Game of Thrones: თამაშები პრემიერის კარზე - კვირის პალიტრა

Game of Thrones: თამაშები პრემიერის კარზე

სამეფო კარის თამაშები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მაღალრეიტინგული სერიალია. ამ იშვიათ შემთხვევაში, მსოფლიოს არც ჩვენ ჩამოვრჩით და მიუხედავად იმისა, რომ "ეროვნული" ტელევიზიები კვლავ დაჟინებით გვტენიან დაბალხარისხიან სერიალებს, ჩვენ თავაწეულები, ამაყად ვაჩვენებთ მათ შუა თითს და ტელევიზორების ეკრანებს კომპიუტერის მონიტორებზე ვცვლით.

სერიალის შუა საუკუნეების მსგავსი სამყარო (რომელიც "ისტორიისადმი" "რომანტიკულად" განწყობილ ქართველებს განსაკუთრებით გვხიბლავს) ერთდროულად კიდეც ჰგავს ჩვენსას და განსხვავდება კიდეც მისგან. ჩახლართული პოლიტიკური ინტრიგები და მრავალი კომპლექსური საინტერესო პერსონაჟი - აი, რით გამოირჩევა "სამეფო კარის თამაშები."

სერიალის პოპულარობიდან და ქართველების პოლიტიზირების დონიდან გამომდინარე, ალბათ საინტერესო იქნება, სამეფო კარის თამაშებს ქართულ პოლიტიკურ რეალობას თუ მოვარგებთ.

წარმოვიდგინოთ კონტინენტი ან უბრალოდ მცირე კუნძული, საკმაოდ ბანალური დასახელებით "საქეროსი" (და არა საქერ-ოსი, როგორც ზოგიერთმა ინტრიგანმა შეიძლება იფიქროს). საქეროსი პატარა სამეფოა, მაგრამ მისი მოსახლეობის უსაფუძვლო ამბიციების გამო, მასში მცირე ლორდების არაპროპორციულად დიდი რაოდენობა ცხოვრობს. პრინციპში, საქეროსში უკანასკნელი ბოგანოც კი თავს ლორდად მიიჩნევს. ამ ლორდთა უმრავლესობისთვის ქვეყნის მართვის მხოლოდ ერთი ცნობილი გზა არსებობს, ბრძოლა აბსოლუტური ძალაუფლებისთვის.

სულ ცოტა ხნის წინ საქეროსში აქამდე არნახული და გაუგონარი რამ მოხდა. ძალაუფლების გადაბარება არა ჩვეულებისამებრ სისხლის ღვრით და სამოქალაქო ომით, არამედ მშვიდობიანად განხორციელდა. საქეროსის ბრძენი ერის გადაწყვეტილებით, ძალაუფლება შეშლილი მეფის ამალამ ეგრეთ წოდებულ "ალიგარხის ალიანსს" გადაულოცა (თუ უმაღლესი ჩინის ლორდებს არ ჩავთვლით, "ალიგარხი" ყველაზე მაღალი სტატუსია, რაც ადამიანს მეზობელი მონგოლოიდი დო-ტრაკების სამეფოში შეიძლება მიენიჭოს). ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ შეშლილმა მეფემ საკუთარი არაადეკვატურობა კიდევ ერთხელ დაამტკიცა და აფექტის მდგომარეობაში ველოსიპედზე მჯდომმა, ტრაილერი, რომელსაც შავი რაინდი მართავდა, უთანასწორო ორთაბრძოლაში გამოიწვია.

ალიგარხი, ასევე ცნობილი როგორც ჭორვილის ლორდი, ივანიშვილთა კეთილშობილი სახლის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი სახლის დევიზი და ტახტზე აბრძანების შემდგომი პოლიტიკური დოგმააა "გაგებით მოგვეკიდეთ", ხოლო მისი დოვლათი სერიალის ლანისტერების სიმდიდრეს არ ჩამოუვარდება. ქონების დიდი ნაწილი (ლაპარაკის უცნაურ მანერასთან ერთად) ალიგარხმა საქეროსისადმი მტრულად განწყობილ მონგოლოიდების სამეფოში მოიპოვა.

ლორდმა ტაივინმა ივანიშვილმა, 9 წლის განმავლობაში შუშის ტახტზე მოკალათებული ძალის დამხობა განაწყენებულ-გაბუტულ-დაბოღმილი პარტიებისგან შემდგარი ალიანსის ჩამოყალიბებით და საკუთარი თავის "საქართველოს უკანასკნელ იმედად" წარმოჩენის მეშვეობით შეძლო. სიმართლე უნდა ითქვას, სერიალის გმირისგან განსხვავებით, ივანიშვილს დრაკონები არ ჰყოლია, სამაგიეროდ, ჰყავდა და ყავს პინგვინები და ფლამინგოები და ათასი სხვა ჯურის ორ-სამ-ოთხფეხი.

