გადავიფიქრე - აღარ გაძლევთ ხმას!
ბენდუქიძე რომ "ემას შოუში" ცუდად მოიქცა და ცუდი სიტყვები იძახა (კაცმა რომ თქვას, არც ანალოგიური პასუხი დაჰკლებია), მაგ ამბავზე მინდოდა დამეწერა - შეხლა-შემოხლა, თუნდაც სიტყვიერი, ზოგადად, ინტერესს იწვევს ხოლმე (უფრო სწორედ - არაჯანსაღ ინტერესს), მაგრამ აღარ დამჭირდა, რადგან ის შეხლა-შემოხლა არაფერია იმასთან, რაც თბილისის ერთ-ერთ რესტორანში მოხდა: აბა, იქ იყო, თუ იყო "შეხლაც" და, განსაკუთრებით, "შემოხლაც" - 30 კაცი რომ "შეელახა" 2 კაცს (და 1 ქალს), ისინი აქეთ ისე "შემოელახნენ", რომ "ნაცმოძრაობის", უკაცრავად - "ახალი ეროვნული მოძრაობის" აქტიური შემადგენლობის მოზრდილი ნაწილი დღემდე "გაკერილი" დადის (ალბათ "კაკ რაზ" ჩვენი ჟურნალის გამოსვლის დღისთვის მოხსნიან ნაკერებს).
საერთოდ, რესტორანში ჩხუბი "სპორტის ქართული ეროვნული სახეობაა" - მამა-პაპისგან მოგვდგამს და არაფერი იქნებოდა ამაში უცნაური და საშინელი. ისიც, რომ ოცდაათი კაცი ორს დაეტაკა, "ჩვენებური" ამბავია (აბა, ორი ხომ არ ეძგერებოდა ოცდაათს), მაგრამ ამ ჩხუბში რომ ის ორი გამოვიდა "გამარჯვებული" - ეს უკვე არ არის აქაური და ეს ჩივილიც "არაქართულ-არაკაცურია".
სამაგიეროდ, ნებისმიერ სოციოლოგიურ კვლევაზე უკეთესად, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ხალხის (დიდი უმრავლესობის) განწყობილება, როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე ელექტრონულ პრესაში განთავსებული კომენტარებით: "გენაცვალეთ ხელ-ფეხში!" "ცოტა მოხვდათ!" "აბა, რა ეგონათ?!" - და ამ ფონზე "ნაცმო" (ისევ შემეშალა - "ახერმოძი" უნდა მეთქვა) შიდაპარტიულ პრაიმერს ატარებს პრეზიდენტობის წამოსაყენებლად: ე.ი. იმდენი ჰყავთ ღირსეული და ხალხის საყვარელი კანდიდატი, რომ კონსენსუსის მიღწევა უჭირთ და სხვა გზა არა აქვთ...
სამაგიეროდ, "ქართულ ოცნებას" ერთი კანდიდატი ჰყავს და ისიც - "უღირსი": საწყალ გამომცემლებს ჩაგრავს, საქართველოს დაბრუნება უნდა რუსეთის ორბიტაზე, ბენდუქიძის უნივერსიტეტს ერჩის, ცოლი ჰყავს მსახიობი და ფილოსოფოსია!
ყოველ შემთხვევაში, მოწინააღმდეგეებისგან მე ჯერ სხვა არგუმენტი მარგველაშვილის განსაქიქებლად ვერ მოვისმინე.
ამასობაში, პირველ "დიდ გადადგომას" (სოფლის მეურნეობის მინისტრს ვგულისხმობ) პირველი "დიდი დაპატიმრება" მოჰყვა - ღარიბაშვილმა არა უბრალოდ მავანი მაღალჩინოსანი, არამედ საკუთარი მოადგილე მოათავსა "დასასვენებლად" და აქაც ყველაზე სახალისო სასმენ-საყურებელი - "ნაცმოს" (ვაჰ, "ახალი ეროვნული მოძრაობა"-მეთქი - "ახერმოძი"; მგონი, შალვა რამიშვილმა მოიგონა ეს ტერმინი, ძალიან მომწონს) "ფეისების" კომენტარები და მათი "ფეისები" იყო: სატყუარაა, ვითომ დემოკრატობენ; "პეშკა" გაწირა, რომ სხვებს ხელი დააფაროს; სხვა გზა არ ჰქონდაო, - და ა.შ.
თქვე... კარგო ხალხო (გამოთქმაა ასეთი: შე კაი-კაცოს "პონტში", თორემ...), ერთი თქვენი გაწირული "პეშკაზე" მეტი ("აფიცერი" ან "ტურა") გამახსენეთ და "ვითომ დემოკრატობაც" რომ თქვენი მოგონილია, მთელმა მსოფლიომ გაიგო უკვე.
ისე კი, ძალიან გგულშემატკივრობთ - "ზომიერად" თქვენი არსებობაც საჭიროა, უინტერესო იქნება ცხოვრება უთქვენოდ. ამიტომ, მომავალ არჩევნებზე აუცილებლად თქვენ მოგცემთ ხმას, სხვებსაც მოვიყვან - მინიმალური ზღვარი ხომ უნდა გადალახოთ.
პ.ს. ერთი წუთის წინ ახალი ინფორმაცია ვნახე: ყოფილ ხელისუფლებას არამიზნობრივად თითქმის 1 მილიარდი დაუხარჯავსო (რაც უკვე დათვალეს)! გადავიფიქრე - აღარ გაძლევთ ხმას!
და რესტორანშიც, თუკი დავინახავ, რომ 30 კაცი 2-ს "ებლატავება", იმ ორის მხარეს დავდგები - იმიტომ კი არა, რომ ორი ოცდაათზე ცოტაა და ცოდოა, არამედ იმიტომ, რომ ზუსტად მეცოდინება, ის 30 ვინ არის!
პ.პ.ს. არა, მართლა როგორ არ გაუტყდათ: ვერავინ ამტკიცებს, რომ 2ვს30 არ იყვნენ და მაინც ჩივიან და მოძალადეებს იმათ ეძახიან...