იური ღვინჯილია: "არც აკაკი შანიძეს ვიცნობდი, არც ილია ჭავჭავაძეს და არც კონსტანტინე გამსახურდიას, მაგრამ ის ვიცი, რომ უფლება მაქვს მივიღო ინფორმაცია მეგრულ ენაზე" - კვირის პალიტრა

იური ღვინჯილია: "არც აკაკი შანიძეს ვიცნობდი, არც ილია ჭავჭავაძეს და არც კონსტანტინე გამსახურდიას, მაგრამ ის ვიცი, რომ უფლება მაქვს მივიღო ინფორმაცია მეგრულ ენაზე"

საქართველოში ერთი ცუდი ტრადიცია დამკვიდრდა: ყველა თავს უფლებას აძლევს, ქართველი ერის სახელით ილაპარაკოს. ხშირად ქართველი ხალხი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ მავანნი ქვეყნისთვის დამღუპველ გადაწყვეტილებებს იღებენ. მაგალითად, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, რომ ხელს მოაწერს ევროპულ ქარტიას რეგიონული და უმცირესობათა ენების შესახებ.

ქარტიაში ვკითხულობთ, რომ მასზე ხელმომწერი სახელმწიფოები ვალდებული არიან ყოველმხრივ ხელი შეუწყონ და წაახალისონ რეგიონული ან უმცირესობათა ენების გამოყენება. სახელმწიფომ ეროვნული პოლიტიკის შემუშავებისას მხედველობაში უნდა მიიღოს რეგიონულ ან უმცირესობათა ენებზე მოლაპარაკე ჯგუფების საჭიროებანი და სურვილები. უნდა უზრუნველყოს, რომ სასამართლოებმა (მხარის მოთხოვნით) საქმის წარმოება რეგიონულ ან უმცირესობათა ენებზეც წარმართონ(!).

ერთი სიტყვით, ქარტია გვავალებს, ქართულ ენასთან ერთად სხვა სახელმწიფო ენებიც გვქონდეს.

ქარტიის სიკეთეზე ევროსაბჭოს ტრენერები კონფერენციას კონფერენციაზე აწყობენ და გვიმტკიცებენ, რომ ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა წინგადადგმული ნაბიჯი და ქვეყნის სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის ხელის შეწყობაა(?!).

რამდენიმე თვის წინ სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა სომხური ენისთვის რეგიონული სტატუსის მინიჭება მოსთხოვა საქართველოს ხელისუფლებას, ცოტა ხნის წინ კი სამეგრელოში გამოჩნდა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სვანური და მეგრული ენების რეგიონულ ენებად გამოცხადებას მოითხოვს.

ორიოდ კვირის წინ ევროსაბჭოს ექსპერტებმა კიდევ ერთი კონფერენცია გამართეს საქართველოში და ხელისუფლებას მეტად საინტერესო რეკომენდაციებიც წარუდგინეს. კონფერენციაზე მომხსენებლები იყვნენ ევროსაბჭოს ექსპერტები: ჰორნი, უითლი და ვიხერკევიჩი. ამ უკანასკნელისა და მისი ქართველი თანაავტორების რეკომენდაციების თანახმად, "ენის ქარტიის" დებულებები სომხურ, აზერბაიჯანულ, რუსულ, ბერძნულ, ებრაულ, იეზიდურ, უკრაინულ, ჩეჩნურ, ქისტურ, ასირიულ, ავარიულ, მეგრულ-ლაზურ და სვანურ ენებზე უნდა გავრცელდეს.

ბუნებრივია, როცა ენის სტატუსზეა მსჯელობა, ამ საკითხის გამიჯვნა სახელმწიფოებრიობისაგან წარმოუდგენელია. ეს ქარტიაში მითითებული არ არის, სამაგიეროდ  ოსლოს რეკომენდაციებში, რაც მიბმულია ქარტიასთან, ვკითხულობთ, რომ კოპენჰაგენის დოკუმენტის 35-ე პუნქტი მოითხოვს ისეთი გარემოს შექმნას, რაც ხელს შეუწყობს ეროვნულ უმცირესობებს, მონაწილეობა მიიღონ საჯარო საქმეებში თავიანთ ენაზე, რაც შეიძლება გაკეთდეს ადგილობრივი ან ავტონომიური მმართველობის შექმნის გზითა და უმცირესობების ისტორიულ და ტერიტორიულ მდგომარეობასთან შესაბამისობით(!)". აშკარაა, რომ ეს რეკომენდაცია რეგიონისთვის ავტონომიის მინიჭებას ითვალისწინებს!

