"იმდენი კენჭი, რაც ჩემკენ წამოვიდა, არა მგონია, უგულავასკენ ესროლოს ოპოზიციას" - კვირის პალიტრა

"იმდენი კენჭი, რაც ჩემკენ წამოვიდა, არა მგონია, უგულავასკენ ესროლოს ოპოზიციას"

"სააკაშვილიდღეს მხოლოდ ოპოზიციის შეცდომებსა და უსუსურობაზე დგას"

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ განაცხადა, - ოპოზიციიდან სააკაშვილმა ზოგი მოისყიდა, ზოგი მოატყუა, ზოგიც - შეაშინაო. რომელი ოპოზიციური ძალები იგულისხმა, რატომ ჩადის მოსკოვში კრიტიკის მიუხედავად და როგორ წარმოუდგენია სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლა, ამ კითხვებზე საპასუხოდ ნინო ბურჯანაძეს უკრაინაში დავუკავშირდით.

- მოსკოვში ჩასვლის მიზანი იყო პატივი მიმეგო იმ ადამიანებისათვის, ვინც ფაშიზმთან ბრძოლას შესწირა თავი. მეორე მსოფლიო ომში საქართველოს მოსახლეობის 15% დაიღუპა. მიმაჩნია, რომ ფაშიზმზე გამარჯვების 65-ე წლისთავზე, რომელსაც მთელი მსოფლიო აღნიშნავდა, საქართველოც უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი.

სამწუხაროა, რომ ხელისუფლების ისტერიას ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელიც აჰყვა.

- ოპოზიციაზე თქვით, ბევრი რამის თქმა შემიძლია, გაცილებით მეტის, ვიდრე მათ ჩემზეო.

- მე განვაცხადე, ყველა ქმედებისა და ფაქტის შეფასება შემიძლია, მაგრამ ამას არ ვაკეთებ-მეთქი. ეს რომ კომპრომატების ომს არ ნიშნავს, პოლიტიკოსები უნდა ხვდებოდნენ. ჩემი მიზანი ხელისუფლების შეცვლაა და ამიტომ ვიკავებ თავს ოპოზიციის გაკრიტიკებისაგან. როდესაც  ვადამდე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება, მერე ვაკრიტიკოთ და დავუსვათ კითხვები ერთმანეთს, მანამდე კი ჯობს, ერთმანეთი არ დავასუსტოთ.

არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთი ნაწილი, რომელმაც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა, სააკაშვილმა მოატყუა, ზოგი - შეაშინა და ზოგი - მოისყიდა. ზოგი იმასაც კი ამბობს, მოსახლეობის დაკვეთა შევასრულეთო, მაშინ, როდესაც  მოსახლეობამ სააკაშვილის ხელისუფლების მოშორება შეგვიკვეთა და ამის გამო ასიათასობით კაცი იდგა ქუჩაში. მათი მოთხოვნა ვადამდე ადგილობრივი არჩევნები არ ყოფილა.

თუ ხალხს ეს უნდოდა, მოგვეთხოვა უგულავას გადადგომა და სააკაშვილი არათუ გადააყენებდა, დაიჭერდა კიდეც. ვადამდე ადგილობრივ არჩევნებზე დათანხმებით ოპოზიციამ სააკაშვილს ხელისუფლებაში ყოფნის კიდევ 1 წელი აჩუქა. სააკაშვილი დღეს მხოლოდ ოპოზიციის შეცდომებსა და უსუსურობაზე დგას. იმდენი კენჭი, რაც ჩემკენ და "დემოკრატიული მოძრაობისკენ" წამოვიდა, არა მგონია, უგულავასკენ ესროლოს ოპოზიციას.

- ხშირად ახსენებთ ვადამდე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს, მაგრამ როგორ მიაღწევთ ამას, როდესაც 6 მაისს ხალხი არ გამოვიდა?

- 10 კაციც რომ გამოვიდეს, პოლიტიკოსმა მათთან ერთად უნდა დაიწყოს ბრძოლა და 10 კაცი 100 ათასი გახდება. ვადამდე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების მიღწევა სავსებით შესაძლებელია, რადგან მსოფლიოშია ვითარება შეცვლილი. როდესაც "პაკლონნაია გორაზე" იხსნება ომში დაღუპული ქართველი მეომრების მემორიალი და საქართველოს დროშა  ყვავილებით არის გამოსახული, ეს არის გზავნილი საქართველოს მოსახლეობისთვის, რომ რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობის დარეგულირება უნდა. როდესაც პუტინი აცხადებს, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე უნდა განვითარდესო, ეს არ არის შემთხვევითი. პუტინს საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობა უპირველესად რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა.

მსოფლიოში რადიკალურად არის შეცვლილი დამოკიდებულება რუსეთისა და საქართველოს, კერძოდ კი საქართველოს პრეზიდენტისადმი, მას მთელი მსოფლიო მასხრად იგდებს. როგორ შეიძლება ნორმალურმა საზოგადოებამ არანორმალური პრეზიდენტი აიტანოს? ეს რეჟიმი უნდა შეიცვალოს ყველა ცივილიზებული მეთოდის გამოყენებით.

- ფიქრობთ, რომ სააკაშვილი ცივილიზებული მეთოდების გამოყენების შედეგად წავა?

- ისე წავა, მზე მაღლა იქნება. მჯერა, 30 მაისის არჩევნები ბევრ რამეზე ჩააფიქრებს საზოგადოების დიდ ნაწილს. ძალიან მნიშვნელოვანია წარმომადგენლობითი სახალხო კრების ჩატარება, სადაც მთელი ქართველი ხალხის ნება იქნება გამოხატული. მჯერა, ეს ხალხი იტყვის, რომ სააკაშვილი უნდა წავიდეს. როდესაც ქუჩაში გამოვა ძალიან ბევრი მოქალაქე და გაიმართება თანამიმდევრული ბრძოლა, სააკაშვილს ნამდვილად მოუწევს ხელისუფლებიდან წასვლა.

- რამდენადაც ვიცი, მამისონის უღელტეხილის თაობაზე ინფორმაცია გაქვთ. ქართული და რუსული მედიასაშუალებები განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ. რა მდგომარეობაა იქ?

- ნახეთ, რამდენად ცინიკურია ხელისუფლება, რომელიც ერთი თვის წინ ამბობდა, მამისონზე ყველაფერი წესრიგშია და რუსული დროშა იქ არ ფრიალებსო. ამის მერე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს წამოსცდა, რომ თურმე ფრიალებს. მერე ესეც უარყვეს. მიკვირს, რომ ამ ფაქტს საზოგადოება შემწყნარებლურად უყურებს. მამისონზე რომ იმდენი ელაპარაკათ, რაც  ჩემს აგარაკზე, იქნებ არც მამისონი დაგვეკარგა და არც კოდორი.

იქნებ ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის გეკითხათ, რას ემსახურებოდა მამისონზე ხიდის აფეთქება და მერე მისი რესტავრაცია? მოვა დრო, როდესაც ამ ყველაფერზე ობიექტური გამოძიება ჩატარდება და ვინ არის მოღალატე, გამოჩნდება. ვინ ჩააბარა საქართველოს ტერიტორიები? ვინ ხუჭავს თვალებს იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიები აკლდება? ვინ არ იღებს ამის გამო ხმას, იმიტომ, რომ ხალხი არ გადაირიოს და ხელისუფლებას საფრთხე არ დაემუქროს?  - ეს ძალიან მალე გამოჩნდება.

- თქვენს განცხადებებში ერთგვარი წინააღმდეგობაა, თუ რუსეთი საქართველოსადმი კეთილგანწყობილია, მამისონზე რაღა უნდა?

- ჩვენმა პრეზიდენტმა აჩუქა ეს ტერიტორიები და რა ვალდებულია პუტინი, ნაჩუქარი უკანვე დაგვიბრუნოს? ჩვენ პოლიტიკა ისე უნდა წარვმართოთ, რომ საქართველოს ინტერესები დავიცვათ. რომ ვიხსენებ ომის პერიოდს, ვფიქრობ, რომ გორის ცენტრი ჩვენების  დაბომბილია. რატომ გვგონია, რომ რუსეთის ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის ინტერესებს დაივიწყებს და საქართველოზე ფიქრით დაიძინებს და გაიღვიძებს? სპორტულ შეჯიბრებაშიც კი იმას ცდილობს გუნდი, რომ მოწინააღმდეგის სუსტი მხარეები გამოიყენოს და რატომ ვთხოვთ რუსეთს იმაზე იფიქროს, როგორ გააძლიეროს სააკაშვილის ხელისუფლება და თავისი ქვეყანა დაასუსტოს? ცხადია, შეეცდება, უუნარო პრეზიდენტის მმართველობის დროს მეტი კოზირი ჩაიგდოს ხელთ, მაგრამ რუსეთის ხელისუფლებამ კარგად იცის, რამდენად დიდია საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა და უნდა ჩვენთან ურთიერთობის აღდგენა. ეს კეთილგანწყობა უნდა გამოვიყენოთ და რუსეთს არ მოვთხოვოთ საქართველოზე ზრუნვა მაშინ, როდესაც ჩვენი პრეზიდენტი 3-3 კვირით დადის დასასვენებლად. სინამდვილეში საქართველოს პრეზიდენტი ვანოა.

- რატომ გადააბარა სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილს პრეზიდენტობა, თვითონ აღარ უნდა?

- შესაძლოა, სააკაშვილს ბევრი რამ უნდა, მაგრამ ასეთია ვითარება. ამას არაერთი ფაქტორი განაპირობებს, მაგრამ ამაზე დეტალურად ჯერ ამ მინდა ლაპარაკი.