"აქციაზე მთავარი "ხულიგანი" მე ვიყავი" - კვირის პალიტრა

"აქციაზე მთავარი "ხულიგანი" მე ვიყავი"

გასულ კვირას "წინააღმდეგობის მოძრაობის" წევრებმა უზენაესი სასამართლოს კართან გვირგვინი ჩამოკიდეს წარწერით "დავტირით სასამართლოს", მერე კი თემიდას სამყოფლისკენ კვერცხების წვიმამ დაუშვა. თუმც უჩვეულო "წვიმამ" პატრულის ოპერატიული ჩარევის წყალობით მალევე გადაიღო და უზენაეს სასამართლოსთან ბრძოლა გაჩაღდა.

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატი  ადა მარშანია აქციის დამთავრების შემდეგ დააკავეს:

- კინოს სახლის წინ დამაკავეს. ალბათ, იმიტომ, რომ აქციაზე მეგაფონი მეჭირა და პატრულის თანამშრომლებს ვუყვიროდი, ტერორისტი ხელისუფლების მონები ხართ-მეთქი. აქციაზე მთავარი "ხულიგანი" მე ვიყავი. "წინააღმდგობის მოძრაობას" განზრახული არ ჰქონდა კვერცხების სროლა. კვერცხები მე ვიყიდე და მხოლოდ მე ვისროდი.

შემდგომ აქციაზე უფრო მეტ კვერცხს ვიყიდი, რადგან გამწარებული და გაბრაზებული ვარ.

ამ ხელისუფლებას ადამიანური ენა არ ესმის. დღითი დღე უარესდება ჩვენი მომავალი და აღარც უნდა გავბრაზდეთ?!

აქციის მერე კინოს სახლთან ჩამოვედი და უცებ ოთხი პოლიციელი მომადგა, ერთი თბილისის პოლიციის უფროსის, გეგეჭკორის მოადგილე, უკლება იყო. მითხრა, თქვენთან საქმე მაქვსო. გისმენთ-მეთქი. აქ არა,  მანქანაში გეტყვითო. აქ მითხარით, რა საქმე გაქვთ-მეთქი.

პოლიციელებმა მკლავში ჩამავლეს ხელი და  უცებ ჩემი მეუღლეც მოვარდა (კინოს სახლთან უნდა შევხვედროდი) და ხელჩართული ბრძოლა გაჩაღდა.   მეუღლე რომ არ გამოჩენილიყო, პოლიციელებს არ გავყვებოდი, მაგრამ შემეშინდა, ისიც არ დაეკავებინათ.  ჩემი მეუღლე დატოვეს, მე კი შსს-ს გამჭვირვალე შენობისკენ წამიყვანეს.

საღამოს შვიდის ნახევრიდან თორმეტ საათამდე მანქანაში ვიჯექი. მერე ათივე დაკავებული სასამართლოში შეგვიყვანეს. როდესაც მოსამართლე გოცირიძემ ჯარიმის თანხა - 400 ლარი გამომიცხადა, გავაპროტესტე,  არ გადავიხდი-მეთქი. ჯარიმები მორალური ზიანისთვის აქეთ უნდა გადაგვიხადოს 152 სოფლის დამკარგავმა ხელისუფლებამ.

სასამართლოში  პოლიციელმა, რომელსაც ჩემი დაკავება არ უნახავს, ჩვენება მისცა. ვკითხე, აბა, მითხარით, სად დამაკავეთ-მეთქი? უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული შენობის წინო. არადა, უამრავი მოწმეა, რომელთაც დაინახეს, რომ კინოს სახლთან დამაკავეს. ეს ცრუპენტელები ჯარიმით როგორ შემაშინებენ? მე ის მაწუხებს, რომ დღითი დღე უკან მიდის აფხაზეთის საქმე.

ვაპირებ კარატეს ან ძიუდოს ილეთები ვისწავლო, რომ ამის შემდეგ კუნთმაგარ პოლიციელებთან გამკლავება შევძლო.

P.S. თბილისის საქალაქო სასამართლომ ათი დაკავებულიდან ოთხს ადმინისტრაციული პატიმრობა, ექვსს კი ჯარიმა შეუფარდა.