ჭინჭრიანი თეოკრატია
რამდენი ტურისტიც არ უნდა ჩამოვიდეს ჩვენი ქვეყნის სანახავად, რამდენადაც არ უნდა გაიზარდოს ჩვენი მოქალაქეების შემოსავალი, ცხადზე ცხადია, რომ კიდევ კარგა ხანი ჩვენ ნორმალური საზოგადოება ვერ გავხდებით. დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობისთვის უპირველეს ყოფლისა აუცილებელია კანონის უზენაესობა, ადამიანთა უფლებების დაცვა და მისი მოქალაქეების მიერ გაცნობიერება ფაქტისა, რომ კანონის წინაშე ყველანი თანასწორნი ვართ. ჩვენთან, როგორც ყოველთვის, კანონს მხოლოდ მაშინ იცავენ, როცა ეს მოსახერხებელია. ამიტომაც ვცხოვრობთ მაღალგანვითარებულ გამოქვაბულში.
არავინ გაძალებთ, მოგწონდეთ ჰომოსექსუალების ცხოვრების წესი, არავინ გაძალებთ, იმეგობროთ მათთან ან საერთოდ რაიმე სახის ურთიერთობა გქონდეთ, არავინ გაძალებთ მოგწონდეთ ის, რომ ისინი საკუთარ პოზიციას ხმამაღლა აფიქსირებენ. ერთადერთი, რაც უნდა გახსოვდეთ, არის ის, რომ სექსუალური ორიენტაციის გამო, ადამიანს მეტი ან ნაკლები უფლებები არ ეძლევა. მარტივია არა? ნებისმიერი არგუმენტი ამის წინააღმდეგ ინფანტილიზმით და პრიმიტიულობით არის გაჟღენთილი.
დღეს ნათლად გამოჩნდა, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს არა მხოლოდ არ აინტერესებს, რა არის ადამიანის უფლებები, არამედ პირდაპირ მათ წინააღმდეგ გამოდის. არ მინდა უტრირება თემაზე, თუ რა და როგორ მოხდებოდა ევროპაში. ფაქტია, განვითარებულ საზოგადოებას რეალურად ერთი მახასიათებელი აქვს, მხოლოდ ერთი - აზრის გამოხატვის თავისუფლება. მითუმეტეს, როდესაც საუბარი საკუთარი ღირსების პატივისცემაზე. როგორც ჩანს, ჩვენ არ ჭეშმარიტებმდე დღემდე ვერ მივედით.
სანამ აქცია გაიმართებოდა (უფრო სწორედ არ გაიმართებოდა), ქართული ინტერნეტ სივრცე სავსე იყო დისკუსიებით ამ თემაზე. ის, რომ 100 ამდე ადამიანი ქუჩაში უნდა შეკრებილიყო ნახევარი საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის სალაპარაკო გახდა. "განა არ გვაქვს სხვა პრობლემები?" გაყვიროდნენ ერთნი. "ამ ავადმყოფებს რატო ვაძლევთ ამდენ უფლებებს?" ბრაზობდნენ მეორენი- "ეს საქართველოს დემოგრაფიას და არსებობას უქმნის საფრთხეს!" ვალალებდნენ მესამენი
შენ კაი კაცო, სხვა პრობლემებიც გაქვს? მიხედე!
ავადმყოფები არიან? მუშტით კურნავ?!
მონღოლებმა, სპარსებმა, რუსებმა და ათასმა სხვამ ვერ გაგანადურა და 100 ჰომოსექსუალი მოგიღებს ბოლოს?
ის, რომ სასულიერო პირები ძალადობისკენ არ უნდა მოუწოდებდნენ მრევლს და შსს-ს არ უნდა ემუქრებოდნენ სეკულარულ (ოფიციალურად მაინც) სახელმწიფოში, ამაზე კომენტარის გაკეთება მემგონი არც ღირს. ათასი სიტყვაც ვერ აღწერს აქციის მონაწილეებისკენ მიმდევარ მრევლს, რომელსაც მათი სულიერი მამები აქეზებდნენ. თავად ნახეთ კადრები, დარწმუნებული ვარ, ამ დღეების განმავლობაში უამრავ "მარგალიტს" აღმოვაჩენთ. არა, ბატონებო, ეს ხალხი ვერ შექმნის თანამედროვე სახელმწიფოს, ერთადერთი, რაც მას შეუძლია, არის ის, რომ ჩვენ მეზობელი ირანისგან აიღოს მაგალითი, უარი თქვას დემოკრატიაზე და სანიმუშო მართლმადიდებლურ თეოკრატიად ჩამოყალიბდეს.
იმას, რაც მოხდა, არც საზოგადოების და პოლიტიკოსების მხრიდან დაგმობა უშველის. დარწმუნებული ვარ, ჭინჭრებით შეიარაღებული ბებიები ინტერნეტ ჰიტად იქცევა და ალბათ ვიმსახურებთ კიდეც, რომ საქართველოს ხსენებაზე თვალწინ ყველას ჯინჭრით და კვერცხით შეიარაღებული გამძვინვარებული ბერიქალის სურათი წარმოუდგეს.
აგერ, რედაქტორი მეუბნება, მეორე მხარის არგუმენტებიც წარმოაჩინეთო. ვერაფერს ვიტყვი, 14 საუკუნეში გაჭედილი ბრბოს ფსიქოლოგიის ექსპერტი არ ვარ და მათ ირიბად მაინც გამართლებას არ ვაპირებ.