მისგან განსხვავებით, სააკაშვილის სახლს (დევიზი - "არ ჩამოვიშლებით" თუმცა ასევე ცნობილია "მტერი 40 კილომეტრშია") პოლიტიკური მოკავშირეები არ გააჩნია, თუმცა ჰყავს საკმაოდ აქტიური მხარდამჭერები მაკვარანცხთა და მატრაბაზთა გილდიებში არასამთავრობო სექტორებში, რომლებიც დროდადრო "ფლეშმობად" წოდებულ მისტიკურ ცეკვებს აწყობენ.  (ეზოთერიის და ოკულტიზმის ექსპერტი, ივანიშვილების მეჭურჭლეთუხუცესი და არც თუ ისე რუხი კარდინალი სერ გია ხუხაშვილი ირწმუნება, რომ ასეთი რიტუალები სააკაშვილის დასახმარებლად დასავლელი დემონების გამოძახებას ემსახურება). არასამთავრობო სექტორში განსაკუთრებული როლი უკავია ლედი ჩერგოლეის, თვითგამოცხადებულ "სომეხ ჰომოსექსუალს", რომელიც სარკისმიღმა ციხესიმაგრე "ტაბულა"-ში ბუდობს და საზოგადო მოვლენებზეც სარკისმიღმიდან აკეთებს კომენტარებს.

ლორდ ბიძინას, საქეროსის "უკანასკნელ იმედს", რომლის მმართველობის ფორმა აბსოლუტურ მონარქიაზე არის დაფუძნებული, ბევრი ვასალი ჰყავს, მათ შორის ყველაზე გამორჩეულნი, რამდენად პარადოქსულიც არ უნდა იყოს, რესპუბლიკელები (დევიზი - "არ გასიამოვნებთ") და თავისუფალი დემოკრატები (დევიზი - "ჩვენი კაცი რა კაცია") არიან.

ორი მთავარი დაპირისპირებული მხარის გარდა ცალკე მოხსენიებას იმსახურებს რამდენიმე დამოუკიდებელი წარმონაქმნიც. მათ შორის არიან მარად ახალგაზრდა, ენერგიით აღსავსე ბიჭუნა - ჯონ სნოუ კუკავა პენი და მისი 500 გზააბნეული ვაჟკაცი, რომლებიც, ვითარცა "ღამის გუშაგნი", მარად მზად არიან, ქვეყნის საზღვრებში შემოჭრილ აგრესიულად განწყობილ უცხოელ გლეხებს ბდღვირი აადინონ.

განსაკუთრებული ადგილი საქეროსში "მოხეტიალე შეშლილთა უდროშო საძმოს" უჭირავს. ისინი ყველა გაერთიანებაზე და სახლზე მაღლა დგანან და არავის აღიარებენ. ამბობენ, რომ მათი ბელადი, შალვა ჰუდი მდიდარს ართმევს, ღარიბს პირდება და ფიცი აქვს დადებული, ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას ებრძოლოს, სანამ დიდი ბელადი არ დაბრუნდება, ვისთან ერთადაც იგი მითიურ ურჩხულს, დიქტაიტას დაამარცხებს.

არსებობს კიდევ ერთი სახლი, რომელზეც ბევრს არ ლაპარაკობენ, თუმცა მისი მომხრეები ღამით სანთლის შუქზე იკრიბებიან და ივერიის გაბრწყინებაზე ოცნებობენ. მათი ლიდერი, რომლის მანუსკრიპტმა ცოტა ხნის წინ მთელი საქეროსი საფიქრებელში ჩააგდო, რაინდი სერ ვასაძეა, რომელმაც ერთდროულად ბარდის, საქმოსნისა და სულიერი მეომრის სიმაღლეებს მიაღწია. ამბობენ, რომ ის მაგიურ ჩოხას ფლობს, რომლის ჩაცმის შემდეგ მისი ქარიზმა შვიდმაგდება. ვითარცა ტარგარიენები, მისი შტო ჩვეულ წყობაში შეჭრას და შუშის ტახტის ხელში ჩაგდებას აპირებს. მისი დევიზი პერგამენტის სამოცდახუთგვერდიან ფურცელზეა დატეული, რომელიც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ამავე საიტზე იხილონ.

საქეროსში ამჟამად მშვიდობამ დაისადგურა, თუმცა რამდენ ხანს შეძლებს ალიგარხის მილიარდები ქართველ ლორდთა ამბიციების შეკავებას - უცნობია. ეს ხომ საქეროსია, აქ ან მეფეებად იბადებიან ან თამადებად.

პ.ს. სტატიაში ნახსენებ ღირსეულ გვამთა გარდა, საქეროსში ბევრი სხვა ღვაწლმოსილი პიროვნებაც სახლობს - მაღალი სეპტონით დაწყებული, სერ გუბაზ ყოვლისმჭამელით დამთავრებული. მარტო სამეფო ჯალათი, სერ ბაჩო ცოცხინგი რად ღირს! მათ ისტორიებს ჩვენი მკითხველი თქვენი მონა-მორჩილის მომავალ ოპუსებში გაეცნობა.

სურათების ავტორი - გურამ რუხაძე