სალომე ზურაბიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა - რა საკითხები განიხილეს ორი ქვეყნის პირველმა პირებმა? - კვირის პალიტრა

სალომე ზურაბიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა - რა საკითხები განიხილეს ორი ქვეყნის პირველმა პირებმა?

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია. პრეზიდენტის სასახლეში "ზაგულბა" სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ერთად, პატივი მიაგო აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშას და აზერბაიჯანულ ენაზე მიესალმა საპატიო ყარაულს. შესრულდა საქრთველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფო ჰიმნები.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სალომე ზურაბიშვილი არჩევნებიდან მოკლე ხანში ჩავიდა აზერბაიჯანში, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ილჰამ ალიევის თქმით, ორი ქვეყნის ურთიერთობებს აზერბაიჯანისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

"ჩვენი მოლაპარაკებები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენს ურთიერთობებს კარგი მომავალი გააჩნია. ჩვენი ხალხები საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთს გვერდით ედგნენ და ყოველთვის მეგობრულ, ძმურ ატმოსფეროში ცხოვრობდნენ. ეს ურთიერთობები ჩვენი სახელმწიფოებისთვის დღესაც მეტად მნიშვნელოვანია. ამ ძლიერ ფუნდამენტზე დამყარებულ ურთიერთობებზე ჩვენ ვაგებთ ახალ ურთიერთობებს და ვთანმამშრომლობთ ყველა სფეროში. ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობები მაღალ დონეზეა, რეგულარულად ტარდება მაღალი დონის შეხვედრები, კონსულტაციები. საქართველო და აზერბაიჯანი ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში სოლიდარობას უცხადებენ და მხარს უჭერენ ერთმანეთს", - განაცხადა ალიევმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველომ და აზერბაიჯანმა ბოლო საუკუნეების განმავლობაში ერთად გაიარეს როგორც წარმატებული პროცესები, ისე ტრაგედიები.

"ვისაუბრეთ ყველა დარგზე და ყველა მიმართულებაზე, რაც ჩვენს ორ ქვეყანას აერთიანებს, ჩვენ ერთად გვაქვს გავლილი ისტორიული გზა, რომელმაც დაგვაახლოვა. ჩვენ გეოგრაფიულად ვართ ახლო მეზობლები და ისტორიამ კიდევ დაგვაახლოვა. ბოლო საუკუნეების მანძილზე ერთად გავიარეთ წარმატებები, ტრაგედიები, ვიცით, რას ნიშნავს სახელმწიფოს მშენებლობა, რას მოითხოვს სახელმწიფოს მშენებლობა. ესეც გვაერთიანებს, რომ ეს განსაცდელი ერთად გავიარეთ და ვიცით, რა ფასი აქვს, იმას, რომ მაინც წინსვლა, სახელმწიფოს მშენებლობა, ეკონომიკის, კულტურისა და იდენტობის განვითარება გააგრძელო და ჩვენ ამ ყველაფერში ძალიან დიდ სიახლოვეს ვგრძნობთ. ისიც გავიზიარეთ, რომ გასულ საუკუნეში და ამ საუკუნის დასაწყისში მართლაც, შევძელით, რომ ძალიან მასშტაბური პროექტები განგვეხორციელებინა და ეს არის ის შარმი, რითიც ჩვენ მსოფლიოში შევდივართ. ენერგეტიკაში ვაჩვენეთ, რომ ეს რეგიონი არის ცენტრალური, არის კორიდორი, რომლითაც შეიძლება გაიარო, არის სტაბილური, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და შეიძლება ამ რეგიონში სერიოზული ინვესტიციები სწორედ ამიტომ ჩაიდოს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია აზერბაიჯანთან, როგორც მეზობელ სახელმწიფოსთან, სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელება და განვითარება, პოლიტიკურ-ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებასთან ერთად, პრიორიტეტული იქნება ასევე კულტურული ურთიერთობების განვითარებაც.

აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ქართველ სტუდენტებთან, წარმატებული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან და დიასპორასთან.

საქართველოს პრეზიდენტი ასევე ეწვევა აზერბაიჯანის რამდენიმე მუნიციპალიტეტს, კახს, ზაქათალას და ბელაქანს, სადაც ეთნიკური ქართველი აზერბაიჯანის მოქალაქეები ცხოვრობენ.

იხილეთ ასევე: პრეზიდენტის "ტრიუმფალური ვიზიტი" - როგორ გამოიყურებოდა სალომე ზურაბიშვილი მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრებზე

"ინტერპრესნიუსი"