თამაში ცალ კარში - ოპოზიციის ბოიკოტი და კონსტიტუცია "ქართული ოცნების" იმედად - კვირის პალიტრა

თამაში ცალ კარში - ოპოზიციის ბოიკოტი და კონსტიტუცია "ქართული ოცნების" იმედად

პარლამენტმა 115 ხმით ერთხმად, პირველი მოსმენით, საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილების პროექტი მიიღო. კენჭისყრაზე ასევე 115 ხმით მხარი დაუჭირეს აჭარის ავტონომური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციური კანონის ახალ რედაქციას.

კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია პარლამენტის არც ერთ ოპოზიციურ გაერთიანებას. ოპოზიციამ პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა, უმრავლესობა კი კენჭსყრის შედეგს ტაშით შეხვდა.

შემუშავებული დოკუმენტით საპარლამენტო მმართველობის სისტემა ყალიბდება.

კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებით, ერთ-ერთი საკვანძო პრინციპი შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა, თუმცა მმართველ გუნდში არსებული შეუთანხმებლობის გამო, გადაწყდა, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამოქმედდება, მომავალი 2020 წლის არჩევნები კი, კვლავ არსებული შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, თუმცა ამ არჩევნებისთვის, ერთჯერადად, 3%-იანი საარჩევნო ბარიერი იმოქმედებს.

კონსტიტუციის ახალი რედაქციით, პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით იქნება არჩეული. პრეზიდენტი სპეციალური საარჩევნო კოლეგიის მიერ აირჩევა, რომელიც შედგება პარლამენტის 150 წევრისგან, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების ყველა წევრისგან და პარტიების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნების შედეგების შესაბამისად დასახელებული ხმოსნებისაგან.

კონსტიტუციაში დაგეგმილი კიდევ ერთი სიახლეა, პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს - ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება და მის ნაცვლად, თავდაცვის საბჭოს ჩამოყალიბება, რომლის ფორმირებაც საომარი მდგომარეობის შემთხვევაში მოხდება.

ამასთან, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებული პროექტის რიგი მუხლები ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე ჩასწორდა: - პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში, ე.წ. გადაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების წესში ე.წ. ჭერი წესდება; პარლამენტის მიერ უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და სახალხო დამცველის არჩევა შესაძლოა ხმათა 3/5-ით მოხდეს; განიხილება პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის დროს, პირველ ტურში, კვალიფიციური უმრავლესობითა და ღია კენჭისყრით არჩევის საკითხი.

მიმდინარე კვირას, რიგგარეშე სხდომის ფორმატში გაგრძელდება საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით განხილვა. ხვალ, 12:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს მუხლობრივად განიხილავენ. ამის შემდეგ პროცესი რიგგარეშე სხდომის ფორმატში გადაინაცვლებს.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციამ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების განხილვას ბოიკოტი გამოუცხადა.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, კონსტიტუციის პროექტი პოლიტიკურად უხარისხო დოკუმენტია.

"საკონსტიტუციო პროექტი რამდენიმე ნიშნით დაამახსოვრდება საზოგადოებას. წარმოდგენილი ცვლილება ხალხს ართმევს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლებას. პროექტი ასევე არის შეცვლილი საწყის ვარიანტთან შედარებით და რვა წლით არის გადადებული ყველა ის პოზიტიური ცვლილება, რაც შეიძლება რაიმე დადებითი ყოფილიყო ამ კონსტიტუციაში. საუბარი მაქვს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. არსებობს სრული ანტიკონსენსუსი წარმოდგენილი დოკუმენტის წინააღმდეგ. ყველა პოლიტიკური პარტია, მთელი არასამთავრობო სექტორი, ყველა მოქმედი დამოუკიდებელი ინსტიტუტი არის წინააღმდეგი წარმოდგენილი ცვლილების. ეს ნიშან-თვისება განსაზღვრავს, თუ რა სახის დოკუმენტთან გვაქვს საქმე და რამდენად ღირს მისი მხარდაჭერა", - განაცხადა ბაქრაძემ.

ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის გაღიზიანება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შენარჩუნებული იქნება შერეული საპარლამენტო საარჩევნო სისტემა. ხოლო პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2024 წლის არჩევნებისთვის მოხდება.

"როგორც ჩანს, კიდევ ერთი არჩევნები ჩატარდება იმ უსამართლო საარჩევნო სისტემით, რომელიც გვაქვს. საყოველთაო შეთანხმების თანახმად, უნდა გაუქმებულიყო შერეული სისტემა და მომხდარიყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. ჩვენ მაქსიმალურად გავაკეთეთ ყველაფერი, როგორც კომისიის ფარგლებში, ასევე მის გარეთაც, რომ ყველა ნაბიჯი გადადგმულიყო ამ მიმართულებით. ამ პირობებში ხელისუფლების ქმედება არის დაუსაბუთებელი და არადემოკრატიული. ფაქტობრივად, ხელისუფლება გვეუბნება, რომ არ აინტერესებს არც საზოგადოების და არც ვენეციის კომისიის დასკვნა", - განაცხადა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა ანა ნაცვლიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო სექტორი კონსტიტუციის დაჩქარებული წესით მიღების შეჩერებას და პროცესში კვალიფიციური ექსპერტების ჩართვას ითხოვდა.

ოპოზიციის ბოიკოტს საპარლამენტო უმრავლესობამ უპასუხა. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, ბოიკოტი ოპოზიციის პოლიტიკური დღის წესრიგია, რითაც ისინი ცდილობენ პროგრესს და პროცესების მიმდინარეობას ჩრდილი მიაყენონ.

"არ არის კარგი, როდესაც ოპოზიცია ბოიკოტს აცხადებს. სამართლებრივად კონსტიტუციის განხილვის ლეგიტიმაციას არანაირი პრობლემა არ აქვს. თუმცა, როდესაც პოლიტიკურ ლეგიტიმაციაზე ვსაუბრობთ, ბოიკოტის ავტორებს აუცილებლად უნდა ვკითხოთ, რომელი საარჩევნო სისტემა ჯობია, 2020 წელს დაანონსებული თუ დღევანდელი , 2024 წელს დაანონსებული თუ ეს ორივე ერთად. ამის შემდეგ ხალხი თავად გადაწყვეტს, ვინ არის მართალი საზოგადოების წინაშე".

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით