როგორ გახდა სახელმწიფო კერძო ბიზნესის კონკურენტი - კვირის პალიტრა

როგორ გახდა სახელმწიფო კერძო ბიზნესის კონკურენტი

"რა მიზნით მისცეს ცესკოს თავმჯდომარის ცოლის კომპანიას 2 მილიონამდე ლარი?!"

ლევან თარხნიშვილი: "ჩემი ცოლის საქმეში არ ვერევი!"

აქართველოში ე. წ. სახელისუფლებო ბიზნესზე ლაპარაკი ახალი არ არის. ხშირად წამყვანი ბიზნესკომპანიები ხელისუფლების წარმომადგენლებთან ან მათი ოჯახის წევრებთან ასოცირდება. სამწუხაროდ, ასეთი კომპანიებისთვის ქვეყანაში სასათბურე პირობების შექმნაც ხდება, რაც ჯანსაღი კონკურენტული გარემოს არსებობას ხელს უშლის. შედეგად, დემოკრატიისა და განვითარების პრეტენზიის მქონე ქვეყანაში წელში გატეხილ დამოუკიდებელ ბიზნესს ვიღებთ.  ინფორმაცია, რომელიც "კვირის პალიტრამ" მოიპოვა, ცესკოს თავმჯდომარის მეუღლის სახელთან დაკავშირებულ კომპანია ბი-სი-ჯის და სახელმწიფოს მიერ მისთვის გადარიცხულ ორ მილიონამდე ლარს ეხება. აღსანიშნავია, რომ ბი-სი-ჯის საქმიანობა სატელევიზიო რეიტინგის კვლევებს უკავშირდება. მოგეხსენებათ, ტელევიზია თუ მაღალრეიტინგულია, ის უფრო მეტ რეკლამას, ე.ი. შემოსავალს იღებს. რამდენად არსებობს დამოუკიდებელი ელექტრონული მედია საქართველოში და ხელისუფლების უჩინარი ხელი ერევა თუ არა მისი რეიტინგის კვლევის საქმეში, თავად განსაჯეთ...

"ჩემი მეუღლე ზრდასრული ადამიანია"

ლევან თარხნიშვილი: "უკაცრავად, ჩემს მეუღლეზე კითხვებს მე რატომ მისვამთ?! ჩემი მეუღლე ზრდასრული ადამიანია, აქვს უფლება, აკეთებდეს იმას, რაც მისთვის საინტერესოა და საყვარელი. შესაბამისად, თუ დაგთანხმდებათ, საშუალება გექნებათ, კითხვები მას დაუსვათ. ის ბევრად უფრო კომპეტენტურ პასუხს გაგცემთ. მე ჩემი მეუღლის საქმეებში არ ვერევი!.."

სრულიად გასაგებია ლევან თარხნიშვილის, როგორც მეუღლის პოზიცია. თუმცა, ბუნებრივია, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინტერესიც ანალოგიური ვერ იქნება და ის 2 მილიონამდე ლარს საკუთარი ბიუჯეტიდან მხოლოდ იმის გამო ვერ გამოყოფს, რომ ანა თარხნიშვილმა საყვარელი საქმე აკეთოს... 2007 წლის 20 მარტს გაზეთ "24 საათში" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სატენდერო განცხადება გამოქვეყნდა, სადაც კომისია აცხადებდა, რომ მზად იყო შეესყიდა ტელემეტრული ელექტრონული სისტემა შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით, 500 ფიფლმეტრის (თანამედროვე მსოფლიოში რეიტინგის კვლევისთვის საჭირო სპეციალური მოწყობილობა) გამოყენებით. აღსანიშნავია, რომ იმ დროისთვის, ბი-სი-ჯის ფიფლმეტრები არ ჰქონდა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფიფლმეტრები ბი-სი-ჯის მეშვეობით შეისყიდა და შემდეგ ეს მოწყობილობა ამავე კომპანიას კვლევების საწარმოებლად სამწლიანი ვადით გადასცა. "კვირის პალიტრას" ხელთ აქვს ბი-სი-ჯის სატენდერო წინადადება, სადაც ამ კომპანიის დირექტორი ანა თარხნიშილი 500 ცალი ფიფლმეტრის შესაძენად 1.911.966 ლარის გამოყოფას ითხოვს. გადახდის პირობებში კი ვკითხულობთ, რომ ბი-სი-ჯიმ ზემოთ აღნიშნული თანხის 70 პროცენტის (1.400.000 ლარის) წინსწრებით გადახდა მოითხოვა, დანარჩენი 30 პროცენტის გადახდა კი ხელშეკრულების შესრულების, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ, "გონივრულ ვადაში" შესაძლებლად მიიჩნია.

არცთუ მთლად წელში გამართულმა სახელმწიფომ რატომ მოიწადინა ფიფლმეტრების შესყიდვა და ამისთვის სახელმწიფო ფულის გამოყოფა, ამასთან დაკავშირებით კითხვები დამოუკიდებელ ეკონომიკურ ექსპერტებსაც გაუჩნდათ. ერთ-ერთი დემურ გიორხელიძეც გახლავთ: "ჩემთვის გასაგებია, როცა ტელევიზია არის დაინტერესებული ამგვარი რეიტინგის კვლევით. მაგრამ, ამ შემთხვევაში ჩემთვის სახელმწიფოს მიზანია გაურკვეველი. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რისთვის გამოყო ეს 2 მილიონი? მისი გამოკვლევით, თუ კერძო ტელევიზია არის არარეიტინგული, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ეს რატომ ანაღვლებს? ასეთი არარეიტინგული ტელევიზია საკუთარიU ჯიბიდან გადაიხდის ყველა ხარჯს და წაგებაზე იმუშავებს. ამ შემთხვევაში ყველაფერს თავის ადგილს ჯანსაღი კონკურენცია მიუჩენს. ჩვენ თუ ქვეყანაში დამოუკიდებელი და თავისუფალი ტელევიზიების არსებობა გვინდა, მაშინ ამას ჯანსაღი კონკურენცია უნდა უწყობდეს ხელს".

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ერთ-ერთი წერილიდან ვიგებთ, თუ რატომ მიიჩნია სახელმწიფომ საჭიროდ ტელევიზიების რეიტინგის კვლევაზე ხარჯები თვითონაც გაეღო: "კომისია მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, ვალდებულია ორ წელიწადში ერთხელ დაადგინოს ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტები საზოგადოებრივი აზრის კვლევის საფუძველზე. საზოგადოებრივი კვლევის ხარჯი არ აღემატება წელიწადში 20 ათას ლარს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით".

ვფიქრობთ, კომენტარი ზედმეტია...

როგორ იზომება ტელევიზიების რეიტინგი?

თანამედროვე მსოფლიოში ტელევიზიების რეიტინგი ფიფლმეტრული (ერთგვარი მოწყობილობა, რომელიც მონტაჟდება ტელევიზორთან და მართვის პულტის მეშვეობით აფიქსირებს, რომელ არხს უყურებს იმ მომენტში კვლევის ობიექტი) მეთოდით იზომება.

ძალზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება საბაზისო კვლევას, რომელიც ზუსტად უნდა ასახავდეს, თუ რა ტენდენციებია ქვეყანაში გეოგრაფიული სეგმენტების მიხედვით; ქალები სჭარბობენ მამაკაცებს თუ პირიქით; როგორია განათლების დონე და ა.შ. შესაბამისად, ოჯახების შერჩევისას, სადაც ფიფლმეტრები მონტაჟდება, დაცული უნდა იქნას ბალანსი.

