გასდით და ტირიან! - კვირის პალიტრა

გასდით და ტირიან!

გასული "პროვოკაციიდან" დღემდე რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა ჩვენს ქვეყანაში - ექსპრეზიდენტის პომპეზური დაკრძალვიდან დაწყებული, თბილისის მერის არჩევით გაგრძელებული და ჩვენი შსს-ს მიერ მსოფლიო მასშტაბით უპრეცედენტო რაოდენობის ნარკოტიკების პარტიის ამოღებით დასრულებული.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ქართველი საზოგადოების ყველაზე ცხარე განსჯა-კამათის მიზეზი მავანი მუსიკალური ჯგუფის მიერ დადგმული "ორიგინალური" ნომერი გახდა, სადაც "რაჭულის" შესრულების თავისებური ვერსია ვიხილეთ და მოვისმინეთ - მოსმენისა რა მოგახსენოთ, რაგინდ ლამაზი უკანალიც უნდა იყოს, დოლი მაინც დოლია და აშკარად უკეთესი ხმა აქვს; რაც შეეხება ვიზუალს - კაცია და გუნება...

რეაქცია ამ ამბავზე იყო სრულიად ერთგვაროვანი - საყოველთაო აღშფოთება! ოღონდ ამ აღშფოთებას ჰქონდა "ვარიაციები": ზოგი ქართული ფოლკლორის შეაურაცხყოფამ აღაშფოთა, ზოგი - "კომპოზიციის" არამუსიკალურობამ, ზოგი - უხამსობამ.

მაგრამ ყველაზე "ჭკვიანები" ისევ და ისევ, ქართული არასამთავრობოები აღმოჩნდნენ, რომლებმაც ამ იდიოტობაში ერთადერთი უარყოფითი მხარე დაინახეს - გენდერული დისკრიმინაცია და ქალის შეურაცხყოფა!

შეურაცხყოფა ახლა ნახეთ - აი, საჯაროდ, მრავალათასიანი ტირაჟით ვაცხადებ და მიჩივლეთ: თქვენ, ვინც ეს განცხადება გააკეთეთ, იდიოტები ხართ!

თქვენზე უარესი იდიოტები ისინი არიან, ვინც საქართველოში არასამთავრობოთა ხელშეუხებელი კასტის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი და ამ სექტორს იმაზე მეტი ფუნქცია მიანიჭა, ვიდრე იმსახურებს.

შეგახსენებთ, საქართველო ის ქვეყანაა, სადაც არც ერთი საჭირბოროტო საკითხი არასამთავრობოთა წინასწარი მიმოხილვის, მათი "სანქციისა" თუ "რეზოლუციის" გარეშე არ წყდება.

არავინ იფიქროს, რომ საერთოდ არასამთავრობო სექტორის, თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების ამ უმნიშვნელოვანესი ნაწილის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ მისი, როგორც სახელმწიფო-სახელისუფლებო ორგანოების "ზემდგომობა" მკლავს, რადგან ჩვენ, როგორც ყველა სხვა საკითხში, აქაც "რომის პაპზე მეტი კათოლიკეები" გავხდით.

მე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუ მიმყავს "რადიო" და "ტელეპალიტრაში" და ხშირად ვიწვევ რესპონდენტებს "ენჯეოებიდან", ამიტომ სხვაზე უკეთესად ვიცი, როგორ არიან "გაბლატავებულები". მაგრამ მათ რას ვერჩი, ანდაზა ამბობს, - "ბავშვს ჰკითხეს, რა გატირებსო? - გამდის და ვტირიო, - უპასუხა" (ეს ანდაზის მოკლე ვარიანტია, სრულში ალბათ ასე "ეწერა": "უზრდელ, ცუდ, ოროსან, უნიჭო და გათავხედებულ ბავშვს ჰკითხეს..." - დანარჩენი, როგორც ტექსტშია), - ჰოდა, უნდა ნახოთ მათ მიმართ "შიში და კდემა" ზოგიერთი პოლიტიკოსისა (ხელები მექავება, რომ ეს სიტყვაც ბრჭყალებში ჩავსვა: ესენიც პოლიტიკოსები არიან და... აი, გენშერი გამოჩნდა ეკრანზე! გენშერიც პოლიტიკოსია და ესენიც? ანუ ესენი არიან გენშერისა და რეიგანის "კოლეგები"! ვაჰაჰაჰაააა!!!).

კიდევ ვიმეორებ: არასამთავრობო სექტორი დიდი ძალაა წესიერი საზოგადოების პირობებში ხელისუფლებისა და საერთოდ, პოლიტიკოსების კონტროლისა, მაგრამ ეს კონტროლი ალბათ გაკეთებულ საქმეებს უნდა ეხებოდეს და არა იმას, თუ რა როგორ გაკეთდეს, დაგეგმვას და მათგან "ნებართვის" მიღებას (ცხადია, შემთხვევათა უმეტესობას ვგულისხმობ და არა - ყველას).

ერთ მაგალითს შეგახსენებთ: როდესაც ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო პარლამენტმა, მთავარ "არგუმენტად" ამაყად იმეორებდნენ კანონმდებელნი - უკვე მესამე თვეა, ამ კანონის განხილვა არასამთავრობოებში მიმდინარეობს და მათი წინადადებები სრულად გავითვალისწინეთო. ეს იმ დროს, როდესაც არც საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვანი - მართლმადიდებლური ეკლესიის მმართველი ორგანო და არც სხვა კონფესიების წარმომადგენლები კანონის მიღებამდე ხუთი დღით ადრე, აზრზე არ იყვნენ, რაზე მიდიოდა მუშაობა.

ეგ არი - გავიჩალიჩე "ენჯეოშნიკების" რისხვა! ყურებზე ხახვი არ დამაჭრან. ერთსაც ვიტყვი: ამ ქვეყანაში, სადაც პატარა თონის პატრონსაც კი ათასი ფინინსპექტორი თუ შემოსავლების სამსახური აკონტროლებს, ხოლო აკრედიტაციისა და შესაბამისი სერტიფიკატის გარეშე საბავშვო ბაღის მზარეულსაც არ იღებენ სამსახურში, ამათი შემოსავლები ოდესმე შემოწმდება?! და მთავარი: ვინ, რომელი სახელმწიფო ორგანო ამტკიცებს იმათ კვალიფიკაციას (გარდა უნივერსიტეტების დიპლომებისა, ეს არ ითვლება), ვინც უმნიშვნელოვანესი საკითხების წინასწარ განხილვაში (ფაქტობრივ გადაწყვეტაში) თავხედურად მონაწილეობს?!

P.S. არ შემიძლია, ერთ თემას არ შევეხო: წინა "პროვოკაცია" ედუარდ შევარდნაძეს ეხებოდა და იქ დავწერე, მამაცი კაცი იყო-მეთქი! აუუუ, ატყდა ამბავი, მაგრამ რა ატყდა: რედაქციაშიც დამირეკეს ქოქოლის დამყრელებმა და "კვირის პალიტრის" საიტზეც, სადაც ბლოგის სახით გამოქვეყნდა, კომენტარებში მლანძღეს.

ამიტომ, მათთვის კიდევ ვიმეორებ (ბოლოჯერ): იქ ეწერა ერთადერთი რამ, რომ შევარდნაძე ქვეშაფსია სააკაშვილზე მამაცი იყო. მეტი არაფერი. ამ აზრზე დავრჩები ყოველთვის. ხოლო იმ პრეტენზიას, თუ რატომ არ დავწერე, რომ მან ქვეყანა ამოაგდო, კიდევ ვუპასუხებ: ამის შესახებ იხილეთ შევარდნაძის დროინდელი "პროვოკაციები". მიცვალებულთან დაკავშირებით კი იმ ღირსებაზე გავამახვილე ყურადღება, რაც გამახსენდა. წესია ასეთი, აქაური წესი, და ვისაც არ მოსწონს, წავიდეს სხვა ქვეყანაში, სადაც მიცვალებულებს ასამართლებენ.

P.P.S. აი, ეროსი კიწმარიშვილი მოუკლავთ თუ თავი მოუკლავს - ამწუთას გამოაცხადეს. რა ვქნა - რაც მე ეგ კაცი მილანძღია ამ გვერდზე, ახლა არ შემეცოდოს და ვთქვა, ძალიანაც კარგი უქნიათ-მეთქი?!