"სამხრეთ ოსეთი" საქართველოს სანაცვლოდ? - კვირის პალიტრა

"სამხრეთ ოსეთი" საქართველოს სანაცვლოდ?

"სამხრეთ ოსეთის" საქართველოსათვის "დაბრუნების" საკითხი, როგორც ჩანს, მეტისმეტად აღელვებს ოსურ პოლიტელიტას: "ჩვენ დიდი პოლიტიკური თამაშის ფიგურანტები ვართ. საქართველოსთვის სამხრეთ ოსეთის დაბრუნების პერსპექტივა არსებობს და ის ჩვენთვის მომაკვდინებელია" - განაცხადა რამდენიმე დღის წინ დეფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მირა ცხოვრებოვამ. უფრო შორს წავიდა ოსი პოლიტოლოგი ანდრეი ბითაროვი, როდესაც თქვა: "მოსკოვის ინტერესებში საქართველოს რუსულ პოლიტიკურ სივრცეში დაბრუნებაც შედის. მკაფიოდ უნდა გავიაზროთ, რომ რუსეთს ამ გეგმის განხორციელების სხვადასხვა ვარიანტი გააჩნია, მათ შორის - საქართველოს დაბრუნება სამხრეთ ოსეთის ხარჯზე."

ამ საკითხის გასაანალიზებლად ექსპერტ ირაკლი სესიაშვილს მივმართეთ:

 

- ბატონო ირაკლი, რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ფორმულა - "სამხრეთ ოსეთი" - საქართველოს სანაცვლოდ?

- მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო კრემლის მიერ "შემოგდებული" თემაა და მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება: ჩვენს საზოგადოებაში გაჩნდეს მოლოდინი, თითქოს კრემლი რაღაცის სანაცვლოდ რაღაცის დაბრუნებას აპირებს.

დავუშვათ, მოსკოვი და სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლება მორიგდნენ, მაგრამ მთავარი აქ  სამხედრო ბაზების საკითხია. შეიძლება ბევრი ვიკამათოთ იმის შესახებ, თუ რა ღირებულება აქვს სოხუმსა და ცხინვალს რუსეთისათვის, მაგრამ ფაქტია - თუ აფხაზეთი არის ზღვაზე გასასვლელი, "სამხრეთ ოსეთი" სტრატეგიულად არანაკლებ მნიშვნელოვანი ადგილია რუსეთისათვის, რადგან იქ განლაგებულ სამხედრო ბაზებს სერიოზული სტრატეგიული დანიშნულება აქვს. ამასთანავე, ეს არის შემაკავებელი ფაქტორი ნატოს გაფართოებისა და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის წინააღმდეგ.

ნატოს ნამდვილად არ სურს, რომ მისი წევრი იყოს ქვეყანა, რომელსაც სამხედრო საფრთხე ემუქრება. ასე რომ, სამხრეთ ოსეთის "დაბრუნების" თემა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ამ მიმართულებით გადასატანად არის გამოგონილი.

- მაშინ, რატომ კამათობენ ამ საკითხზე ოსი პარლამენტარები და

პოლიტოლოგები?

- დეფაქტო პარლამენტის წევრებმა, ექსპერტებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეიძლება არც იცოდნენ, რომ ეს "შემოგდებული" თემაა. ეს აიძულებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერებს კიდევ ერთხელ გაიაზრონ, რომ ისინი მთლიანად დამოკიდებული არიან კრემლზე, მის ნება-სურვილზე. ეს ერთგვარი მინიშნებაა, რომ მათი ბედი კრემლის ხელშია - თუ კრემლს ასე სურს, ცხინვალს საქართველოს "გადაუგდებს", ან რუსეთს "გადმოუგდებს", თუ არადა, "შუაში" დატოვებს.

- დავუშვათ, მომავალში საქართველოს ხელისუფლება შეიცვალა და მოვიდა

ძალა, რომელიც შეძლებს ურთიერთობის მოგვარებას რუსეთთან...

