"არანაირი ზეწოლა და შანტაჟი არ ყოფილა" - ვენეციის კომისიის დასკვნის შუქ-ჩრდილები - კვირის პალიტრა

"არანაირი ზეწოლა და შანტაჟი არ ყოფილა" - ვენეციის კომისიის დასკვნის შუქ-ჩრდილები

"ვენეციის კომისია არ თვლის, რომ პრეზიდენტის ირიბი არჩევის წესი აუცილებელია, მაგრამ არც ეწინააღმდეგება ამ ცვლილებას"

ახდენდა თუ არა ზეწოლას საქართველოს ხელისუფლება ვენეციის კომისიაზე და, ბოლოს და ბოლოს, საიდან გაჟონა"განხეთქილების ვაშლად ქცეულმა წინასწარმა დასკვნამ? ამ კითხვებს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ვენეციის კომისიის მდივანი თომას მარკერტი პასუხობს, გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- როგორია თქვენი საბოლოო დასკვნა, მიაღწიეთ თუ არა იმ კომპრომისს, რომელზეც შეხვედრების დაწყებამდე საუბრობდით?

- კომპრომისი ამ საკითხებზე საქართველოში უნდა იქნეს მიღწეული, ჩვენ მხოლოდ გიზიარებთ ჩვენს მოსაზრებებს იმ დოკუმენტზე, რომელიც საქართველომ მოგვაწოდა და მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი შეფასება ძალიან დადებითია.

- მინდა გკითხოთ, რამდენად შეესაბამება სიმართლეს საპარლამენტო ოპოზიციის წევრების მოსაზრება იმის შესახებ, რომ მთავრობა ვენეციის კომისიას აშანტაჟებს, ულტიმატუმებს უყენებს და ა.შ.?

- არანაირი ზეწოლა და შანტაჟი არ ყოფილა. ჩვენი თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან კორექტული და პროდუქტიული იყო.

- ხომ ვერ გვეტყვით, ვისგან ან საიდან გაჟონა წინასწარი დასკვნის დოკუმენტმა?

- ვერ გეტყვით. მხოლოდ ის შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ დოკუმენტი ყველა ჩართულ მხარეს გავუგზავნეთ.

- მათ შორის პრეზიდენტსაც?

- როგორც პრეზიდენტს, ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენელს სტრასბურგში.

- რას იტყვით პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევაზე? კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ხალხისთვის გამოხატვის უფლების წართმევას ნიშნავს, ასევე გამორიცხავს ნეიტრალური პერსონის, ასე ვთქვათ, პარტიებთან არააფილირებული პირის პრეზიდენტად გახდომის შესაძლებლობას.

- ვერ დაგეთანხმებით. ცვლილებების მიზანია, საქართველოს ჰქონდეს გამართული საპარლამენტო სისტემა. საპარლამენტო სისტემებისთვის სავსებით ნორმალურია, რომ პრეზიდენტი პირდაპირ ხალხმა არ აირჩიოს. ხშირად, როდესაც საპარლამენტო სისტემის ქვეყანაში პრეზიდენტს პირდაპირ ხალხი ირჩევს, საქმე იქამდე მიდის, რომ პრეზიდენტი საკუთარ პოლიტიკურ კამპანიას აწარმოებს, ეს კი თავისთავად გამორიცხავს ნეიტრალურობას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო - ვენეციის კომისია არ თვლის, რომ პრეზიდენტის ირიბი არჩევის წესი აუცილებელია, მაგრამ არც ეწინააღმდეგება ამ ცვლილებას. აქ ერთადერთი დათქმაა: ჩვენ ვთვლით, რომ ამ სისტემაზე გადასვლას დრო სჭირდება, შესაბამისად, ეს ცვლილება ძალაში უნდა შევიდეს არა დაუყოვნებლივ ან შემდეგ წელს, არამედ 2023 წლიდან. სხვა ყველაფერთან ერთად, ეს იმასაც გამორიცხავს, რომ მსგავსი სისტემური ცვლილება რომელიმე კონკრეტული პირის წინააღმდეგ იყოს მიმართული.

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად