"ახლა დაჯდეს სააკაშვილი და იფიქროს არა მხოლოდ საარჩევნო ხმების ყიდვა-გაყიდვაზე, არამედ იმაზეც, "ნაცმოძრაობის" პოლიტიკური გუნდი არავის მიეყიდოს" - კვირის პალიტრა

"ახლა დაჯდეს სააკაშვილი და იფიქროს არა მხოლოდ საარჩევნო ხმების ყიდვა-გაყიდვაზე, არამედ იმაზეც, "ნაცმოძრაობის" პოლიტიკური გუნდი არავის მიეყიდოს"

კიდევ ერთი სკანდალური განცხადება გააკეთა ცნობილმა ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც დაბეჯითებით აცხადებს, რომ აუცილებლად მოვა ხელისუფლებაში. მან სავარაუდო პარტნიორებად რესპუბლიკური პარტია და "თავისუფალი დემოკრატები" დაასახელა. დავინტერესდით, რას ფიქრობენ ამ პარტიების წარმომადგენლები ბიზნესმენის წინადადებაზე და რას აპირებენ?

ლევან ბერძენიშვილი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი:

- ძალიან მესიამოვნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა სავარაუდო პარტნიორებად რესპუბლიკური პარტია და "თავისუფალი დემოკრატები" დაასახელა. გამოდის, ის არჩევანს აკეთებს დასავლური ორიენტაციის პარტიებზე, რომელთა პოლიტიკური კურსი ეჭვს არავისში იწვევს. მოხარული ვარ, რომ ივანიშვილის განცხადებაში ჩვენს პარტიაზე არაერთი კეთილი სიტყვაა. თანამშრომლობას რაც შეეხება, დავსხდებით, დავილაპარაკებთ პარტიაში და ვაცნობებთ საზოგადოებას ჩვენს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ როგორ ვითანამშრომლებთ ბატონ ბიძინასთან. ის წერს, რომ მე რომელიღაც გამოცემასთან მითქვამს, მაქვს ინფორმაცია ივანიშვილის კაპიტალის წარმომავლობის შესახებო, როგორც ჩანს, მსგავსი რამ მართლაც დაიბეჭდა, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გაუგებრობის გამო მომაწერეს ეგ სიტყვები. მე არაფერი ვიცი ივანიშვილის კაპიტალის წარმოშობის შესახებ და არც არანაირი ეჭვი არა მაქვს. მე რომ ეჭვი მქონოდა, თავის დროზე არც "ქართუ ჯგუფთან" არსებულ ფონდს ვუხელმძღვანელებდი და არც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორობისას მივიღებდი ბატონ ბიძინას მიერ ბიბლიოთეკისთვის გაწეულ დახმარებას. რაც შეეხება მედიასთან მის დამოკიდებულებას, პირველ განცხადებაში მომეჩვენა, რომ მისი პოზიცია მეტისმეტად მკაცრი იყო, თუმცა მეორე განცხადებაში პოზიცია გაცილებით უფრო საგნობრივი და კონსტრუქციულია.

- ხომ არ გეგმავთ უახლოეს მომავალში მასთან შეხვედრას?

