საფრანგეთი კავკასიას მოადგა - კვირის პალიტრა

საფრანგეთი კავკასიას მოადგა

სოსო ცისკარიშვილი: "რუსეთს რომ მართლაც უნდოდეს აქტიურობა ტურისტული მიმართულებით, დღეს მის ხელთ არის ბიჭვინთა და გაგრა!"

რუსულ-ფრანგული სამხედრო-პოლიტიკური რომანი  ტურისტულ-ეკონომიკურში გადაიზარდა. საქართველოს ტურისტულ პოტენციალს რეგიონში მნიშვნელოვანი კონკურენტი გამოუჩნდება, რომელიც თითქმის მთელ ჩრდილოეთ კავკასიას ტურისტული ინფრასტრუქტურის რკალში მოაქცევს.

ორსაუკუნოვანი ტრადიციის მქონე საფრანგეთის სახელმწიფო განვითარების ბანკმა Caisse des Depots et Consignations რუსულ სააქციო საზოგადოებასთან "ჩრდილოეთ კავკასიის კურორტები"  გარკვეული გარანტიებით გააფორმა ხელშეკრულება, რომელიც ჩრდილო კავკასიაში (უახლოესი ათი წლის განმავლობაში), ხუთი მაღალი დონის სამთო-სათხილამურო კურორტისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობაში 10 მილიარდი ევროს დაბანდებას გულისხმობს. ლაპარაკია 803 კმ სამთო-სათხილამურო ტრასის და 104,5-ათასადგილიანი სასტუმროების მშენებლობაზე: ადიღეში - "ლაგო-ნაკი", ყაბარდო ბალყარეთში - "ელბრუს-ბეზენგი", ყარაჩაეთ-ჩერქეზეთში -  "არხიზე", ჩრდილოეთ ოსეთში - მამისონი და დაღესტანში - მალტასე.

გამორიცხული არაა, ტრანში 18 მილიარდ ევრომდე გაიზარდოს. სპეციალურად შექმნილი შვილობილი კომპანია France Caucase

მოგების 49%-ს მიიღებს. თუმცა, პროექტი ყველა ეტაპზე, მხოლოდ ფრანგმა სპეციალისტებმა უნდა განახორციელონ, ფორს-მაჟორულ სიტუაციაში კი რუსეთის ფინანსთა სამინისტრო დაბანდებული კაპიტალის 70%-ის ანაზღაურებას ჰპირდება. საფრანგეთის ელჩი საქართველოში ერიკ ფურნიე თავისი ქვეყნის რუსეთში განსახორციელებელი გრანდიოზული ინვესტიციის შესახებ არ საუბრობს. მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებულ ტურისტულ კლასტერზე ჩრდილოეთ კავკასიაში მემორანდუმი დიმიტრი მედვედევსა და ნიკოლა სარკოზის შორის დოვილში "დიდი რვიანის" სამიტის დროს გაფორმდა. ნიშანდობლივია, რომ საფრანგეთისა და რუსეთის ამ პროექტის ფინანსურ გარანტორებად არა კერძო სექტორი, არამედ სახელმწიფო უწყებები გვევლინებიან.

ჩვენ ამ საკითხზე პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის მოსაზრებით დავინტერესდით:

- რას უნდა მოასწავებდეს საფრანგეთის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში გააქტიურება და უზარმაზარი ინვესტიციების ჩადება?

- თავად პირობები ხელშეკრულებისა გვარწმუნებს, რომ ფრანგული მხარე ბევრს არაფერს რისკავს და არ გამოვრიცხავ, არცთუ საჯაროდ, დანართი ჰქონდეს ამ შეთანხმებას. რადგან იქ საუბარია: თუ რაიმე საფრთხე წარმოიშობა ამ ინვესტიციის განხორციელებისას, ან ტერაქტის, ან სხვა მიზეზთა გამო, რუსული მხარე ანაზღაურებს მთელ დანახარჯს. ეს გახლავთ ლიტონი სიტყვები.  მექანიზმი ამ ანაზღაურებისა, შეთანხმებაში არ ჩანს. ამიტომ მოტივაცია ტერორისტებისა უფრო მაღალი იქნება, რამეთუ მათ ნამოქმედარს უფრო დიდი საერთაშორისო რეზონანსი შეიძლება მოჰყვეს.