ამ მხრივ ბოლო დროს დიდი აქტიურობა შეიმჩნევა. ორგანიზაცია "ჯავახქის" წევრები მოსკოვიდან სისტემატურად მიმართავენ ევროსაბჭოს, მოახდინოს ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა ოფიციალურმა თბილისმა სასწრაფოდ მოაწეროს ხელი ქარტიას და სომხური რეგიონულ ენად გამოცხადდეს.

სამწუხაროდ, ეს არ არის ერთადერთი პრობლემა. ჩვენ დავუკავშირდით სამეგრელოში არსებული გაურკვეველი წარმოშობის განათლების ცენტრ "კოლხიდის"  ხელმძღვანელ იური ღვინჯილიას, რომელმაც სამეგრელოში უკვე გამოსცა მეგრულ ენაზე გაზეთი "შურობუმუ", რაც "უთქმელს" ნიშნავს.

- მეგრული და სვანური ენებისთვის რეგიონული ენების სტატუსის მინიჭება ერთადერთი გამოსავალია  საქართველოში მშვიდობის და სტაბილურობის დამყარებისათვის.

- ?!

- ლაპარაკია სახელმწიფოს ვალდებულებაზე, რომ უზრუნველყოს ამ ენების შენარჩუნება-განვითარება, რადგან ამ ენებს საფრთხე ემუქრება.

- საფრთხე საიდან ემუქრება?

- ქართული შოვინიზმისაგან(?!).

- ქართული შოვინიზმი რაში გამოიხატება?

- ქართულ სახელმწიფოში შეუძლებელია მეგრელთა თვითმყოფადობის, ანუ ენის შენარჩუნება.

- უკაცრავად, თავს ქართველად არ მიიჩნევთ?

- ეს რა შუაშია ამ საკითხთან? ჩვენ ვლაპარაკობთ ენაზე და არა ეთნიკურ წარმომავლობაზე, ეს სხვადასხვა თემაა.

- ეს საკითხები ხომ პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან?

- ცდებით, მათ თქვენ აკავშირებთ ერთმანეთთან.

- მეგრელები ქართველები არ არიან?

- მეგრელები არიან კოლხები და არა გურჯები.

- სამეგრელოს დამოუკიდებლობაც ხომ არ გნებავთ?

- არა, დამოუკიდებლობა არ მინდა. საქართველო ფედერაციად უნდა გადაკეთდეს, სადაც ყველა რეგიონი  თანასწორუფლებიანი იქნება. თუ მოქალაქე მიმართავს სახელმწიფო სტრუქტურას, მან დოკუმენტი უნდა მიიღოს იმ ენაზე, რომელზედაც ის ლაპარაკობს. გეკითხებით, როგორც მოქალაქეს, მაქვს თუ არა უფლება მივიღო ინფორმაცია მეგრულ ენაზე მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით?

- საქართველოში სახელმწიფო ენა ქართულია და ყველა მოქალაქე ვალდებულია იცოდეს ქართული.

- მე არაფრის ვალდებული არა ვარ. მეგრულ ენას არ გააჩნია სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო არ აღიარებს ამ ენის არსებობას. მეგრულ ენაზე არც გადაცემებია, არც გაზეთი გამოდის.

- ჩემი კათედრის გამგე კორნელი დანელია, რომელიც თავად მეგრელი იყო, მთელი ხუთი წელი იმას მასწავლიდა, რომ სვანური, მეგრული და ქართული ერთმანეთთან მჭიდროდ გადაჯაჭვული, ერთი ძირის მქონე ენებია.

- თქვენ საბჭოურ მემკვიდრეობაზე ლაპარაკობთ, ჩვენ ახლა თავისუფალ სახელმწიფოში ვცხოვრობთ.

- არნოლდ ჩიქობავას, აკაკი შანიძის, ივანე ჯავახიშვილის მეცნიერული ნაშრომებიც საბჭოური მემკვიდრეობაა?

- არც აკაკი შანიძეს ვიცნობდი, არც ილია ჭავჭავაძეს და არც კონსტანტინე გამსახურდიას, მაგრამ ის ვიცი, რომ უფლება მაქვს მივიღო ინფორმაცია მეგრულ ენაზე. მოვითხოვ ქართულმა სახელმწიფომ აღიაროს ეს უფლება.

სოსო სიგუა, ფილოლოგი, პროფესორი: - ფაქტია, რუსული აგენტურა კარგად მუშაობს. არავინ დაობს, რომ ლაზური, მეგრული, სვანური და ქართული ისტორიულად ერთი ენა იყო და დღემდე ქართველურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება. ათი წლის წინ ამ საკითხზე მუშაობდა რუსეთში მოღვაწე ეგრეთ წოდებული პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია. ჭაჭიამ შექმნა საზოგადოებები, ჩაატარა არაერთი კონფერენცია, მაგრამ რუსებმა მაშინ ამ საკითხის სათავისოდ გამოყენება ვერ მოახერხეს.

ეტყობა, ახლა ახალი ტალღა აგორდა. XIX საუკუნის 90-იან წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის ცნობილმა ლინგვისტმა ალექსანდრე ცაგარელმა რუსულ ენაზე მეგრული ეტიუდები გამოაქვეყნა, სადაც "დაასაბუთა" , რომ მეგრული, ენათმეცნიერული თვალსაზრისით, ენაა. ეს ძალზე მოეწონა რუსეთის ოფიციოზს - მეგრული ენა ყოფილა, ამიტომ ბიბლია უნდა ითარგმნოს მეგრულად და მღვდელმსახურებაც უნდა აღევლინოსო. ეს იმთავითვე ქართული ცნობიერების დაშლისაკენ მიმართული მოვლენა იყო. რუსეთს ხელს აძლევდა სვანური, მეგრული და ქართული ენების დაცალკევება, რათა ადვილად გაენადგურებინა ქართული სახელმწიფოებრიობა.

ენის საკითხი ძალზე მნიშვნელოვანია და პირდაპირ კავშირშია სახელმწიფოებრიობასთან. ეს რუსულმა სპეცსამსახურებმა ძალზე კარგად იციან. იბერიულ-კავკასიური ენების ყველაზე დიდი სპეციალისტი არნოლდ ჩიქობავა ამტკიცებდა, რომ ჩვენ  მესოპოტამიური, წინააზიური კულტურის მემკვიდრეები ვართ, რომ ჩრდილო კავკასიაც ჩვენი ნაწილია. გენეტიკურად ეს მართლაც ასეა, მაგრამ ეს რუსებს არ მოსწონთ და არ უშვებდნენ მეცნიერულ დონეზე ამ თეორიის დამტკიცებას.

ისინი უარყოფდნენ ჩვენს ნათესაობას წინა აზიის მკვდარ ენებთან (შუმერული, ხეთური და სხვ.). იცით, რატომ? საქართველო უნდა ყოფილიყო იზოლირებული როგორც წინა აზიისაგან, ასევე კავკასიისაგან. რუსეთს აშინებდა, ქართული ელემენტი არ გამხდარიყო კავკასიაში წამყვანი, მაგრამ ქართული, მეგრული, სვანური და ლაზური ენები რომ ერთიანია, ამის უარყოფა ვერ შეძლეს.

ერეკლე საღლიანი, პოეტი: - ერთხელ ვიღაც უწიგნურმა მკითხა, თქვენ სვანი ხართ თუU ქართველიო? ვუთხარი, მე ჩემი სვანობით ვარ ქართველი-მეთქი!

