"ხელისუფლება, ერთი მხრივ, გაურიგდა "კოლექტიურ მურუსიძეს", მეორე მხრივ კი - "კოლექტიურ ოქრიაშვილს" - საერთაშორისო სკანდალში გახვეული საქართველო" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლება, ერთი მხრივ, გაურიგდა "კოლექტიურ მურუსიძეს", მეორე მხრივ კი - "კოლექტიურ ოქრიაშვილს" - საერთაშორისო სკანდალში გახვეული საქართველო"

"იმედგაცრუებული ვარ", "ყოველ საათში კიდევ უფრო იმედგაცრუებული ვხდები", "საკონსტიტუციო პროცესი ბლოკირებულია" - ასეთი შეფასებებით ასრულებდა ბათუმში მყოფი ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო მმართველ გუნდთან, პრეზიდენტთან, ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრებს…

რა გავლენას მოახდენს ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ვიზიტი საკონსტიტუციო ცვლილებებზე და ვინ არის პასუხისმგებელი, რომ საკონსტიტუციო პროექტზე კითხვის ნიშნები არა მხოლოდ ქვეყანაში, მის ფარგლებს გარეთაც საერთაშორისო ორგანიზაციებს უჩნდებათ, - ამ საკითხებს არაერთი სტატია მიუძღვნა გაზეთმა „კვირის პალიტრამ" გთავაზობთ ამონრიდებს:

ვახტანგ ძაბირაძე, კონსტიტუციონალისტი:

- ხელისუფლების ტყუილს აუცილებლად მოჰყვება საერთაშორისო რეაგირება - რისთვის შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია, რა მიზანი ჰქონდა სახალხო განხილვებს და ვენეციის კომისიაში პროექტის გადაგზავნას, თუ მათ მიერვე შემუშავებულ ცვლილებებს ერთ დღეში თავადვე შეცვლიდნენ. გამოვიდა, რომ მმართველმა გუნდმა არა მხოლოდ მოსახლეობა, საერთაშორისო ორგანიზაციებიც მოატყუა - ვენეციის კომისია აბსოლუტურად სხვა პროექტზე ამუშავეს და რეკომენდაციებიც დააწერინეს და სულ სხვა პროექტს უყარეს კენჭი. სწორედ ამან გადარია ბუკიკიო.

...

ის, რომ მაჟორიტარები დღეს მთელ გუნდს დღის წესრიგს კარნახობენ და რეფორმის ჩაგდებით ემუქრებიან, "ქართულ ოცნებას" ძვირად დაუჯდება.

ყველამ კარგად იცის, რა ფენომენად იქცნენ ქართულ პოლიტიკაში მაჟორიტარები - მათი დიდი ნაწილი ბიზნესიდან მოდის და დეპუტატობის მიუხედავად, ფარულად საკუთარ ბიზნესს ლობირებს. ისინი უამრავი პრივილეგიით სარგებლობენ. ბევრი მათგანი თავიანთ რაიონებს ისე უყურებს, როგორც სათავადოებს. მაჟორიტარების ფეოდალური მენტალიტეტის შესახებ ხელისუფლებაშიც კარგად იციან, უბრალოდ, მათ "მწვანე" აუნთეს, რადგან ეგონათ, საჭიროების შემთხვევაში სათავისოდ გამოიყენებდნენ. საბოლოოდ კი მთლიანად გუნდი აღმოჩნდა მათი შანტაჟის მსხვერპლი. განა არ იციან შესაბამისმა პირებმა, რომ მაჟორიტარების გარეშე კონკრეტულ რეგიონში ბიზნესსაქმიანობა შეუძლებელია და ნებისმიერი პროექტიდან 10%-იანი ფინანსური შემოსავალი პირდაპირ მათ ჯიბეში მიდის?

ან იქნებ ისიც გვითხრან, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტიდანაც მაჟორიტარები ფულს არ იპარავენ? ყველამ ყველაფერი იცის, თქმას და მოქმედებას ვერავინ ბედავს.

ხელისუფლებას მაჟორიტარების ეშინია, რადგან სუსტი მმართველი ძალა გვყავს. მაჟორიტარები კი ამ სისუსტეს სათავისოდ იყენებენ და ქმნიან განწყობას, რომ რეგიონებში ვითარების "არევის" რესურსი აქვთ და ამას შანტაჟისთვის იყენებენ. გვინდა ამ კასტის კიდევ 7 წლით შენარჩუნება?! (იხილეთ სრულად)

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

- პარლამენტში მეტისმეტად ტრაგიკომიკური ვითარებაა შექმნილი. სასაცილოა, როდესაც აცხადებენ, რომ თურმე მაჟორიტარებმა რაღაც დამაჯერებელი არგუმენტები მოიყვანეს... მაჟორიტარებმა ეს არგუმენტები გამოაქვეყნეს და საინტერესოა, სად ნახეს ეს დამაჯერებლობა, თავი რომ დავანებოთ იმას, ვინ არიან თვითონ... ეს ხომ ძირითადად ის ხალხია, ვინც სააკაშვილის ცხრაწლიანი მმართველობისასაც მაჟორიტარები იყვნენ, სააკაშვილს ყველა უბედურებაზე ხელს უწერდნენ და "ნაციონალთა" განუკითხაობას პულტებით "აპრავებდნენ"... ეს ისევ ის ოქრიაშვილია, კი არ გამოცვლილა ეს ადამიანი! ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ მიშა სააკაშვილის დროს ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ და მორჩილად აკეთებდნენ ყველაფერს, რასაც ავალებდნენ... მათ ეუბნებოდნენ, იყავით პარლამენტში თქვენთვის და როცა გეტყვით, პულტს დააჭირეთ ხელი, თუ გინდათ, რომ"ბოსტანი" არ გადაგიბუგოთო. დღეს ამ ხალხმა იგრძნო ხელისუფლების სისუსტე და, ფაქტობრივად, მათი მძევალი გახდა "ქართული ოცნება". უკვე ისინი კარნახობენ თამაშის წესებს! ხომ ხედავთ, საჯარო განცხადებაც კი გამოაქვეყნეს და თავდაყირა არგუმენტებით აგვიხსნეს, რატომ არის საჭირო 2024 წლამდე ამ სისტემის შენარჩუნება. ამას ასაბუთებენ იმით, რომ თურმე ქვეყანაში პარტიული ინფრასტრუქტურა არ არის განვითარებული. პარტიული ინფრასტრუქტურა სწორედ იმიტომ არ არის განვითარებული, რომ ასეთ წურბელა მაჟორიტარებს მიაქვთ პარლამენტის ნახევარი და ასეთ ვითარებაში არც არასდროს განვითარდება...

ამ ტიპის მაჟორიტარების ერთადერთი ამოცანა პარლამენტიდან საკუთარი კეთილდღეობის დაცვაა.

და ვიდრე ისინი ამ ქვეყნის პოლიტიკური მომავლის პარაზიტები იქნებიან, მანამდე სახელისუფლებო ძალას ყოველთვის ექნება ყველა არჩევნებში გამარჯვების შანსი.

დღეს ხელისუფლება, ერთი მხრივ, გაურიგდა "კოლექტიურ მურუსიძეს", მეორე მხრივ კი - "კოლექტიურ ოქრიაშვილს". ამით, ფაქტობრივად, "ქართული ოცნების" მძევლად აყვანის პროცესი დასრულდა. დღეს "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ქმნიდა ამ გარყვნილ სისტემას და "ქართული ოცნება" მედლის ორი მხარეა. ამ კონსტიტუციურმა პროცესმა სწორედ ეს აჩვენა.

იხილეთ გაზეთ „კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად.