კარუსელი დაიქოქა! - კვირის პალიტრა

კარუსელი დაიქოქა!

იროდიონი ხომ გახსოვთ "ცისფერი მთებიდან"? შვებულებაში თან რომ გადის და თან - ვერა, "ფაქტიურად შვებულებაში" რომ არის და სოსოს ხათრით მაინც რომ "კითხულობს" მის ნაწარმოებს.

აი, დაახლოებით ეგრე ვარ: "შვებულებაში ვარ ფაქტიურად", მაგრამ თქვენი და რედაქტორის ხათრით მაინც ვწერ ამ "პროვოკაციას" (მაინც მეჩხუბება), თუმცა, უნდა გამოგიტყდეთ, არცთუ დიდი ხალისით...

არა, იმას არ ვამბობ, მეზარება-მეთქი, პირიქით - ვნანობ, რომ ასეთ დროს მიხდება შვებულებაში გასვლა. როგორც წესი, ზაფხული "პოლიტიკური სიგრილის" პერიოდია ხოლმე და შვებულებაშიც ამ დროს მივდივართ ჟურნალისტები.

"პროვოკაცია" - "პროვოკაციად", შვებულებაში მყოფიც დავწერ და ხეზე დაკიდებულიც, მაგრამ ტელერადიო "პალიტრაში" ყოველდღიური გადაცემა რომ მაქვს, იქ აგვისტოს შუა რიცხვებამდე არ ვიქნები და ამიტომ მწყდება გული: ვიფიქრე, დავისვენებ, ამ დროს უჩემოდ არაფერი მოხდება-მეთქი, მაგრამ მაინცდამაინც ახლა მოუნდა ღარიბაშვილს მინისტრების მოხსნა-გადაყენება.

არ ეზარება მაინც ამ სიცხეში?..

არადა, ვიცოდი. კარგა ხნის წინ ვიცოდი, რომ "კარუსელის" გარეშე დიდხანს ვერ გაძლებდა ჩვენი პრემიერი, რადგან კია პრემიერი, მაგრამ ახალგაზრდაა მაინც და ხომ იცით: კარუსელი, ზოოპარკი, მამალო, "ბამბის მაროჟნი"... უყვართ ბავშვებს...

ისე, საქართველოში ძალიან ძნელია მინისტრობაც, ჟურნალისტობაც და საერთოდ - ქართველობაც. წარმოიდგინეთ: იმ შვიდი მინისტრიდან, რომელიც "კარუსელზე დასვეს" (ტერმინია ასეთი, თორემ რეალურად მხოლოდ ორი "აკატავეს", ხუთი კი საერთოდ მიაპანჩურეს "მუშტაიდიდან"), ოთხს ძალიან კარგად ვიცნობ, კარგი ადამიანური ურთიერთობებიც გვაქვს და მცირე (ცხადია, კანონიერ) სათხოვარზე უარს არასოდეს მეტყოდნენ. ამიტომ ვამბობ, ძნელია-მეთქი: იმის გარდა, რომ ცოტანი ვართ, ჩვენს ტრადიციულ კომუნიკაბელურობასაც თუ დავუმატებთ, ყველა ერთმანეთს ვიცნობთ და ამიტომ მოსახსნელის მოხსნის გამო, კმაყოფილებასთან ერთად, ნაცნობ-ამხანაგის მოხსნის გამო წყენაც აქვეა.

თანაც, ურთიერთობა მხოლოდ კარგს ხომ არ გულისხმობს?! აგე, იმ ახალდანიშნულთაგან ერთ-ერთისთვის, ჯეელობაში ისეთი ჭიტლაყი მაქვს ამორტყმული, რომ მახსენდება, ახლაც მტკივა ტერფი. მერე, კარგია ეს?! მე თუ ტერფი მტკივა, იმას ხომ უფრო ტკივა ის... რა ჰქვია... ჰო, რაც არის. ხომ ემახსოვრება ის ამბავი და მინისტრის გადაკიდება მინდა მე?..

მოკლედ, ვერ მივდივარ შვებულებაში კარგ ხასიათზე. და არა მხოლოდ ამ მიზეზთა გამო. სხვა მიზეზებიც მაქვს: ვიფიქრე, ტყუილად უნდა ვიჯდე და ძველ "პროვოკაციებს" გადავავლებ თვალს, იქნებ ზოგიერთი ამოვარჩიო და პატარა წიგნაკად გამოცემაზე ვიფიქრო-მეთქი, მაგრამ რომ გადავიკითხე, სხვა საფიქრალი ამეშალა: იმდენი კარგი რამე დამიწერია, იმდენი სწორი პროგნოზი გამიკეთებია, იმდენი ზუსტი ანალიზი შემომითავაზებია, რაღა დროს ჩემი "პროვოკატორობაა"?! კარგი, მინისტრებს, სანამ კისერს მოიტეხენ, თავი ყველაზე ჭკვიანი ჰგონიათ და არც რჩევა უნდათ და არც მრჩეველი, მაგრამ ვინმე ჩემს მკითხველთაგანს არ გჭირდებათ მრჩეველი? ოღონდ, მაღალანაზღაურებადი! გამოგადგებით, იცოდეთ, მანქანის ზოგიერთი ხელოსანი როა, იმათსავით, - "ყველაფერჩიკი" ვარ (სხვათა შორის, მანქანის შეკეთებაც მეხერხება)! ამას კი იმიტომ ვწერ, რომ სწორედ ძველ "პროვოკაციებში" ტყუილად "დახარჯული" სიბრძნეების გამო გადავწყვიტე: აღარ ვაკეთებ მნიშვნელოვან პროგნოზებსა და ანალიზს მუქთად! მორჩა.

ერთი-ორი ასტროლოგი ვიცი და იმათი არ იყოს, გაზეთებში "კაპიკებად" რომ წერდნენ დღის ჰოროსკოპებს, "დაამხეცეს" და ახლა ოთუზბირად უკეთებენ ფულიან შტერებს პირად ჰოროსკოპებს.

მეც აღარ მინდა. რამე თუ გაინტერესბთ, დამირეკეთ და იაფად მოგცემთ რჩევას, ოღონდ, შვებულებიდან რომ გამოვალ.

P.S. მთლად ხელიდან წასული და ფულზე გადარეული არ გეგონოთ; საერთო საქმისთვის მზად ვარ, ისევ გემსახუროთ. ამიტომ, ორ გაფრთხილება-პროგნოზს ისევ გაახლებთ, ორივე თურქეთთან არის დაკავშირებული: ოშკის აღდგენის პროექტი დაასრულეს თურქმა რესტავრატორებმა და ის შეჩერებული ხელშეკრულება თუ არ განახლდა, თავის ჭკუაზე გააკეთებენ იქ ყველაფერს და დავრჩებით ხახამშრალი (სამაგიეროდ, უკვე ისმის საუბარი იქ, თურქეთში, რომ ოშკი, ხახული, იშხანი არა ქართული, არამედ "ქართულ-სომხური"(?!) ძეგლებია).

და მეორე: დღე-დღეზე მტკიცდება ჰესების კასკადის გეგმა, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე, მტკვარზე უნდა აშენდეს. შედეგად მივიღებთ აღმოსავლეთ საქართველოს მტკვრის გარეშე, მტკვარი კი ჭოროხისკენ "შებრუნდება" და შავ ზღვაში ჩავა. არ გაგეცინოთ, სრულიად რეალური ამბავია.

ვისაც ევალება, კეთილ ინებონ, ერთი ადგილი ასწიონ და საქმეს მიხედონ, თორემ კარუსელი დაქოქილია, ხომ ხედავთ?