- კრემლში მართლაც სურთ, რომ საქართველოს ხელისუფლება იყოს პრორუსული და მაქსიმალურად ითვალისწინებდეს რუსულ ინტერესებს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, კრემლი "სამხრეთ ოსეთსა" და აფხაზეთს საქართველოს არ დაუბრუნებს. მე ვფიქრობ, რომ ვინც უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, რუსეთი თავის გეოპოლიტიკურ ინტერესებზე უარს მაინც არ იტყვის. ეს აზრი რამდენიმე არგუმენტით შეიძლება გავამყაროთ: თავის დროზე, როცა სააკაშვილი რუსეთს ძმობას ეფიცებოდა, იყო ლაპარაკი იმაზეც, რომ საქართველო ნატოში არ KvirisPalitra.Geშევიდოდა და რუსულ ჯარებს ახალქალაქსა და ბათუმში დატოვებდა, თუკი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მოგვარდებოდა. პუტინის პასუხი მაშინაც გარკვეული იყო: ის ამ "მსხვრპლის" სანაცვლოდ არაფერს გვაძლევდა. ახლა კი, ყველაფერი მარტივია: რუსეთს რაც სურს, ისედაც ფლობს და რაიმე კომპრომისზე წასვლა სულაც არ სჭირდება.

- როგორ ფიქრობთ, უსაფუძვლოა ოპოზიციის ნაწილის მტკიცება, თუ ხელისუფლება შეიცვლება, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხი მოგვარდებაო?

- მთავარია, ახალმა ხელისუფლებამ დაბალანსებული პოლიტიკა გაატაროს. სულაც არ არის აუცილებელი, რომ ის პრორუსული იყოს, რადგან ქართული საზოგადოება ნამდვილად ვერ შეეგუება რუსეთის მარიონეტ ხელისუფლებას. თუ იქნება დაბალანსებული პოლიტიკა, ჩვენს მოქალაქეებს მიეცემათ თავისუფალი გადაადგილების, თანამშრომლობის საშუალება, შეიძლება შემცირდეს რუსული სამხედრო ბაზების რაოდენობა ოკუპირებულ ტერიტორიებზეც - ეს მოკლევადიანი პერსპექტივაა. ახლა რაც შეხება გრძელვადიან პერსპექტივას - ის დამოკიდებული იქნება რუსეთში განვითარებულ პროცესებზე, იმაზე, თუ როგორ რუსეთს მივიღებთ 10 წლის შემდეგ, ამის თქმა წინასწარ ძნელია.

ვხედავთ, რაც ხდება არაბულ ქვეყნებში, არ გამოვრიცხავ, რომ მსგავსი რამ რუსეთშიც მოხდეს. თუკი რუსეთის ხელისუფლებაში მოვა დემოკრატიული ძალა, რომელსაც ექნება დასავლეთის მხარდაჭერა, ამ შემთხვევაში არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა თავად დაიწყოს დეოკუპაციის პროცესი. ოკუპაცია არის დიდი დანაშაული საერთაშორისო საზოგადოების თვალში, დემოკრატიული რუსეთი აუცილებლად შეეცდება ამ შავი კლიშეს თავიდან მოცილებას.

- თუმცა, ბევრი რამ ალბათ ჩვენზეც არის დამოკიდებული.

- რასაკვირველია. ჩვენი ბედი დამოკიდებულია იმაზე, როგორი ტიპის სახელმწიფოს ავაშენებთ და რამდენად ვიქნებით მზად ამ ტერიტორიების დასაბრუნებლად. მთავარი მაინც ის არის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს მზად ამ პროცესისათვის, როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური თვალსაზრისით. თუ ჩვენს ქვეყანაში არ იქნება დემოკრატიული წყობა, შეიძლება აფხაზებსა და ოსებს თავადაც არ გაუჩნდეთ სურვილი კომპრომისებზე წამოვიდნენ.

ეკონომიკური და სოციალური ფაქტორების გარეშე ძალიან რთული იქნება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩვენ უნდა მოვახერხოთ კონფლიქტურ რეგიონებთან სიტუაციის დალაგება. უნდა ვიმუშაოთ არა 24, არამედ 25 საათი დღე-ღამეში, რათა დავამტკიცოთ, რომ ჩვენი თანამოქალაქეები ოკუპირებულ რეგიონებში არიან ჩვენი ძმები და სრულუფლებიანი ოჯახის წევრები. ამისათვის მზად უნდა ვიყოთ როგორც მენტალური, ისე პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისითაც.

ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)