2015 !!! - კვირის პალიტრა

2015 !!!

მაიას ტომის წინასწარმეტყველების მიხედვით, რომელიც ცნობილ ამერიკულ ფილმშიც აისახა, 2012 წელს სამყაროს დასასრული უნდა დადგეს. საქართველოს პრეზიდენტის პროგნოზის მიხედვით კი, ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი გეგმა 2015 წელს დასრულდება. კერძოდ, პარლამენტში გამოსვლისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2015 წელს საქართველოში 5 მილიონი ტურისტი შემოვა, 2015 წელს საქართველოს მოსახლეობა 5 მილიონი ადამიანი იქნება, 2015 წელს ათეულ ათასობით ადამიანი დასაქმდება, 2015 წლისთვის 13 ახალი ჰესი აშენდება, 2015 წელს საქართველოს ყველა დიდ ქალაქში თანამედროვე კანალიზაცია იქნება, 2015 წელს საქართველოს ყველა სკოლა ჰოლანდიისა და შვედეთის სტანდარტებს გაუტოლდება, 2015 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობა აყვავდება და ა.შ.

ისე, სააკაშვილმა ევროპის კონტინენტის ძვრაც იწინასწარმეტყველა, ოღონდ წინადადება მომავალ დროში არ გადაუყვანია. კერძოდ, საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა - ჩვენ შვედეთსა და ნორვეგიას შორის არ ვმდებარეობთ, ბალტიისპირეთის ქვეყნებივითო. ჩვენ არ ვიცით რა დაემართება ევროპის კონტინენტს 4 წლის შემდეგ, მაგრამ დღეს 2015-ჯერ რომ დახედო რუკას, ნახავ, რომ შვედეთსა და ნორვეგიას შორის, მხოლოდ შვედეთისა და ნორვეგიის საზღვარი მდებარობს.

ეს მაინც არ არის მთავარი. მთავარი ისაა, რომ ოპოზიცია და ექსპერტები ჩააცივდნენ სააკაშვილის მიერ დასახელებულ საკრალულ თარიღს, თითებზე დაითვალეს, ვიქნებით თუ არა 2015 წელს 5 მილიონი და ნიშნის მოგებით დაასკვნეს - სააკაშვილი კვლავ დემაგოგობსო.

არადა, ნებისმიერ პრეზიდენტთან თარიღებზე დავა ისეთივე უმადური საქმეა, მსაჯს მატჩის შემდეგ პენალტის დანიშვნა რომ მოსთხოვო. იგივე სააკაშვილის 2006 წლის სიტყვას თუ გავიხსენებთ, - დღეს საქართველოში რძისა და კისელის შადრევნები უნდა ჩქეფდეს და გზებზე ნატოს ემბლემიანი ფუმფულა კურდღლები უნდა დახტოდნენ, ყვითელი ავტობუსები კი თბილისი-სოხუმის რეისებს ასრულებდნენ.

თუმცა, სავარაუდოდ, 2015 წელზე სააკაშვილს ყურადღება ტყუილად არ გაუმახვილებია. მანამდე მოვა 2013 წელი, როდესაც პრეზიდენტმა ან "მუბარაქიზაცია" უნდა აირჩიოს და დარჩეს ქვეყნის პირველ პირად იმ პირობით, რომ დასავლეთისთვის მისაღები იქნება, ან "პუტინიზაცია", როდესაც პრეზიდენტის სავარძელში დროებით "მინი მიშა" უნდა ჩასვა.

ჯერჯერობით ყველაფერი "პუტინიზაციისკენ" მიდის. ალბათ, 2013 წლისთვის განხორციელდება ხელისუფლებაში დიდი როქი. Hჰოდა, თუ ქვეყანაში მძიმე პროცესები გაგრძელდა, პრემიერ სააკაშვილს შეუძლია თავისუფლად დაადანაშაულოს პრეზიდენტი "მინი მიშა", რომ სწორედ მან ჩაუშალა ქვეყნის მოდერნიზაციის გეგმა, რომელიც 2015 წლისთვის უნდა დასრულებულიყო, გადაუხვია "დიდი მიშას" გეგმას და ა.შ. ამის შემდეგ, ერთი ნაბიჯია რიგგარეშე არჩევნებამდე, ანუ სააკაშვილის მომდევნო 10-წლიან ვადამდე.

ხოლო თუ მოხდა სასწაული (რაც ძალიან გვინდა) და 10 პროცენტით მაინც ახდა ის, რაც სააკაშვილმა პარლამენტში "იწინასწარმეტყველა", რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიეწერება ბრძენ და დიად ბელადს, რომელიც პრეზიდენტი აღარ არის, მაგრამ მისი გეგმა კვლავ მუშაობს.

ისე, ნუ ვიჩქარებთ - სააკაშვილი 2013 წლამდე კიდევ ორჯერ უნდა გამოვიდეს პარლამენტში და, შესაძლოა, ისეთი პროგნოზები გააკეთოს, რომ მრავალტანჯული ქართული პოლიტიკა კიდევ ერთხელ დადგეს თავდაყირა.

(სპეციალურად საიტისთვის)