ჩემდა საბედნიეროდ, ვიცნობდი ერთ ბრძენ კაცს - მიხეილ აფრასიძეს. ცხონებული ამბობდა, ენის განვითარება, სალიტერატურო ენის შექმნა ხვეწს ენას, ხდის მოქნილს, მაგრამ გარკვეულწილად ამღვრევს მის სათავესო. ჩვენ კი უბედნიერესი ხალხი ვართ, რადგან გვაქვს ფუძე სალიტერატურო ქართული, ამავე დროს აუმღვრეველი სათავეები მეგრული და სვანური ენების სახითო.  რა გამოდის, რაც უფალმა მოგვცა, მივადექით და  ვანგრევთ?

ერთი მეგობარი მიმტკიცებდა, სვანური და ქართული სულ არ ჰგავს ერთმანეთს, აბა, მითხარი, როგორ არის კაცი სვანურადო. მარე-მეთქი. მერე სად მარე და სად კაციო? საქმე ისაა, რომ კაცს უამრავი სინონიმი აქვს. მამრი და მარე არ ჰგვანან ერთმანეთს? ან ქმარი და მარე? ბოლოს და ბოლოს, სამარე რაღაა კაცო?.. მაინცდამაინც სიტყვა სიტყვაში კი არ უნდა ეძებო, ცოტა გვერდითაც უნდა გაიხედო. როცა გინდა, გაზეთი გამოსცე და ამით "გადაარჩინო"  კოლხური ენები "ქართული შოვინიზმისგან", ცალკე ქართულ ენას სპობ, ცალკე მეგრულს და ცალკე სვანურს. სვანებს შეგვწევს იმის ძალა, ამისთანა ავანტიურისტებს თვითონ მივხედოთ, დარწმუნებული ვარ, მეგრელებიც მიხედავენ მაგ საქმეს ღირსეულად.

სამეგრელოში იყო ერთი კაცი, გვარად აშორდია, ხმლით დაასილაქა კონსტანტინე გამსახურდიამ, სწორედ იმიტომ, რომ მეგრულ ენაზე გამოსცა გაზეთი. ახლა ამ სიტყვების მთქმელი, დავიჯერო, კონსტანტინე გამსახურდიაზე დიდი კოლხია?!

ევროპის ქვეყნებს კი ვეტყოდი, ყველამ თავის ... მამიდას მოუაროს.

მამუკა არეშიძე, ექსპერტი: - ქარტიაზე ხელმოწერის ვალდებულება მიხეილ სააკაშვილმა აიღო მაშინ, როცა ის  ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში  ვიცე-სპიკერი გახლდათ. სხვათა შორის, ქარტია საფრანგეთმა და გერმანიამ არ მიიღეს. ვფიქრობ, ჩვენს დელეგაციას კარგად არც კი ჰქონდა გააზრებული, რას აწერდა ხელს. დაახლოებით იგივე მოხდა, რაც ვენის კონვენციის ხელმოწერისას, როცა საქართველო დათანხმდა მესხეთელი თურქების ჩამოსახლებას.

ქარტიაზე ხელის მოწერა არაფრით არ შეიძლებოდა და თუ მაინცდამაინც გვაიძულებდა  ევროპა, მაშინ  ეს საზოგადოების მსჯელობის საგანი უნდა გამხდარიყო. ახლა კი რა გამოდის? ერთი მხრივ, ვალდებულება გვაქვს აღებული მის მიღებაზე, მეორე მხრივ კი ეს არაფრით არ შეიძლება, რადგან დაახლოებით იგივე დაგვემართება, რაც დაღესტანს, სადაც ყველა სოფელს თავისი ენა აქვს. მხოლოდ ენის დაცვასა და გადარჩენაზე არ არის ლაპარაკი, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი შეთქმულება, რომელიც ორიენტირებულია ქვეყნის დაშლაზე.

თუ სვანური, მეგრული, აზერბაიჯანული და სომხური რეგიონულ ენებად გამოცხადდება, იქაურ მოსახლეობას ქართულის სწავლის მოტივაცია აღარ ექნება. იქნება კომპაქტურად თავის კუთხეში, რაც საბოლოოდ ქვეყნის დაშლას გამოიწვევს.

