უდუმაშვილი თბილისის მერად, მელია - საკრებულოს თავმჯდომარედ - სააკაშვილის ოჯახის წევრები "ნაცმოძრაობის" კანდიდატების წარდგენაზე - კვირის პალიტრა

უდუმაშვილი თბილისის მერად, მელია - საკრებულოს თავმჯდომარედ - სააკაშვილის ოჯახის წევრები "ნაცმოძრაობის" კანდიდატების წარდგენაზე

"ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კი ნიკა მელია წარადგინა. წარდგენასთან დაკავშირებული ღონისძიება მეტეხის ტაძრის ეზოში გაიმართა.

ტაძრის ეზოში საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, ხელოვანები, პოლიტიკოსები, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები შეიკრიბნენ. სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია და ბებია მზია წერეთელი.

ზაალ უდუმაშვილის წარდგენას ასევე დაესწრნენ მომღერალი გიორგი უშიკიშვილი, პროდიუსერი მარინა ბერიძე, კომპოზიტორი მაცაცო სებისკვერაძე, პოეტი კოტე ყუბანეიშვილი, მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი. (წყარო)

"შევდივართ საარჩევნო კამპანიაში და ვიცით, რომ ამ ტაძრის ისტორიული ადგილიდან იწყება ის გამარჯვება, რომელიც ჩვენს სამშობლოს და სახელმწიფოს ასე სჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებს დაუჭერს მხარს.

ჩვენ მტრობით და შურისძიების გრძნობით და სურვილით არ შევდივართ ამ კამპანიაში. სხვისმა შურმა და ღვარძლმა დაგვანახა ჩვენი შეცდომები, სარკეში ჩაგვახედა და გვასწავლა ის, როგორ უნდა წავიდეთ, როგორ უნდა შევიდეთ ბრძოლაში მომავალში და ისიც კარგად გაგვითავისა, რომ დღეს კონფლიქტების რკალით გარშემორტყმულ საქართველოს თავისი მოქალაქეების, თავისი შვილების ერთად დგომა და ერთად მუშაობა სჭირდება ყველაზე მეტად", - განაცხადა წარდგენისას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, გამარჯვების შემთხვევაში ის არ დაუშვებს პარტიული ნიშნით ადამიანების დასაქმებას და სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას.

"თბილისელები დღეს ვართ ძალიან გაბრაზებული, რადგან დედაქალაქი არასდროს ყოფილა ისეთი მიტოვებული, როგორც დღეს. არასდროს ასე უგულვებელყოფილი არ ყოფილა ჩვენი თბილისელების უფლება, როგორც დღეს, იმიტომ რომ არადროს ამდენი პრობლემა და მოუგვარებელი გამოწვევა არ დაგროვილა და არ დარჩენილა უპასუხოდ, როგორც დღეს. დღეს მეც, როგორც თქვენ, ჩემი თანაქალაქელები, ვარ გაბრაზებული და ამიტომაც ჩემი წარმდგენი, პირველ რიგში, თქვენ - გაბრაზებული თბილისელები ხართ. მე ვარ გაბრაზებული თბილისელების მერობის კანდიდატი და მე მინდა გავხდე ჩვენი ქალაქის მერი იმიტომ, რომ თბილისი იყოს ბედნიერი ადამიანების ქალაქი...

შევძლებ დავამარცხო კორუფცია და ნეპოტიზმი ქალაქის მმართველობაში, არც ერთი მექრთამე და ნათესავი აღარ გადაწყვეტს ჩვენს ბედს. დასრულდება ჩინოვნიკების გამდიდრება თბილისელების ხარჯზე. კორუმპირებული მოსამართლეები და პროკურორები აღარ დაჯილდოვდებიან ქალაქის მიწებით", - განაცხადა უდუმაშვილმა.

საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატობასთან დაკავშირებით, ნიკა მელია პარლამენტის წევრობის მანდატს ტოვებს.

"მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პარლამენტი და ამ ქალაქის და ამ ქვეყნის გადასარჩენად და "ქართული ოცნების" დასამარცხებლად ვიბრძოლო თბილისის საკრებულოდან...

დღეს თქვენს წინაშე ვაცხადებ ჩემი და ჩემი მეგობრების, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების წინაშე, რომ კენჭი ვიყარო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის პოსტზე და აქედან შევუტიო ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმს, ოლიგარქიულ წესწყობილებას", - განაცხადა ნიკა მელიამ.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით