კაცი, რომელიც აღარ იცინის - კვირის პალიტრა

კაცი, რომელიც აღარ იცინის

მინდა, ერთ ყმაწვილზე მოგიყვეთ, რომელიც, იყო დრო, ყველას უყვარდა და მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ ჰქონდა მომხიბვლელი ღიმილი, მაინც ხშირად იღიმოდა. იყო მის ღიმილში რაღაც, ბავშვურად კეთილი და რაც მთავარია, ეს - "მორცხვი ღიმილი" იყო...

იგი თითქოს სიკეთისა და თავმდაბლობის განსახიერება გახლდათ. ამიტომაც ხალხს მისადმი ისეთი ანტიპათია არ ჰქონდა, როგორც ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიმართ. მაშინ 2007 წელი იდგა და მოსახლეობის დიდ ნაწილში ხელისუფლებით უკმაყოფილება და აგრესია მატულობდა, ადგენდნენ "ზიზღის რეიტინგებს" და ა.შ.

ამას კი, სულაც არ ეკავა დიდი თანამდებობა - იგი მხოლოდ დედქალაქის ერთ-ერთი სამსახურის უფროსი იყო და მიუხედაავდ ამისა, ეკრანზე იმაზე ხშირად ჩნდებოდა, ვიდრე რომელიმე მინისტრი. ჟურნალსიტებთან საუბარში ხშირად ხუმრობდა ხოლმე და, რაც მთავარია, მეგობრობდა მათთან. კომენტარზე უარს მათ არასოდეს ეუბნებოდა - სახელისუფლებო მედიის წარმომადგენელი იქნებოდა ეს ჟურნალსიტი, თუ ოპოზიცურის. ამიტომ პრესაც კეთილგანწყობით პასუხობდა.

აქციის ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, იგი ხელისუფალთაგან ალბათ ერთადერთი იყო, ვის მიმართაც ხალხს აგრესია არ გასჩენია. ამიტომაც, წიანსაარჩევნოდ, მმართველმა პარტიამ საკუთარ "სახედ" აქცია!

შემდეგ იყო პარლამენტარობა, შემდეგ კი...

შემდეგ ამ ადამიანმა დაკარგა... ღიმილი! მერე რა, რომ მისი ღიმილი სულაც არ იყო მომხიბვლელი, მე მისი ღიმილის გამო მაინც ძალიან დამწყდა გული, ძალიან მომენატრება ის ღიმილი... რა თქმა უნდა, აქ ღიმილი არ არის მთავარი - დღეს იგი ისეთ უწყებას ხელმძღვანელობს, სამხიარულოდ არც უნდა ჰქონდეს საქმე, მაგრამ მეჩვენება, რომ ღიმილთან ერთად მან საკუთარი სახეც დაკარგა...

KvirisPalitra.Geერთ დროს ხალხისთვის ყველაზე საყვარელი ჩინოვნიკიდან,  მოსახლეობის რაღაც ნაწილისთვის ყველაზე საძულველ ჩინოვნიკად იქცა - მისი სამინისტროს წინ აწყობენ აქციებს, შიმშილობენ, ითხოვენ მის გადადგომას, პროტესტის ნიშნად თავს იწვავენ, კორუფციაში ადანაშაულებენ... ბუნებრივია, ამ ყველაფრის შემყურე, იგი აღარ იღიმება (მადლობა ღმერთს!), მაგრამ მისი სახე არც სინანულს და თანაგრძნობას გამოხატავს (ღიმილთან ერთად, სინანულისა და თანაგრძნობის განცდა ხომ, ადამიანობის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია).

დღეს ის მხოლოდ მკაცრი და გაბრაზებული სახით დადის. ემალება როგორც ხალხს, ისე ჟურნალისტებს. მის მიმართ შეიცვალა ჟურნალისტების, თანაც, არა მხოლოდ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალსიტების დამოკიდებულებაც.

იმ დღეს, როდესაც პრეზიდენტის ცნობილი ტელეხიდი გაიმართა, ერთ-ერთი სახელისუფლებო ტელევიზიის ჟურნალისტმა, რომელიც ჩემი მეგობარია, როდესაც გაიგო, რომ კითხვის დასმას დევნილებზე ვაპირებდი, მთხოვა, ჰკითხე პრეზიდენტს, სუბელიანის მოხსნას როდის აპირებს, თორემ მაგ ადამიანის თავხედობა ყველა საზღვარს გასცდაო. მაშინ კობა სუბელიანზე პრეზიდენტისთვის არაფერი მიკითხავს. მაშინ, უბრალოდ, რიგითი დევნილების ბედი უფრო მნიშვნელოვნად მეჩვენა და სწორედ ამაზე დავეკითხე სააკაშვილს. კიდევ ერთი კითხვის დასმის საშუალება რომ მქონოდა, აუცილებლად ვკითხავდი:

ბატონო პრეზიდენტო, რა უქნა თქვენმა ხელისუფლებამ ამ ადამიანს?!

 (სპეციალურად საიტისთვის)