- თუ იქნება ამგვარი შემოთავაზება, აუცილებლად შევხვდებით, შეხვედრისა და დალაპარაკების პრობლემა არასდროს არავისთან გვქონია, თუ არ ჩავთვლით ნოღაიდელს, ვის მიმართაც ჩვენი დამოკიდებულება საზოგადოებისთვის ცნობილია. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები კი აშკარად ინფანტილური და შეშინებული ადამიანების განცხადებებია. სრულ ეიფორიაში არიან. კი მაგრამ, თუ ივანიშვილი პუტინის პროექტია, ბენდუქიძე ვიღასია? ბენდუქიძის მოქმედება უფრო ჰგავს რუსეთის ინტერესების დაცვას, - ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების დიდი ნაწილი მიჰყიდა. ბიძინა ივანიშვილი უკვე კარგა ხანია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ საქმეს აკეთებს. ეს ყველამ მშვენივრად იცის და ამიტომაც ეიმედება ჩვენს საზოგადოებას. ამ დასუსტებული ოპოზიციის ფონზე ის სააკაშვილის მართლაც რეალური კონკურენტია. ხელისუფლების წარმომადგენლები ამიტომაც იქცევიან ასე სულელურად, ვგულისხმობ, ივანიშვილისთვის მოქალაქეობის გაუქმებას, რაც იურიდიულად სრულიად გაუგებარია. კაცმა საფრანგეთის მოქლაქეობა თუ 2004 წელს მიიღო და ავტომატურად გაუუქმდა საქართველოს მოქალაქეობა, 2006 წელს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი პირადობის მოწმობა როგორღა მისცეს? ამგვარი ხერხებით სააკაშვილი ივანიშვილს ვერ გაუმკლავდება. სხვათა შორის, არ მეგონა, თუ სააკაშვილი თავისი ფსევდოლიბერალი მეგობრების მოსაზრებას გაიზიარებდა, რომელიც "ფეისბუქის" მეშვეობით მიაწოდეს და ურჩიეს, ივანიშვილისთვის მოქალაქეობა გაეუქმებინა. ის, რომ მიშას მდიდარი ადამიანები პანიკურად აშინებს, მისივე ბრალია, რადგან მან დანერგა ამ ქვეყანაში პოლიტიკური კორუფცია. ის მიიჩნევს, რომ ყველაფერი შეიძლება იყიდოს. ჰოდა, ახლა დაჯდეს და იფიქროს არა მხოლოდ საარჩევნო ხმების ყიდვა-გაყიდვაზე, არამედ იმაზეც, "ნაცმოძრაობის" პოლიტიკური გუნდი არავის მიეყიდოს. ივანიშვილის განცხადებაში ამის ნიშნებიც ჩანს.

ამ ე.წ. ოპოზიციური პარტიების ლუსტრაცია პარლამენტში ყველაზე კარგად ჩანს

KvirisPalitra.Geგია ცაგარეიშვილი, "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი:

- არავითარი მოლაპარაკება ბატონ ბიძინასთნ არ გვქონია. მას არ ვიცნობ და როგორც ვიცი, არც ირაკლი ალასანია იცნობს. ჩვენი მისამართით გაკეთებული განცხადებები ნამდვილად გვესიამოვნა. რაც შეეხება ჩვენგან შემხვედრ ნაბიჯს, დაველოდოთ, როგორ და ვისთან ერთად ჩამოაყალიბებს ბატონი ბიძინა პარტიას და მერე ვილაპარაკოთ პოლიტიკურ ურთიერთობაზე. ჩვენ მასთან თანამშრომლობის პრობლემა არა გვაქვს.

- ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილში დაასახელა ის პოლიტიკური პარტიებიც, ვისთან პოლიტიკურ თანამშრომლობასაც გამორიცხავს. ესენია: "ქრისტიან-დემოკრატები", "ახალი მემარჯვენეები", "ქართული პარტია", "ლეიბორისტები", ედპ, გია თორთლაძისა და პაატა დავითაიას პარტიები. აქ თუ ემთხვევა თქვენი და ივანიშვილის აზრები ერთმანეთს?

- დიახ, ხელისუფლების სატელიტ პოლიტიკურ ძალებზე ივანიშვილის მოსაზრებას ვიზიარებთ. პირადად მე ამის თაობაზე არაერთხელ მისაუბრია. საქართველოს პარლამენტის წევრი ვარ და ამ ე.წ. ოპოზიციური პარტიების ლუსტრაცია პარლამენტში ყველაზე კარგად ჩანს. არანაირი საპარლმენტო უმცირესობა არ არსებობს. ესენი არიან სააკაშვილისა და ამ ხელისუფლების სატელიტები, რომლებიც ემსახურებიან ამ ხელისუფლების ძალაუფლების გამყარებას. ეს მე პირდაპირ ვუთხარი ქრისტიან-დემოკრატ ლევან ვეფხვაძეს, ასევე ჩვენმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ სულ ცოტა ხნის წინ ქრისტიან-დემოკრატები ხელისუფლების განშტოებად მოიხსენია. წუხილით ვამბობ, რომ ხელისუფლებამ საპარლამენტო ოპოზიციისა და არსაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის სრული მარგინალიზაცია მოახერხა. ეს საგანგაშო მოვლენაა. დროა, ითქვას, ვინ რას წარმოადგენს, ახლა რევერანსების დრო არა გვაქვს.

ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)