მკვლელობათა სერია ერთი ხელწერით - კვირის პალიტრა

მკვლელობათა სერია ერთი ხელწერით

იამზე ვაშაკიძემ მშობლიური რაიონის დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მეორედ დაენგრა ოჯახი. მიზეზი ორივეჯერ მისი უშვილობა აღმოჩნდა. იამზე ტრადიციულ ოჯახში აღიზარდა.

საკმაოდ მკაცრადაც ეპყრობოდნენ მამა და ორი უფროსი ძმა. პირველად სწორედ მათ მიერ არჩეულ მამაკაცს გაჰყვა ცოლად. ძალიანაც სცადა ოჯახის შენარჩუნება, მაგრამ მას შემდეგ, რაც ექიმებმა საბოლოოდ დაუსვეს უშვილობის დიაგნოზი, ქმარმა სხვისი შვილის აყვანაზე კატეგორიული უარი განაცხადა და იამზე თავისი ხელით მიუყვანა ახლობლებს.

ისე უბედურად გრძნობდა მაშინ თავს, თვითმკვლელობაც კი სცადა, მაგრამ დროზე მიუსწრეს და გადაარჩინეს ვენებგადაჭრილი... მომავალი მეორე ქმარი სწორედ საავადმყოფოში გაიცნო. ვაჟასაც თვითმკვლელობა ეცადა, რადგან მისი ორი თვის შერთული ცოლი ძველ შეყვარებულთან ერთად გაპარულიყო.

ერთმანეთს ადვილად გაუგეს. იამზეს მისთვის არ გაუმხელია, რომ ქმარმა უშვილობის გამო მიატოვა: მანაც სხვა ქალის გამო გამიმეტაო! - დაიჩივლა...

მალე დაქორწინდნენ. ორი წელი სიამტკბილობაშიც იცხოვრეს, მაგრამ ისევ რომ არ დაფეხმძიმდა, - ისეთი «კეთილმოსურნეც» აღმოაჩნდა ვაჟას, სიმართლე რომ გაუმხილა: პირველმა ქმარმა სწორედ ამ მიზეზით მიატოვაო...

სხვისი შვილის მამობა არც ვაჟამ ისურვა და იამზეს სახლიდან წასვლა მოსთხოვა.

იამზემ ისევ მძიმე სულიერი ტრავმა მიიღო, მაგრამ ამჯერად თავის მოკვლა აღარ უფიქრია. ჯერ უცნაურად ჩაიკეტა საკუთარ თავში, სიტყვასაც არ ძრავდა, მერე კი უცებ შეკრა ბარგი და მშობლებს კატეგორიულად განუცხადა, რომ ქალაქში აპირებდა გადასახლებას. ვერც მამამ და ვერც ძმებმა ვერ დაუშალეს. მიხვდნენ, რომ იამზე ის მორჩილი გოგო აღარ იყო, მათი თანხმობის გარეშე მეზობელთანაც რომ არ წავიდოდა.

ქალაქელი ბიძაშვილი მხოლოდ ორიოდე კვირით შეაწუხა. იამზეს მხოლოდ საშუალო სკოლის ატესტატი ჰქონდა და არავითარი პროფესია. ამიტომ დათანხმდა უყოყმანოდ ბიძაშვილის წინადადებას, - მათ მარტოხელა მეზობელს ვაროს მომვლელი სჭირდებოდა...

თითქოს ბედის ირონია იყო, რომ ვაროც უშვილო იყო, თუმცა იამზეს ქმრებისგან განსხვავებით, მის ქმარს უარი არ უთქვამს ბავშვის შვილად აყვანაზე. თითქოს ბედნიერებიც იყვნენ, მაგრამ მათ 15 წლის ვაჟს ბიოლოგიურმა დედამ მოაკითხა თურმე მონანიებით. ბიჭიც დაუფიქრებლად გაჰყვა. ნერვიულობაზე ვაროს ქმარს ინფარქტი დაემართა და გარდაიცვალა. ასე დარჩა ვარო მარტო ოროთახიან ბინაში. 80 წელს მიღწეული ავადმყოფობდა. გარეცხვა და სადილის მომზადებაც უჭირდა. ამიტომ სთხოვა ახლობლებს მისთვის ვინმე მოეძებნათ დამხმარედ.

როცა იამზემ თავის შესახებ უამბო, ვარომ ზეცისკენ აღაპყრო თვალები:

- აქამდეც მჯეროდა, რომ შემთხვევით არაფერი ხდება ქვეყნად. ბედმა იმიტომ მოგიყვანა ჩემამდე, რომ ერთმანეთის სატკივარს მხოლოდ ჩვენ თუ გავუგებთო!..

ცოტა ხანში ვარო აღტაცებული უყვებოდა მეზობლებს, რომ ღმერთმა უბრალოდ მომვლელი კი არა, ნამდვილი შვილი გამოუგზავნა სიბერის ნუგეშად.

ერთი წელიც არ იყო გასული, რომ ბინა იამზეს სახელზე გადააფორმა: მოხუცი ვარ, რა ვიცი, რა დროს წავიქცევიო!

ზუსტად ორ თვეში გარდაიცვალა ამის შემდეგ. სასწრაფო დახმარების ექიმებმა მისი სიკვდილის მიზეზად გულის შეტევა დაასახელეს.

იამზემ დედობილს მოკრძალებული ქელეხი გადაუხადა და ცოტა ხანში თავად სთხოვა ახლობლებს: - სხვა არაფერი მეხერხება, ისევ მოხუცს თუ მოვუვლიო.

მისი მომდევნო «პაციენტი» 84 წლის ვანო ქევხიშვილი აღმოჩნდა. უცოლოდ დაბერებულიყო. ძმისშვილები კი ჰყავდა, მაგრამ იმდენად მძიმე ხასიათი ჰქონდა ბერიკაცს, ხმამაღლა ამბობდნენ: - არც მისი ქონება გვიღირს მასთან ცხოვრებისა და მოვლის ფასადო...

მას შემდეგ, რაც ვანოს ინსულტი მოუვიდა, იამზე სწორედ მისმა ძმისშვილებმა დაიქირავეს და ხელფასსაც ისინი უხდიდნენ ქალს.

ვანო ვერც ხელ-ფეხს იმორჩილებდა და ვერც ენას. თუმცა როცა თავის ახალ მომვლელს უცქერდა, უცხო თვალიც შეამჩნევდა, რომ მისით კმაყოფილი არ იყო. ცდილობდა კიდევაც იშვიათად მის სანახავად მოსული ძმისშვილებისთვის რაღაცის თქმას, მაგრამ მათ ნაკლებად აღელვებდათ ვანოს მდგომარეობა, მთავარი იყო, მოხუცი სუფთა თეთრეულში იწვა და არ შიოდა...

ერთ დღეს ვანო ქევხიშვილიც მოულოდნელად გარდაიცვალა. ექიმებმა ამ შემთხვევაშიც გულის შეტევა დაასახელეს მიზეზად... ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ იამზემ მოხუცის დაკრძალვამდე დაუდო მაგიდაზე მის ძმისშვილებს ნოტარიუსის მიერ ხელმოწერილი და დამტკიცებული ანდერძი, რომლის მიხედვითაც მოხუცი ბინას იამზეს უტოვებდა:

- თვითონვე მომთხოვა ნოტარიუსის შინ მოყვანა. ძალიან იყო ნაწყენი თქვენზე, - ჩემგან არაფრის ღირსები არ არიანო...

მოხუცის ხელმოწერა აშკარად ჰგავდა გაყალბებულს, თუმცა ეს იამზემ მარტივად ახსნა: - ხომ იცით, ხელს ვერ იმორჩილებდა, ამიტომ მე მეჭირა მისი მარჯვენა, რომ როგორმე დაემორჩილებინა კალამიო...

მისი ნათქვამი ნოტარიუსმაც დაადასტურა და თითქოს საეჭვოც არაფერი იყო, მაგრამ იამზეზე არანაკლებ გამჭრიახი აღმოჩნდა გარდაცვლილის ერთ-ერთი ძმისშვილი, რომელმაც ბევრად ადრე დაწერილი ანდერძი წარმოადგინა, სადაც ბიძა მას ასახელებდა ერთადერთ მემკვიდრედ...

- ახალი ანდერძი მექანიკურად აბათილებს ძველს! - იამზეს გახედა ნოტარიუსმა, რომელსაც მკაცრად შეაწყვეტინა სიტყვა ბიძინა ქევხიშვილმა და ოჯახის სხვა წევრებსაც სთხოვა მარტო დაეტოვებინათ მოდავესთან და მის ქომაგ ნოტარიუსთან:

- თქვენ ერთი რამ ვერ გაითვალისწინეთ! - თვალი თვალში გაუყარა ბიძინამ იამზეს, - მე ექიმი ვარ, თანაც ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომელი. როგორც კი დავხედე, მაშინვე მივხვდი, რომ ბიძაჩემი ბუნებრივი სიკვდილით არ მომკვდარა და ამაში ან შენ «დაეხმარე», ან ორივე ერთად. ახლავე მოვითხოვ ექსპერტიზას და დავამტკიცებ, რომ იგი გაგუდულია, ანდერძი კი - ძალადობით შედგენილი. ორივეს ციხეში გიკრავთ თავს...

- მე მკვლელობის შესახებ არაფერი ვიცოდი! - თავი გასცა დამფრთხალმა ნოტარიუსმა და იამზეც მალე მიხვდა, რომ ძლიერ მეტოქეს ვერ მოერეოდა, ამიტომ უკან დაიხია:

- თუ ბინაზე უარს ვიტყვი, მკვლელობაზე არ წამიყენებთ ბრალს?! - დამფრთხალმა შეხედა ბიძინას.

- არა! იმის მიხედვით, რასაც ახლა ვიტყვი, მეც მკვლელობის ერთგვარი ხელშემწყობი გამოვდივარ, მაგრამ ბიძაჩემმა ისე მოგვაბეზრა თავი, რაც დაემართა, დაიმსახურა... თქვენ დახმარებაც კი გაგვიწიეთ...

მოკლედ, იამზე მართლა უცნაური შემთხვევითობით გადაურჩა პასუხისმგებლობას და წესით, ხელიც უნდა აეღო მსგავს საქმიანობაზე, მაგრამ მე სწორედ მაშინ გავიცანი ეს მკვლელად ქცეული ახალგაზრდა ქალი, როცა ბინის დასაკუთრების მიზნით კიდევ ერთი მოხუცის მოკვლა სცადა...

კარლო მანაგაძე ორსართულიან კერძო სახლში ცხოვრობდა 12 წლის შვილიშვილთან ერთად. ზაზუკა 8 წლის იყო, როცა მშობლები ავტოავარიაში დაეღუპა და მოხუცი პაპის ამარა დარჩა. 4 წელი ცხოვრობდნენ მარტონი. კარლო არც ისეთი ასაკოვანი იყო, 74 წელი შეუსრულდა იმ გაზაფხულს, მაგრამ მაინც გადაწყვიტა დამხმარის აყვანა, რადგან უჭირდა დიდი სახლისა და ბიჭის სათანადოდ მიხედვა. აღარც ძალა ემორჩილებოდა და აღარც გული - ძალიან მოტეხა შვილისა და რძლის სიკვდილმა. სანდო ქალის მოძებნა მანაც ახლობლებს სთხოვა. ასე აღმოჩნდა მათ სახლში იამზე ვაშაკიძე, რომელიც ისე მოხიბლა ნიჭიერმა და ჭკვიანმა ობოლმა ბიჭმა, რომ ამჯერად მხოლოდ მანაგაძეების ბინის კი არა, ბავშვის დასაკუთრებაც გადაწყვიტა. ერთ წელიწადში ისე შეაყვარა ბაბუას და შვილიშვილს თავი, რომ მართალია ბიჭი მას დედას არ ეძახდა, მაგრამ დედასავით ენდობოდა და უჯერებდა.

კარლომაც უთხრა იამზეს:

- ჩემი ბიჭისთვის უკეთეს დედობილს ვერც ვისურვებდიო!

სწორედ მაშინ შეაპარა იამზემ:

- ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ, კარლო ბიძია, მაგრამ რაიმე რომ მოგივიდეთ, ზაზუკას ბავშვთა სახლში გაამწესებენ, მე ვინ დამიტოვებს, ჰოდა - თავიც მოსაკლავი გამიხდებაო!

ცოტა ხანში 74 წლის კარლო მანაგაძემ და 32 წლის იამზე ვაშაკიძემ ხელი მოაწერეს და კანონის მიხედვით ცოლ-ქმრად გამოცხადდნენ. წესით, ამის შემდეგ კიდევ მეტ იდილიას უნდა დაესადგურებინა მათ სახლში, მაგრამ პირიქით მოხდა.

...პატარა ბიჭი გამწარებული აკაკუნებდა პოლიციის განყოფილების ჩაკეტილ კარზე. მორიგემ გაკვირვებით გახედა საათს, რომლის ისრებიც შუაღამის ორ საათს აჩვენებდნენ:

- მიშველეთ, ბაბუაჩემს ახრჩობს მისი ახალი ცოლი. ჯერ ჩხუბობდნენ, დალეწეს ყველაფერი. მე კარი ცხვირწინ მომიხურეს და ჩაკეტეს. თუმცა, ფანჯრიდან დავინახე, რომ ბაბუა იატაკზე ეგდო, იამზეს ბალიში დაეფარებინა მისთვის სახეზე და ახრჩობდა. შემეშინდა და გამოვიქეცი...