დასავლურ, განვითარებულ ქვეყნებში სატელევიზიო რეიტინგის კვლევასთან დაკავშირებით ტენდერები ცხადდება არა სახელმწიფოს, არამედ ინდუსტრიული კომიტეტების მიერ, რომლის წევრებიც არიან სატელევიზიო კომპანიები, მაუწყებლები და სარეკლამო სააგენტოები. საქართველოში კი არავითარი ინდუსტრიული კომიტეტი, ასოციაციაც კი არ არის შექმნილი, რომელიც მსგავსი ტიპის ტენდერს გამოაცხადებს. ამგვარად, ფიფლმეტრული მეთოდით სატელევიზიო რეიტინგის კვლევა საქართველოსთვის ახალი ხილია. 2004 წელს, შვეიცარიული კომპანია ეი-ჯი-ბი ინვესტორის სახით შემოვიდა, მისი ლიცენზირებული წარმომადგენლობა "თივი ემარ საქართველო" 2005 წლიდან ახორციელებს ტელევიზიების რეიტინგის ფიფლმეტრული მეთოდით კვლევას. საერთოდ, ეი-ჯი-ბი 38 ქვეყანაში იკვლევს სატელევიზიო რეიტინგს. მათ შორის  არის აშშ, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, ავსტრალია... ამ 38 ქვეყნიდან საქართველოს გარდა თითქმის არ არსებობს ისეთი შემთხვევა, როცა ერთი და იმავე ტელევიზიის რეიტინგს ერთდროულად ორი კომპანია იკვლევს. ქართული ტელევიზიების რეიტინგის გაზომვას ("საზოგადოებრივი მაუწყებლის", "რუსთავი 2"-ის) ეი-ჯი-ბიც ახდენს და ცესკოს თავმჯდომარის მეუღლის კომპანია ბი-სი-ჯიც. დამატებით, ბი-სი-ჯის კონტრაქტორია "საქართველოც" და "იმედიც". აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ბი-სი-ჯიმ 2007 წლის 20 მარტს გამოცხადებულ ტენდერში მიიღო მონაწილეობა (მხოლოდ ამ ერთმა კომპანიამ და შესაბამისად, გაიმარჯვა კიდეც!), მასთან  "დამოუკიდებელმა", კერძო, ტელევიზიებმა - "რუსთავი 2"-მა და "იმედმა" გააფორმეს კონტრაქტი, თუმცა საკუთარი რეიტინგის კვლევას საქართველოში ეი-ჯი-ბის წარმომადგენელ კომპანიას მაინც ახორციელებინებდნენ. ე.ი. ტელევიზიებს რეიტინგის კვლევისათვის ორმაგი ხარჯის გაღება უხდებოდათ. "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" "თივი ემარ საქართველოსთან" (ასე ეწოდება შვეიცარიული კომპანიის ლიცენზირებულ წარმომადგენლობას ჩვენს ქვეყანაში) კონტრაქტი მოგვიანებით აღადგინა.

"კვირის პალიტრა" "თივი ემარ საქართველოს" წარმომადგენელს ნინო გოგოლაძეს ესაუბრა: - ფიფლმეტრები არც იჭმება და არც ისმება, კვლევის ჩატარებას ემსახურება. ამ კვლევას, კომუნიკაციების ეროვნული კომისია თავად არ აწარმოებს, ის სხვა კომპანიას აძლევს დაკვეთას, ეს კი ტენდერის საფუძველზე არ მომხდარა. 2007 წლის 20 მარტს, კომისიამ მხოლოდ 500 ცალი ფიფლმეტრის (პროგრამული უზრუნველყოფით) შეძენის მიზნით გამოაცხადა ტენდერი და არა  შემდგომი კვლევისთვისაც. გაუგებარია, თვით სახელმწიფოს რატომ სურს ინვესტირება ისეთი სახის კვლევაში, რომელიც საქართველოში უკვე დიდი ხანია არსებობს? 2007 წელს ჩვენთვის 500 ფიფლმეტრის ქონა არავითარ პრობლემას არ წარმოადგენდა. სიმართლე გითხრათ, არც მისი შეძენა იქნებოდა პრობლემა. მართალია, ტენდერის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია გამოგვეპარა, მაგრამ ანალოგიური შეკვეთის მიცემა თავის დროზე ჩვენც მოგვიწია და შემიძლია ვნახო ინვოისი (ნინო გოგოლაძე ფიფლმეტრების ფასის დაკონკრეტებისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ ნახევარ ფასადაც, 1.000.000 ლარად მოახერხებდა 500 ფიფლმეტრის შეძენას).

"მტრები "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ?!"

საინტერესოა, როგორ გამოიყურებოდა ტელევიზიების რეიტინგი მაშინ, როდესაც სახელმწიფომ ფიფლმეტრების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა? იმხანად "რუსთავი 2"-ის რეიტინგის დაცემა (რასაც ალბათ პოპულარული ტოქშოუების დახურვამაც შეუწყო ხელი) და "იმედის" რეიტინგის გაზრდა შეინიშნებოდა. ეს არის პერიოდი, როდესაც ხელისუფლება პატარკაციშვილისგან საფრთხეს გრძნობდა, წინ კი 2007 წლის 7 ნოემბერი და "იმედის" დარბევა გველოდა...

აი-პი-ემის დირექტორი გოჩა ცქიტიშვილი იმ სქემაზე საუბრობს, რომელიც მაშინ, მისი თქმით, ტენდერის ჩატარების წინ იქნა შემუშავებული: "დიმიტრი ქიტოშვილმა (იგი 2007 წლის მარტში, როცა ტენდერი გამოცხადდა, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელი იყო. - ე.ა.) ამ ტენდერთან დაკავშირებით პირად საუბარში  მითხრა, - შენ როგორ გგონია, მე წილი ამ კომპანიაში არა მაქვსო?! ჩემი ნებით კი არ გავაკეთე ეს ყველაფერი, მიბრძანესო. თუ არ ვცდები, მან შემდეგ სხვაზე გადააფორმა თავისი წილი. მარტივად გეტყვით, ყველაფერი ასე დაიწყო: დასხდნენ ლევან თარხნიშვილი და მისი ცოლი, იფიქრეს, - როგორ გავაკეთოთ ფულიო... მერე დაუძახეს გიგა ბოკერიას, კახა ლომაიას და ეს მათაც ჰკითხეს. Aამ უკანასკნელებმა კი ასეთი რამ მოიფიქრეს, - მოდი, გოჩა გამოვაცხადოთ მტრად. იმიტომ, რომ მისი კომპანია არის ეი-ჯი-ბის პარტნიორი. სააკაშვილს კი ვუთხრათ, - ა, ბატონო! "მტრები" შენს წინააღმდეგ მოქმედებენ, ბადრი პატარკაციშვილთან არიან შეკრულები, "რუსთავი 2"-ს რეიტინგს დაბლა უგდებენ, ტელევიზია იღუპება! ამიტომ რაღაც უნდა ვიმოქმედოთო... არადა, ბადრი პატარკაციშვილს საერთოდ არ ვიცნობდი, თვალითაც არ მენახა. მოკლედ, ამ პერსონებმა: გიგა ბოკერიამ, კახა ლომაიამ, ლევან თარხნიშვილმა, დიმა ქიტოშვილმა გამოიყენეს მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი იმისათვის, რომ ფიფლმეტრების შესასყიდად ამ 2 მილიონის გამოყოფის ნებართვა მიეღოთ და შემდეგ ეს აპარატურა ბი-სი-ჯისთვის 3-წლიანი სარგებლობის უფლებით გადაეცათ. ეი-ჯი-ბი, რომელიც აქციონერებს ეკუთვნის, რატომღაც ჩემს "საკუთრებად" მოინათლა, მიშა დაარწმუნეს, რომ ბადრის მორევის ერთ-ერთი ინსტრუმენტი ჩემი მორევაც იყო. შედეგად მივიღეთ ის, რომ სახელმწიფო გახდა კერძო ბიზნესის კონკურენტი, რაც საერთოდ აბსურდული ვითარების მაჩვენებელია.

ელემენტარული ბალანსების ნახვა, სადაც მოგება და ხარჯი იქნება ასახული, ყველაფერს ნათელს მოჰფენს. კომისია კვლევისთვის საჭირო თანხებს თუ ისევ აძლევს ბი-სი-ჯის, მაშინ ეს უკვე პირდაპირ პროკურატურაში გასაგზავნი საკითხია".

ვინ არიან ბი-სი-ჯის დამფუძნებლები...

2006 წლის სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ირკვევა, რომ ლევან თარხნიშვილის მეუღლე ანა თარხნიშვილი 30-პროცენტიან წილს ფლობს  ბი-სი-ჯის კომპანიაში, 20-პროცენტიანი წილი ვინმე ბიძინა ნიჟარაძეს ეკუთვნის, 50 პროცენტი კი - შპს "ბიზნესკონსალტინგის ჯგუფს". სავარაუდოდ,  ბიძინა ნიჟარაძე ის პირი უნდა იყოს, რომელზედაც თავის დროზე  "რუსთავი 2"-ის წილი ფორმალურად გადაფორმდა. ეს იმ პერიოდში მოხდა, როცა ირაკლი ოქრუაშვილი ოპოზიციაში გადავიდა, მის მეგობარ ქიბარ ხალვაშს კი ტელევიზია სასწრაფოდ დაათმობინეს. ამასთან დაკავშირებით, თავის დროზე სატელევიზიო პროგრამა "დროებამ" სკანდალური სიუჟეტი მოამზადა, რომელშიც ლაპარაკი იყო იმაზე, რომ "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი წილის "მყიდველი და მფლობელი" ბიძინა ნიჟარაძე პატარკაციშვილის ფონდის რიგითი თანამშრომელი აღმოჩნდა. "დროებამ" კადრებიც აჩვენა, როგორ ეზიდებოდა ბიძინა ნიჟარაძე დიდი ზომის ყუთებს. წამყვანის პოზიცია კი დაახლოებით ასეთი იყო, - ბედის ირონიით, ცხოვრებაში რა არ ხდებაო. სიუჟეტში ისიც ითქვა, რომ ბიძინა ნიჟარაძე დიმიტრი ქიტოშვილის ახლო მეგობარი გახლდათ და მასზე წილის გადაფორმება სრულიად შემთხვევით მოხდა. "კვირის პალიტრა" ამ სიუჟეტის ავტორს, ჟურნალისტ დაჩი გრძელიშვილსაც დაუკავშირდა: "დიახ, ეს სიუჟეტი მაშინ მე მოვამზადე. მახსოვს, ამ ორი პერსონის, ქიტოშვილის და ნიჟარაძის მეგობრობასა თუ ახლობლობაზე იყო ლაპარაკი".

რა თქმა უნდა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციების გადასამოწმებლად ბი-სი-ჯის დირექტორს, ანა თარხნიშვილს დავუკავშირდით: "სახელმწიფომ  ჩვენს ორგანიზაციას დროებით სარგებლობაში გადასცა ტექნიკის ნაწილი, რომელსაც ტელევიზიების რეიტინგის საწარმოებლად ვიყენებთ. ვითხოვეთ ფიფლმეტრები, რომელსაც სამი წლის შემდეგ დავაბრუნებთ.

- ხომ არ არის თქვენთვის ცნობილი, სახელმწიფოს მიზანს რატომ წარმოადგენდა ფიფლმეტრების შესყიდვა და თქვენთვის თხოვება?

- მოდი, ეგ სახელმწიფოს ჰკითხეთ... მე გაგცემთ პასუხს იმაზე, რაც ჩემს კომპეტენციაშია.

- უფრო ადრე თუ აწარმოებდით სატელევიზიო რეიტინგის  ფიფლმეტრული მეთოდით კვლევას?

- მანამდე არ მქონდა ფიფლმეტრები და ბუნებრივია, ასეთ კვლევას ვერ განვახორციელებდი...

- როცა ტენდერი გამოცხადდა, 2007 წლის მარტში, ლევან თარხნიშვილი მუშაობდა თუ არა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეთვალყურეო საბჭოში?

- ვერ გეტყვით! ასე პირდაპირი კავშირი არ მახსოვს... ერთი-ორი წელიწადია, რაც ის ტელევიზიიდან წამოვიდა. ჩვენ ცალ-ცალკე მოვლენებზე ვსაუბრობთ, რომელიც ერთმანეთს ნამდვილად არ უკავშირდება.

- მაგრამ თქვენი კონტრაქტორი ჩატარებული ტენდერის შემდეგ "საზოგადოებრივი მაუწყებელიც" გახდა და თქვენი მეუღლე თუ იმ დროს (ზუსტად ორი წლის წინ) იქ მუშაობდა, ე.ი. იყო თქვენს საქმიანობებს შორის პირდაპირი კავშირი...

- ახლა, ამ წუთში "საზოგადოებრივი მაუწყებელი" არის ჩემი კონტრაქტორი. ამას რა კავშირი აქვს იმასთან, რომ ადრე ჩემი მეუღლე იქ მუშაობდა? "რუსთავი 2"-ში ხომ მაინც არ მუშაობდა და "იმედში", რომლებიც ასევე ჩვენი კონტრაქტორები არიან?

- როდის დაფუძნდა თქვენი ორგანიზაცია და ვინ არიან მისი დამფუძნებლები?

- ჩემი ორგანიზაცია დაფუძნდა 2003 წელს.

- თქვენ გარდა მეწილეები ვინ არიან?

- არის ჯგუფი ბიზნესმენებისა, ასე ვთქვათ. მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს?!

- საინტერესოა, ისევ არის მეწილე ბიძინა ნიჟარაძე და "ბიზნესკონსალტინგჯგუფი"?

- ბიძინა ნიჟარაძე არის...

- "ბიზნესკონსალტინგჯგუფის" დამფუძნებლები ვინ არიან?

- რამდენიმე დამფუძნებელი ჰყავს. თუმცა, მე არა ვარ ვალდებული, ყველა თქვენს კითხვას გავცე პასუხი. თვითონვე მიმართეთ მათ, თუ ასე გადასარევად იცით ყველაფერი...

- დიმიტრი ქიტოშვილი იყო თუ არა რაიმე სახით დაკავშირებული თქვენი კომპანიის წილებთან?

- არა, არ ყოფილა!

- თუ არ ვცდები, ქიტოშვილი კომისიის ხელმძღვანელი იყო მაშინ, როცა ტენდერი გამოცხადდა ფიფლმეტრების შესყიდვაზე და თქვენ სატენდერო წინადადება წარადგინეთ...

- დიახ, იმ დროს ნამდვილად კომისიის ხელმძღვანელი იყო.

- თუ შეგიძლიათ ზუსტად გვითხარით, რა ღირებულებისაა თქვენ მიერ შეძენილი ფიფლმეტრები?

- ასე ზუსტად ვერ გეტყვით... შვეიცარიული წარმოების ფიფლმეტრი შემოვიტანეთ.

- ამ ორი მილიონის გარდა კიდევ თუ მიიღეთ კომისიისგან თანხა კვლევათა საწარმოებლად?

- არა, არ მიმიღია. რაც შეეხება საბაზისო კვლევას, კომისიამ ამისათვის მცირედი თანხა - 20 ათასი ლარი გამოყო.

- თუ შეგიძლიათ თქვენი კომპანიის წლიური მოგება ან ხარჯები გაგვიმხილოთ?

- ეს არის საკითხი, რომელზე საჯაროდ საუბრის სურვილი არ მაქვს. არ მინდა ამის შესახებ ჩემმა კონკურენტებმა იცოდნენ. კრიზისის პირობებში ხარჯების დაფარვა ძალიან გვიჭირს. მაგრამ რას ვიზამთ, ამ კრიზისს როგორმე უნდა გავუძლოთ.

იმის გასარკვევად, რატომ აინტერესებდა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას კერძო კომპანიების რეიტინგები და რატომ გამოყო ამ მიზნისთვის 2 მილიონი ლარი, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსაც დავუკავშირდით, საიდანაც შემდეგი პასუხი მივიღეთ: - კახი ყურაშვილი (საქართველოს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი, 2007 წელს სატენდერო კომისიის წევრიც იყო. - ე.ა.) რეგიონში გახლავთ, მისი შემცვლელი არავინაა, ახალი თანამშრომლები ამ საკითხზე ვერ დაგელაპარაკებიან და ორშაბათს დარეკეთო.