ჩვენთან დასავლური კალკი ისე გადმოაქვთ, რომ არც ითვალისწინებენ ისტორიულ პირობებს. ამ ქარტიის ლობისტები არიან პირები, რომლებიც მოგიყვანენ ფინეთის მაგალითს, რომ იქ შვედური უმრავლესობა ცხოვრობს, რომ შვედური ენა არის რეგიონული და ძალიან დიდი პრივილეგიებითაც სარგებლობს. ავიწყდებათ, რომ ევროპის ბევრ ქვეყანას რეგიონული ენის არსებობამ დიდი პრობლემები შეუქმნა. მაგალითად, ხელი შეუწყო კატალონიურ სეპარატიზმს. რომ არა ესპანური მონარქია, ეს სახელმწიფო დაიშლებოდა. იგივე პრობლემები აქვს ბელგიას. იქაც რეგიონული ენაა დაპირისპირებისა და სეპარატიზმის მიზეზი. რატომღაც გვავიწყდება, რომ მტერი მაინცდამაინც ტანკით მოსული კი არ არის, იდეოლოგიური მტრობა კიდევ უფრო სახიფათოა.

სახელმწიფო პოლიტიკა ამ მხრივ სრულიად ბუნდოვანია. როგორც ჩანს, ჩვენს ხელისუფლებას არც აქვს გააზრებული, რასთან გვაქვს საქმე.

ხელისუფლება სავსებით რეალურ პრობლემებს ერთი მარტივი ფრაზით პასუხობს - ეს პროვოკაციაა! ვიცით, ბატონო, რომ პროვოკატორებით ვართ გარშემორტყმული, მაგრამ ჩვენ ის გვაინტერესებს, როგორ გადავირჩინოთ თავი.

ელენე თევდორაძე სახელმწიფო მინისტრის მოადგილე რეინტეგრაციის საკითხებში: - მართალია, ვალდებულება აღებული გვაქვს, მაგრამ ენის ქარტიაზე არც საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს ხელი მოწერილი და არც პარლამენტს გაუკეთებია მისი რატიფიცირება. ერთხანს თავს შევიკავებთ დოკუმენტის რატიფიცირებისაგან.

- მაინც რამდენი ხანი შეიძლება შევიკავოთ თავი ევროპის ზეწოლისაგან? ევროსაბჭოს ექსპერტები კონფერენციებს კონფერენციებზე აწყობენ და ენის ქარტიის მიღებას მოითხოვენ.

- ამ ვალდებულების შესრულებაზე საბოლოოდ ქვეყანა უარს ვერ იტყვის, რადგან მაშინ ავიღეთ, როცა ევროსაბჭოში გვიღებდნენ.

- თუ ამ ვალდებულების შესრულებაზე ქვეყანა უარს ვერ იტყვის, რამდენ ხანს დარჩება ჩვენი თავშეკავება გასაგები ევროპელი "მეგობრებისთვის"?

- საფრანგეთი იყო პირველი ქვეყანა, რომლის იდეის საფუძველზე შეიქმნა ევროსაბჭო. 46 წელია საფრანგეთს აღებული აქვს ვალდებულება უმცირესობების ჩარჩო კონვენციისა და ენის ქარტიის შესრულებაზე, მაგრამ დღემდე არ შეუსრულებია!

P.S. ვფიქრობ, მაინცდამაინც საფრანგეთის მაგალითის იმედად ყოფნა არ ღირს, მით უმეტეს ისეთ ვითარებაში, როცა სახელმწიფო პოლიტიკას მუდმივად უცხოელი "კეთილისმყოფელები" გვკარნახობენ.

გელა კორძაძე

ქართველი ერის მტრები ყოველ ღონეს ხმარობენ, რომ სამეგრელო საქართველოს მოსწყვიტონ, შეამცირონ ქართველთა რიცხვი, ერთი ლუკმა ორ ლუკმად აქციონ, ადვილად გადაყლაპონ და ადვილად მოინელონ.

იაკობ გოგებაშვილი