ადგილზე მისულ პოლიციელებს სასწრაფო დახმარების ბრიგადა დახვდათ. ის იამზე ვაშაკიძეს გამოეძახებინა:

- უცებ დაეცა იატაკზე და გულის შეტევა მოუვიდაო!..

ზაზუკამ ისტერიკული კივილი ატეხა:

- ტყუის, ჩემი თვალით ვნახე, როგორ წააქცია ბაბუა და ბალიში დაადო სახეზე. იმ ბალიშს კი ზემოდან დააჯდა!..

- რა სისულელეა! - ზიზღით გახედა იამზემ ზაზას, - ამ ბიჭს არასოდეს მოვწონდი, მაგრამ მისი ასაკის ბავშვებისგან ასეთი ცილისწამება წარმოუდგენელია.

ამ დროს მივედი მეც შემთხვევის ადგილზე და ალბათ იამზე ვაშაკიძის მხილება არ გაგვიჭირდებოდა, მაგრამ ამაში თვით კარლო მანაგაძეც დაგვეხმარა. ექიმებმა დააფიქსირეს, რომ მისი გული მართალია სუსტად, მაგრამ მაინც ფეთქავდა. ჯერ ადგილზე ჩაუტარეს სარეანიმაციო პროცედურები, მერე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. კაცმა ორ დღეში მოგვცა ჩვენება, თუ რა სასტიკად მოექცა მას იამზე და როგორ დაუპირა გაგუდვა. არადა, მისი შვილიშვილი რომ არ გამოქცეულიყო შინიდან, ვინ იცის, იქნებ იამზეს დილამდე არ გამოეძახებინა სასწრაფო და კაციც უეჭველად დაიღუპებოდა.

რადგან ამ საქმიდან თავს ვერ დაიძვრენდა, ჩვენ კი საეჭვოდ გვეჩვენა მის ხელში გარდაცვლილი კიდევ ორი მოხუცი, - ყველაფერი დაწვრილებით გამოვიძიეთ და იამზემაც აღიარა როგორც ვანო ქევხიშვილის, ასევე ვარო ნემსიწვერიძის მკვლელობები...

მეტიც, - აღარც ის დაუმალავს, რომ ორი წლის წინ გარდაცვლილი ვაჟა გაგნიძის სიკვდილიც არ იყო შემთხვევითობა. ვაჟა გაგნიძე მისი მეორე ქმარი გახლდათ, რომელიც სოფლისკენ მიმავალ ბილიკზე თავგაპობილი  იპოვეს მეზობლებმა. კაცს ხშირად მიჰქონდა ბაზარში ჭირნახული. იმ დღესაც ბაზარში იყო და რადგან მისი მკვლელი ვერსად იპოვეს, დაასკვნეს, რომ სწორედ ბაზრიდან გამოჰყვა ვიღაც უბედურს - თავი გაუჩეხა და ფული წაართვა... არადა, იმ დღეს გარდაცვლილი ბიძის დაკრძალვაზე ჩასულა იამზე რაიონში და იქ დაუნახავს ქმარყოფილი. რაიონიდან სოფლამდე ერთი ავტობუსით უნდა ემგზავრათ იამზეს და მის ქმარყოფილს. მაგრამ იამზე ტაქსით ასდევნებია ავტობუსს, რომ არავის ეცნო. ვაჟა გაგნიძე თავის სახლთან ახლოს ჩამოსულა ავტობუსიდან და იქვე, წყაროსთან შეჩერებულა სულის მოსათქმელად. იამზეც უკან მიჰყოლია და წყაროსთან დახრილი კაცისთვის მოზრდილი ქვა ჩაურტყამს კეფაში რამდენიმეჯერ. მერე ქვა წყალში ჩაუგდია და ისე გამობრუნებულა უკან, ბიძის დაკრძალვაზეც აღარ მისულა...

- თუ რამეს ვნანობ, იმას, რომ პირველი ქმარიც არ გავუყენე ჯოჯოხეთის გზას! - ისე გულგრილად თქვა სასამართლო პროცესზე იამზე ვაშაკიძემ, მის ნორმალურობაში ეჭვი შეეპარათ. ჩაუტარდა კიდევაც ფსიქიატრიული ექსპერტიზა, თუმცა კი ჯანმრთელი აღმოჩნდა...

იამზეს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს...