რუსეთმა უკვე გვიპასუხა - კვირის პალიტრა

რუსეთმა უკვე გვიპასუხა

რამდენიმე თვის წინ ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის ფედერაცია ცხინვალის რეგიონში შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარედ ცნო. ეს ფაქტი ოფიციალურმა თბილისმა ქართული დიპლომატიის მორიგ გამარჯვებად მონათლა. თუმცა, სკეპტიკოსებიც გამოჩნდნენ, რომელთაც მიაჩნდათ, რომ ეს აღიარება პრაქტიკულ შედეგს ვერ მოიტანდა და საგარეო უწყებას ბრალადაც კი დასდეს, რომ უხეირო მუშაობის გამო ჰააგაში მიღებულ რეზოლუციაში რუსეთი რეგიონში ჩატარებულ ეთნოწმენდაში არ დაადანაშაულეს. არადა, შიდა ქართლი სწორედ 2008 წლის ომის გამო დაიცალა ქართველებისგან.

რუსეთთან დავა, თუნდაც საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე, მართლაც მძიმე პროცესია, ამიტომ ძნელია იმის თქმა, შესაძლებელი იყო თუ არა ჰააგაში მეტის მიღწევა. სამაგიეროდ, დანამდვილებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ რაც დღეს ცხინვალში ხდება, ძალიან ცუდია.

ცხინვალში კი აი, რა ხდება: 28 ივნისს, სოფელ ღრომში გაიხსნა კიდევ ერთი რუსული სამხედრო ქალაქი (,,გარადოკი"), სადაც რუსი ოფიცრები და მათი ოჯახები იცხოვრებენ. დასახლება უზრუნველყოფილი იქნება ინფრასტრუქტურით: საცხოვრებელი კორპუსებით, საბავშვო ბაღით, სკოლით, მაღაზიებით. სხვათა შორის, ეს მეხუთე დასახლებაა, ოთხი უკვე არსებობს. სულ კი შიდა ქართლში, ე. წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის განცხადებით, 2012 წლამდე 16 ,,გარადოკი" აშენდება.

ძირძველ ქართულ მიწაზე პირველი რუსული ,,ახალშენი" 2010 წელს ცხინვალის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე გაშენდა. შემდეგ მეგუთში, ზივლეთში, ზნაურში, ახლა კი გრომში (რუსეთი 16 სამხედრო ქალაქის აშენებას აფხაზეთშიც გეგმავს, დღეისთვის ოთხია აშენებული).

2012 წლისთვის არის დაგეგმილი რუსეთის ეფ-ეს-ბეს სასაზღვრო სამმართველოს აპარატის კომპლექსისა და ძირითადი სასაზღვრო ნაგებობების  მშენებლობის დასრულებაც. ოფიციალური მონაცემებით, დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთში სასაზღვრო სამსახურს 1000 რუსი ჯარისკაცი გადის. სავარაუდოდ, მათი რიცხვი ბევრად მეტია. ამაზე იქ გაჩაღებული "გარადოკების" სამშენებლო ბუმიც მეტყველებს.

ისევ ჰააგის სასამართლოსა და მის გადაწყვეტილებას დავუბრუნდეთ: როგორც ზემოთ ითქვა, სასამართლომ რუსეთი კონფლიქტის მონაწილე მხარედ აღიარა. სწორედ ამ პროცესის გაგრძელებაა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შვეიცარიის ელჩის ხელით რუსეთისათვის გადაცემული ნოტა.

ნოტაში ოფიციალური თბილისი მზადყოფნას გამოთქვამს, დაიწყოს რუსეთთან მოლაპარაკება ცხინვალის რეგიონში რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე, დევნილთა უფლებების დარღვევაზე, 2008 წლის ომამდე და ომის შემდგომ ცხინვალის რეგიონის, ასევე აფხაზეთის ქართველი მოსახლეობის ეროვნული ნიშნით დისკრიმინაციაზე, მათ მიმართ ძალადობაზე, ასევე, იქ ჩატარებულ ეთნიკურ წმენდაზე.

ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქართულ მხარეს ამ განცხადებისკენ 2011 წელს აპრილში ჰააგის სასამართლოში მიღებულმა გადაწყვეტილებამ უბიძგა. როგორც ჩანს, სულ ეს არის, რისი გაკეთებაც დღეს საქართველოს შეუძლია. რით უპასუხებენ რუსები ჩვენს მორიგ დიპლომატიურ ,,გამარჯვებას" საერთაშორისო ასპარეზზე? უკვე გვიპასუხეს - 28 ივნისს ღრომში მე-5 სამხედრო ,,გარადოკი" გაიხსნა, ხოლო ,,საქართველოსთან საზღვრის" უკეთესად გასაკონტროლებლად ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურები რუსულ სამხედრო სწავლება ,,კავკაზ 2011"-ში მიიღებენ მონაწილეობას. სწავლებას რუსეთის ფე-ეს-ბე და შინაგანი ჯარი ატარებენ. მისი მიზანი სახელმწიფო საზღვრების დაცვისათვის ერთობლივი მოქმედებების დამუშავებაა.

დავით შალიკაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)