- სხვანაირად თუ ვიტყვით, დესტაბილიზაციის მხრივ მაინც მეტს რისკავს საფრანგეთი?

- არ გამოვრიცხავ არსებობდეს კამიკაძე-ბანკირთა კლუბი, რომლებსაც ექსტრემალური ტურიზმი აინტერესებს და ექსტრემალური ინვესტიციაც კი  საინტერესო იყოს მისთვის. ბიზნესის ზოგადი კანონია: რისკი რაც დიდია, მით მეტია მოგება. მით უმეტეს, რომ დასახელებული კურორტები ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბითაც კი არაფრისმთქმელია. პოლიტიკური სურნელი უფრო ასდის ამ ხელშეკრულებას და როგორც ჩანს, სხვა ქვენა მიზნებიც აქვს. ასე რომ არ იყოს, რატომ ჰგონია საფრანგეთს ჩრდილოეთ კავკასიის კურორტებზე უფრო ნაკლებია რისკი, ვიდრე საქართველოს კურორტებზე? ან სად მოიძიებს ტურისტებს ჩრდილო კავკასიისთვის?

- იმიტომ ხომ არაა გააქტიურებული რუსეთი ჩრდილო კავკასიის ტურისტული პოტენციალის ასამაღლებლად, რომ საქართველოს, როგორც რეგიონულ მოთამაშეს, გაუწიოს კონკურენცია და მიჩქმალოს მყიფე სტაბილურობა  ამ რეგიონში?

-  რუსეთს რომ რეალურად სურდეს აქტიურობა ტურისტული მიმართულებით, დღეს მის ხელთ არის ბიჭვინთა და გაგრა! რა ჩრდილო კავკასიურ ტურიზმზეა ლაპარაკი, თუ ალპინიზმს ან ზამთრის სპეციფიკურ სხვა სახეობებს არ ვიგულისხმებთ?

-  ვარაუდობთ, რომ კორუფციულ, ე.წ. "ატკატის" მექანიზმთან გვაქვს საქმე?

- ამას ვგულისხმობ, როცა ვამბობ: ჩვენ ბოლომდე არ ვიცნობთ ამ შეთანხმების მექანიზმს. ჩვენ ისიც ვიცოდით, რომ პუტინ-სააკაშვილს შორის არსებობდა ენგურჰესის საკითხზე მოლაპარაკება, მაგრამ ქართულმა უსამართლომაც (უკაცრავად, მაგრამ მე ამ სისტემას სასამართლოს აღარ ვუწოდებ) კი თქვა, რომ ეს დოკუმენტი საიდუმლოა. ამიტომ ის არ არის მთავარი, რა ჩანს ზემოდან რუსულ-ფრანგული შეთანხმებისა, არამედ ის, რაც რეალურად უძევს საფუძვლად. ჯერ დაიძრას ერთი მილიარდი, ვნახოთ, რას და როგორ იზამენ და მერე, შემიძლია გამოვთქვა გონივრული ეჭვი, რომ შემდეგი ტრანშები გაიყინება.

- საფრანგეთის ელჩის ერიკ ფურნიეს თავშეკავებულ პოზიციაზე რას იტყვით?

- სანამ ფურნიე დიპლომატი გახდებოდა, ჯერ ადამიანი იყო. მის უფლებამოსილებაში არ შედის ხელისუფლების კრიტიკა. თუმცა არც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტია ტეფტის მსგავსად. ასე რომ, მისი საქციელი კორექტულია.

მამუკა დალაქიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)