს ცენტრისტულ, გამაერთიანებელ ძალად, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური ფლანგიდან რაციონალურ და ეფექტიან მიდგომებს მოუყრის თავს სახელმწიფოს ფუნდამენტის გასამაგრებლად და შეუქცევადს გახდის ქვეყნის აღმშენებლობისა და მოქალაქეთა კეთილდღეობის ზრდის პროცესს; ვთანხმდებით, რომ „შენების მოძრაობა" უნდა შევქმნათ მოტივირებული მოქალაქეების ფართო თანამონაწილეობით და შემხვედრი ნაბიჯებით, რათა ეს იყოს ყველა მხარდამჭერის პარტია, რომელიც მთლიანად საზოგადოების კეთილდღეობაზე იზრუნებს და არა ლიდერთა ვიწრო ჯგუფის პარტია, რომელიც მხოლოდ საკუთარი მხარდამჭერებისთვის არსებობს; გვწამს, რომ საქართველოს სჭირდება „შენების მოძრაობა", ახალი პოლიტიკური ძალა ახლებური მიდგომებით, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს პოლიტიკაში ახალი თაობის, ახლებური აზროვნების, თავიანთ სფეროებში წარმატებული პროფესიონალების მოსვლას და მისცემს მათ შესაძლებლობას, საკუთარი წვლილი შეიტანონ ჩვენი სამშობლოს წინსვლაში; ვთანხმდებით, რომ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა დაეფუძნება პოლიტიკური და პროფესიული ეთიკის მაღალი სტანდარტებისა და პრინციპების განუხრელ დაცვას:

  • ჯერ ქვეყანა, მერე პარტია;
  • ჯერ პროგრამა, მერე ხელისუფლება;
  • პრინციპულობა და არა სიჯიუტე;
  • ერთ-ერთობა და არა ერთადერთობა;
  • კონკურენცია და არა მტრობა;
  • კრიტიკა და არა შეურაცხყოფა;
  • შემკრებობა და არა გამთიშველობა;
  • კვალიფიციურობა და არა ზედაპირულობა;
  • დიალოგი და არა მონოლოგი;
  • სიყვარული და არა სიძულვილი", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

"შენების მოძრაობაში" ამ დროისთვის გაწევრიანებულები არიან: ფიზიკოსი, თეოლოგი, რელიგიის საკითხთა ექსპერტი; ლევან აბაშიძე; საერთაშორისო სამართლის მაგისტრი - გელა გელაშვილი; განათლების პოლიტიკის ექსპერტი - ალუდა გოგლიჩიძე; მოჭადრაკე, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი - ნინო გურიელი; ეკონომიკის და სახელმწიფო მართვის მაგისტრი - გოგა დანელიშვილი; იურისტი, ბიზნესმენი - გიორგი ეპიტაშვილი; ეკონომისტი, ბიზნესმენი - ტარიელ ზარანდია; ისტორიკოსი, საჯარო მმართველობის მაგისტრი - გიორგი თაქთაქიშვილი; ეკონომისტი, საჯარო მოხელე - მანუჩარ თოხაძე, სტუდენტი - ეკატერინე კვანტალიანი; ექიმი, ჯანდაცვის სისტემების მენეჯერი - ნათია ლანდია; სახელმწიფო მმართველობის სპეციალისტი - თეიმურაზ მურვანიძე; ეკონომისტი - გურამ მჭდელიძე; მედიკოსი, დოქტორი, პუბლიცისტი - ფრიდონ საყვარელიძე; ჟურნალისტი, ეკონომისტი, დიზაინერი - სოსო მიმინოშვილი; იურისტი, პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე - დავით უსუფაშვილი; ეკონომისტი, პოლიტოლოგი - ნათია ქობალია; ფიზიკოსი, პოლიტიკოსი - რეზო შავიშვილი; კიბერნეტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტილოგია, "ეროვნული ფორუმის" ყოფილი ლიდერი - კახა შარტავა; ეკონომისტი, საჯარო მმართველობის ექსპერტი - თენგიზ შერგელაშვილი; ლობისტი, ბიზნეს-კონსულტანტი - ილია ჩხუტიშვილი; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი - გია ხეჩინაშვილი; ფიზიკოსი, დოქტორი, კონსტიტუციონალისტი - ვახტანგ ხმალაძე და ეკონომისტი - გოჩა ჯაბიძე.