"ოცნების" მოყვანილი პრეზიდენტი "ნაცგაერთიანების" კანდიდატად გარდაიქმნა" - კვირის პალიტრა

"ოცნების" მოყვანილი პრეზიდენტი "ნაცგაერთიანების" კანდიდატად გარდაიქმნა"

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან გაკეთებული განცხადება "არანაირ კანონიერებაში არ ჯდება და გონივრულ კრიტიკას გადაცდა".

ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის შეფასებას, რომ "ქართული ოცნების" ყრილობაზე, პარლამენტის სხდომა რომ ერქვა, მიიღეს სრულიად სხვა დოკუმენტი და გვთავაზობენ ვიზეიმოთ გარიგება ოცნების გუნდს შიგნით.

"ასეთი განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არანაირ კანონიერებაში არ ჯდება და გონივრულ კრიტიკას გადაცდა. როცა პრეზიდენტი აცხადებს, რომ პარლამენტს პატივს აღარ სცემს, კონსტიტუციას უგულვებელყოფს ე.ი. არ დაიცავს და ვერ იქნება მისი გარანტორი, ანუ თავის მთავარ ვალდებულებაზე უარს ამბობს. რაღა უნდა ითქვას - ნათელზე ნათელია, რომ შეუდგა პოლიტიკურ ბრძოლას, ამოირჩია მოკავშირეები და მიდის ღია კრიზისისკენ. ან იმედი აქვს გადააყენებენ, ან თვითონ აპირებს გადადგომას და ამით არჩევნების გამოწვევას და კონსტიტუციის გაყინვას. რაც არ უნდა იყოს, ეს ნიშნავს დაძაბულობის გამოწვევას, რის მეშვეობით, ნებსით თუ უნებლიეთ (ამას ვუტოვებ) გარდაიქმნება "ოცნების" მოყვანილი პრეზიდენტიდან ნაცგაერთიანების კანდიდატად. აქ ქვეყნის ინტერესები არ სჩანს არსად. პრეზიდენტი შეიძლება ასეთ ვაბანკზე მიდიოდეს თუ ქვეყნის სუვერენობა, დამოუკიდებლობა ან მთავარი ღირებულებები საფრთხის ქვეშ დგება. ამ მძიმე არტილერიის გამოყენება პირადი პოლიტიკური ამბიციებისთის და ანგარიშსწორებისთვის, ამორალურიცაა და მიუღებელიც", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

"ქართული ოცნების" ყრილობაზე, პარლამენტის სხდომა რომ ერქვა, მიიღეს სრულიად სხვა დოკუმენტი და გვთავაზობენ ვიზეიმოთ გარიგება ოცნების გუნდს შიგნით, - ასე უპასუხა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას კონსტიტუციის ირგვლივ საერთო კონსენსუსთან დაკავშირებით. აბაშიშვილის თქმით, მმართველმა პარტიამ მოატყუა საკონსტიტუციო კომისიის წევრები, ვენეციის კომისია და ქართული საზოგადოება.

"მმართველმა გუნდმა ჩვენ შემოგვთავაზა, რომ გვეზეიმა კონსენსუსი კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით, არა ქართულ საზოგადოებას, არა ფართო პოლიტიკურ სპექტრს შორის, არამედ გვეზეიმა კონსენსუსი ერთი პოლიტიკური პარტიის შიგნით მიღწეულ რაღაც შეთანხმებაზე. ჩვენ საქართველოს პარლამენტის სხდომის ნაცვლად "ქართული ოცნების" ყრილობა ვიხილეთ, სადაც მიიღეს რაღაც დოკუმენტი. იმიტომ, რომ ის დოკუმენტი, რომელიც მიიღო ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ, არ არის ის დოკუმენტი, რომელზეც მუშაობდა თუნდაც ეს საკონსტიტუციო კომისია. ეს არ ის დოკუმენტი, რომელიც ვენეციის კომისიაში გაიგზავნა და არც ის დოკუმენტია, რომელიც საერთო სახალხო განხილვებზე იყო შეთავაზებული. კიდევ ერთხელ მოტყუვდნენ საკონსტიტუციო კომისიის წევრები, მოატყუეს ვენეციის კომისიაც და ქართული საზოგადოებაც. "ქართული ოცნების" ყრილობაზე, პარლამენტის სხდომა რომ ერქვა, მიიღეს სრულიად სხვა დოკუმენტი და გვთავაზობენ ვიზეიმოთ გარიგება ოცნების გუნდს შიგნით", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.