"ეგვიპტური" გაკვეთილები - კვირის პალიტრა

"ეგვიპტური" გაკვეთილები

როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებამ რევოლუციონერობაზე უარი საბოლოოდ თქვა. კერძოდ, აფრიკასა და აზიაში რევოლუციური განწყობა ბობოქრობს - ეგვიპტეში, იემენში, იორდანიაში, ალჟირში და ტუნისში მასობრივი საპროტესტო აქციებია, "ვარდების რევოლუციის" სამშობლო კი ჩუმად არის.

არადა, აფრიკაში ეს მოვლენები 3-4 წლის წინ რომ დაწყებულიყო, ქართველებს ზემოხსენებულ ქვეყნებშიც კარგად გაგვიცნობდნენ. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, იქ მაშინვე გადასხამდნენ დესანტს "ქართველი ჩე გევარას", ანუ გივი თარგამაძის "თამადობით" და ჩავუტარებდით იქაურებს რევოლუციურ ტრენინგებს. მანამდე ხომ, სადაც რევოლუცია "გაფაჩუნდა", ყველგან თავქუდმოგლეჯილები გავვარდით და არც აფრიკა იქნებოდა გამონაკლისი.

დღეს კი, ოფიციალური თბილისი საეჭვოდ დუმს. არ იფიქროთ, თითქოს ან აფრიკა "ეშორებათ", ან აზია და ამიტომაც ჩაიგუბეს პირში წყალში. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ, როდესაც ბირმაში არეულობები დაიწყო, ბირმელ ხალხს სოლიდარობაც გამოვუცხადეთ და ლამის ჰუმანიტარული დახმარებაც გავუგზავნეთ.

ვითომ მობეზრდა ხელისუფლებას რევოლუციონერობა? ძნელი წარმოსადგენია. ალბათ, თბილისში ეგვიპტეში განვითარებულმა მოვლენებმა ძალზე ცუდი წინათგრძობა გაუჩინა ზოგიერთს, ანუ იხილეს, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ძალზე დამძიმებულ სოციალურ ფონს.

სხვათა შორის, ეგვიპტეშიც ვირტუალური რეალობა შექმნა იქაურმა მედიამ: 24 საათის განმავლობაში ქებას ასხამდნენ პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქს, რომელმაც, თურმე, ეგვიპტე ახალ სიმაღლეზე აიყვანა. გაგიკვირდებათ და მუბარაქი ყოველთვის ამაყობდა ეგვიპტის ტურისტული პოტენციალით!

ამ ქვეყანაში უამრავი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, უამრავი კეთილმოწყობილი კურორტი და შესაბამისი ინფრასტრუქტურაა. ეგვიპტეში ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი ჩადის. საერთო ჯამში, ტურისტები ქვეყნის ბიუჯეტს 11 მილიარდი დოლარით ავსებდნენ.  მუბარაქი ყოველთვის ამბობდა, რომ თითოეულ ეგვიპტელს ინგლისური უნდა სცოდნოდა. შემდეგ ამ ენას რუსულიც დაემატა, რადგან ქვეყანას უამრავი რუსულენოვანი ტურისტიც მიაწყდა.

მუბარაქი გზებსაც აგებდა. აშენებდა ლამაზ სახელისუფლებო შენობებს და თავი მოჰქონდა იმით, რომ ეგვიპტე აფრიკაში ყველაზე განვითარებული ქვეყანა იყო.

სამაგიეროდ, ჰოსნის (იქაურები "მოფერებით" მხოლოდ სახელით მოიხსენიებდნენ) არ ჰქონდა არანაირი სოციალური პოლიტიკა და პოლიციაზე უფრო მეტს ხარჯავდა, ვიდრე ჯანდაცვის პროგრამებზე.

ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს, ჰოსნის ეს "აწყობილი" ქვეყანა თავზე დაემხო. ნახევარი ეგვიპტე ქუჩაში გავიდა და ქვების სროლა დაიწყო. მუბარაქის ნაქები საპრეზიდენტო გვარდია კი დემონსტრანტებს "ჩაეხუტა". ჰოსნიმ მოსახლეობას "ერთი ბარტყი გადაუგდო", ანუ მთავრობა დაითხოვა და დემოკრატიულ ცვლილებებზე ისაუბრა. თუმცა დემონსტრანტება ეს არ დააფასეს - გინდა თუ არა, თავად მუბარაქი გადადგესო.

როდესაც ეს წერილი იწერება, მუბარაქი ჯერ ისევ ეგვიპტის პრეზიდენტია. ეგვიპტეში კი, გააფთრებული შეტაკებები გრძელდება და მსხვერპლმა უკვე 50 ადამიანს გადააჭარბა. შესაბამისად, ალბათ, ჰოსნი  რამდენიმე დღეში მიბაძავს თავის ტუნისელ კოლეგას და რომელიმე მოძმე სახელმწიფოს შეაფარებს თავს.

მართლაც, ცუდი წინათგრძობა შეიძლება გაგიჩნდეს კაცს.

იმედია, თბილისში ეგვიპტურ მოვლენებს კარგად დააკვირდებიან და ხელისუფლება კვლავ არ აღმოჩნდება სხვისი კი არა, საკუთარ შეცდომებზე მსწავლელის როლში.

(სპეციალურად საიტისთვის)