ხუთში გრძელი - კვირის პალიტრა

ხუთში გრძელი

სათაურზე ქვემოთ ვისაუბროთ.

ჯერ კი ჩემი ტელე-რადიო ტოკშოუ ”პროვოკატორის” რეკლამით უნდა დავიწყო: სამშაბათს სტუმარმა ”გადამაგდო”! სიმართლე რომ გითხრათ, არ ველოდი - კოლეგები დამეთანხმებიან, რომ ჯონდი ბაღათურია ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული რესპონდენტია, ქართველ პოლიტიკოსებს შორის, მაგრამ პარლამენტში მიუწვევიათ, რომელიღაც კომიტეტის მოსმენაზე და ეტყობა ისე გაუხარდა, რომ გადავავიწყდი.

არა უშავს, ოღონდ იქ რამე საქმე გაკეთდეს და ჩემი თავი ჯანდაბას. მით უმეტეს, რომ ასეთი რეალობის წინაშე აღმოჩენილი (უკვე სტუდიაში შესულმა გავიგე, რომ მარტო ვიქნებოდი), იძულებული გავხდი, რაღაც ინტერაქტივის მსგავსი მომეწყო და მსმენელ-მაყურებლისათვის მეთხოვა დახმარება - დაერეკათ და ნებისმიერ საკითხზე გვესაუბრა.

ჰოდა, ნახსენები რეკლამის დროც მოვიდა: ისეთი კარგი გადაცემა გამოვიდა, იმდენმა მაყურებელმა დარეკა, რომ თუ თქვენი სურვილი იქნება, ყოველი კვირის ბოლო გადაცემა ასეთი გავაკეთოთ, ანუ მე და თქვენ, სტუმრების გარეშე ”ვიპროვოკატოროთ”.

ახლა კი სხვა საქმეებს მივხედოთ. სათაურმა ვისაც კითხვები გაგიჩინათ, ვჩქარობ გაგიმარტოთ: დროებით დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების გზებს ვგულისხმობ. დღემდე პრაქტიკასა თუ მსჯელობაში სულ ხუთ საშუალება გვაქვს გამოცდილი თუ განხილული: რუსეთისთვის უკანალზე კოცნა, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დასავლეთის ქვეყნებში მათხოვრობა, ეს ორივე ერთად, ომი და უშუალოდ აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის დალაგება.

ამ ხუთი გზიდან ყველაზე გრძელი ბოლოა, მაგრამ თუ ანდაზას ვენდობით (”შორი გზა მოიარე, შინ მშვიდობით მიდიო”), ყველაზე სანდოა. ანდაზა იქით იყოს, ომი უკვე ვცადეთ და არაფერი გამოვიდა და თუ ამ (მეხუთე) გზასაც არ ვინდომებთ, მაშინ ხუთში კი არა, სამში გრძელი (გზა) დაგვრჩება.

ზოგადად, ეს თემა იმიტომ წამოვწიე, რომ მავთულხლართები თბილისი-გორის ”ავტობანს” მოადგა და კიდევ იმიტომ, რომ გასულ კვირაში დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი სოციალურ ქსელში და პრესაში გაურკვეველი სურათების გამო - ვირაცები სიხარულისგან ჭყლოპინებდნენ, - ნახეთ, ქართველი და აფხაზი ახალგაზრდები საქართველოსა და აფხაზეთის დროშებით ხელში სოხუმის ქუჩებში დადიან, აფხაზებს მანქანის კაპოტზეც ჩვენი დროშა უხატიათ და საერთოდ, აფხაზეთში ახალგაზრდული მოძრაობა ”აფხაზეთი საქართველოა” დაიწყოო!

ცხადია, მეც ძალიან გამიხარდებოდა, ასე რომ ყოფილიყო, მაგრამ მსგავსი არაფერი - აფხაზეთში ვერავინ გაბედავს, თუნდაც გულში გაივლოს საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება. ეს ჩვენ უნდა მოვანდომოთ მათ!

და რით უნდა მოვანდომოთ? ვანში რომ მამამ თავი ჩამოიხრჩო, - ეგებ ჩემს დასაფლავებაზე მაინც შემოვიდეს იმდენი ფული, რომ ჩემს შვილს ოპერაცია გაუკეთდესო (2000 ლარი!)?! თუ იმით, რომ ბათუმში, ”ლიბერთი ბანკის” ოფისში, პენსიების რიგში მომხდარ ჭყლეტვაში ქალბატონი დაიღუპა (აფხაზებსა და ოსებს რუსული, ანუ 3-ჯერ მეტი პენსიები აქვთ)?!

აჰა, ამ წუთას შეგვატყობინეს, ქართველი ჟრნალისტები დააკავეს იმ ჯანდაბის მავთულხლართებთან ოსებმა თუ რუსებმა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. აფხაზები კი ქართული მუზეუმებიდან ”თავიანთი” ექსპონატების დაბრუნებას ითხოვენ...

ჰო... მოკლედ ეგ არი რა... აი, სათაურში რაც დავწერე...

P.S. აგერ, არჩევნებიც მოგვიახლოვდა. დიდი მზადებაა დაწყებული - რაიონებში უკვე მიდის დედ-მამის გინება და გზებზე დახვედრები, თბილისში ხომ იქნება და იქნება ბატალიები.

დედაქალაქის მერობის კანდიდატად უკვე ხუთი კაცია დასახელებული: ”ოცნებამ” ნარმანია შემოგვთავაზა, რომელსაც მინისტრობაზე ათქმევინა უარი; ”ნაცებმა” - ნიკა მელია, როგორც ერთი ბოლოდროინდელი ინტერნეტ-ვარსკვლავი ამბობს, ”ვეს ტაკოი იმპაზანტნი”; ერთმა არასაპარლამენტო ოპოზიციამ - კახა კუკავა; მეორემ - დიმიტრი ლორთქიფანიძე: ”შალიკო ენდ ლეიბორისტებმა” - ქალბატონი ასმათ ტყაბლაძე...

ახლა მთავარია, არჩევანი გონივრულად გავაკეთოთ, თორემ მართლა სიმაღლის მიხედვით თუ ავირჩიეთ (მგონი პრეზიდენტი ადრე ეგრე აირჩია ბევრმა) და ისევ ”ხუთში გრძელს” (როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით) მივეცით ხმა, ქალაქის ხელმძღვანელობაში კვლავ ძველებს მივიღებთ და მერე წუწუნი არ იყოს!