"შუამავლები 5000 აშშ დოლარს იღებენ არალეგალების მიღებასა და მოწყობაზე" - რას ამბობს ისრაელის შს მინისტრი ქართველ არალეგალებზე - კვირის პალიტრა

"შუამავლები 5000 აშშ დოლარს იღებენ არალეგალების მიღებასა და მოწყობაზე" - რას ამბობს ისრაელის შს მინისტრი ქართველ არალეგალებზე

ისრაელში არალეგალურად 79 000 ადამიანი იმყოფება, ძირითადად საქართველოდან და უკრაინიდან, რომლებიც ტურისტებად შემოვიდნენ უვიზო რეჟიმის ფარგლებში და ქვეყნის ტერიტორია არ დაუტოვებიათ, - აღნიშნულის შესახებ ისრაელის შს მინისტრმა არიე დერიმ განაცხადა.

"ინფილტრაცია აფრიკის ქვეყნებიდან სერიოზული პრობლემაა, თუმცა ჩვენ სხვა პრობლემის წინაშე დავდექით, არანაკლებ სერიოზული პრობლემაა ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებიდან არალეგალური მიგრაცია", - განმარტა მინისტრმა.

არიე დერის თქმით, საქართველოდან და უკრაინიდან ჩამოსული ტურისტები ბენ-გურიონის აეროპორტიდან ავტობუსებით მიჰყავთ თელ-ავივში თავშესაფრის შესახებ განცხადებების მიღების ოფისში.

"ამგვარი განცხადების შეტანის შემდეგ შეუძლებელია მათი დეპორტირება, ვიდრე კომისია განაცხადს არ განიხილავს და ოფიციალურ პასუხს არ გასცემს", - განაგრძო მინისტრმა.

მისივე თქმით, ეს პროცესი დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო და შუამავლები 5000 აშშ დოლარს იღებენ არალეგალების მიღებასა და პირველად მოწყობაზე.