ისტორია ისწავლეთ, ხელისუფალნო, გამოგადგებათ! - კვირის პალიტრა

ისტორია ისწავლეთ, ხელისუფალნო, გამოგადგებათ!

სააკაშვილს ბრალი წაუყენეს!

დარწმუნებული ვარ, ბევრი მკითხველი - ისინიც, ვისაც ჩემი დამოკიდებულება ახსოვს ექსპრეზიდენტის მიმართ და ისინიც, ვინც ახალი ხელისუფლებისგან პენსიების მომატებასა და საყოველთაო დაზღვევაზე მეტად, სამართლიანობის აღდგენასა და დამნაშავეთა დასჯას ითხოვდა, ელოდებიან, რომ მე ხელების ფშვნეტითა და კმაყოფილი ქირქილით მოვყვები "პროვოკაციას" დაახლოებით ამ სტილში: "აბა, რა ეგონა, შერჩებოდა?!"

მკითხველთა ამ ნაწილმა (რომელიც იმედია, მრავალრიცხოვანი არ არის), მაპატიოს, თუ იმედს გავუცრუებ, მაგრამ ეს ამბავი მე ძალიან, ძალიან მეწყინა!

არა, იმას არ ვამბობ, რომ მოულოდნელი იყო; არც იმას ვგულისხმობ წყენაში, რომ თუკი დამნაშავეა, მისი დასჯის წინააღმდეგი ვიქნები, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით: ჩვენთვის - ქვეყნისთვისაც და მისი თითოეული მოქალაქისათვისაც ყველაზე კარგი ის იქნება, თუ ბრალდებულის დაცვა 80-ტომიანი საქმის ყველა ბრალდებას არგუმენტირებულად(!) თავზე დაახევს პროკურატურას და სასამართლოს სამართლიანი (სამართლიანი-მეთქი!) განაჩენი პრეზიდენტის გამართლება იქნება!

კიდევ ვიმეორებ და ვისაც უნდა, მიშისტობა დამწამოს: ბედნიერი ვიქნები, თუკი მრავალთა (და მათ შორის, ჩემიც) ეჭვი უსაფუძვლო აღმოჩნდება და დადასტურდება, რომ ჩემს ქვეყანას 10 წელი გულანთებული პატრიოტი მართავდა და არა - კრიმინალი!

ამასწინანდელმა ჩემმა "პროვოკაციამ", სადაც ვთქვი, შევარდნაძე სააკაშვილზე მამაცი კაცი იყო, ფრონტის ხაზზეც და ტერაქტის დროსაც ვაჟკაცურად ეჭირა თავი-მეთქი, "კვირის პალიტრის" საიტზეც და სატელეფონო გამოხმაურებებშიც დიდი გაუგებრობა გამოიწვია: სულ რეტროგრადი და შევარდნაძის დროზე მეოცნებე (თუ "მენოსტალგიე") მეძახეს; არ მინდა, ახლაც ასე განმეორდეს, მაგრამ ვისაც გაგება არ უნდა, იმისთვის ასო-ასო აღარ განვმარტავ, რაც ზემოთ დავწერე.

ერთიც არის კიდევ: ქალაქის მერი საპატიმროშია, ასევე - თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრები, ერთ-ერთი მათგანი პრემიერიც იყო; სხვა ექსმინისტრებს, ყოფილ გენერალურ პროკურორსა და აგერ, უკვე ექსპრეზიდენტს, დაუსწრებლად აქვს ბრალი წაყენებული... არ მინდა, ახალ ხელისუფლებას (რაღა ახალი, ორი წლის ხდება უკვე) ეს არგუმენტად ექცეს, - ა, ბატონო, ამომრჩეველთა მთავარი მოთხოვნა მთლიანად არის შესრულებული და დანარჩენზე ცოტა ხანს გვაცალეთო.

ამ "დანარჩენში" კი ბევრ რამეს ვგულისხმობ - ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას და ბევრ ჯერ კიდევ ვერშესრულებულ დაპირებას...

ათიოდე დღის წინ მორიგი ტრაგედია მოხდა საქართველოს მთავარ ავტომაგისტრალზე: თურქული "ავტოტრაილერის" მორიგმა გათავხედებულმა მძღოლმა კიდევ ერთი ("კიდევ ერთი", რადგან უკვე მერამდენეა, არც მინდა დავაზუსტო, გული რომ არ გამისკდეს) ქართველი გოგონას სიცოცხლე შეიწირა. ეს უბედურება კი იმად ვახსენე, რომ ქვეყნის დამაქცევარი თუ ამშენებელი ყოფილი ხელისუფლების გასამართლებაზე არანაკლებ საქმედ მიმაჩნია ამ პრობლემის მოგვარება: ვისაც თურქეთში საკუთარი ავტომობილით უმოგზაურია, ეცოდინება, როგორ ზედმიწევნით იცავენ იქ მძღოლები მოძრაობის წესებს, მაგრამ გადმოვლენ თუ არა აქეთ, ფეხებზე ჰკიდიათ ჩვენი წესებიც და ჩვენი პატრულიც - აკრძალვის მიუხედავად, ჩამწკრივდება 3-4 ამხელა მანქანა ერთმანეთის მიჯრით და უღელტეხილზე მათ ზოზინს თუ ვერ გაუძლებს რომელიმე ქართველი მძღოლი, დააპირებს გასწრებას, შემხვედრი მანქანის გამოჩენამდე გრძელ კოლონას ვეღარ დააღწევს თავს და... ჩემი თვალით მინახავს უღელტეხილზე, როგორ გულგრილად გაუყოლებია პატრულს თვალი ამ უმსგავსობისთვის; დიახ, იმ პატრულს, რომელიც გამომეკიდა და ზესტაფონამდე მდია, - ღვედი არ გქონდა შეკრულიო. კი, ბატონო, ეს გადაზიდვები ჩვენი ეკონომიკის მასაზრდოებელია, მაგრამ რა ჩემ ფეხებად მინდა ამ ფასად აღორძინებული ეკონომიკა?!

აი, დღეს წავიკითხე: ყინწვისის მონასტერი გაუძარცვავთ! შეწირული ძვირფასეულობა წაუღიათ! გენიალური ფრესკიდან ყინწვისის ლურჯკაბიანი მჭმუნვარე ანგელოზი დაჰყურებდა ვიღაც ღორთაგანს, რომელიც ხარბად იყრიდა უბეში ოქრო-ვერცხლს! მითხარით, ამის ჩამდენის დაჭერა ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე პრეზიდენტისთვის ბრალის დამტკიცება?! რაფალიანცის საქმე?! სხვა საქმეები?!

ასე რომ, ხელისუფალნო: კარგი იქნება, თუკი ექსპრეზიდენტსა და სხვებს უდავოდ დაუმტკიცებთ ბრალს და ამას მთელი მსოფლიო დაიჯერებს; კიდევ უფრო უკეთესი, თუკი პრეზიდენტი მართალი (ოღონდ მართლა მართალი!) აღმოჩნდება, მაგრამ "წვრილ-წვრილი" საქმეები გვერდზე არ მიგრჩეთ...

P.S. ერთი სულ სხვა ამბავი: ცოტა ხნის წინ, "კვირის პალიტრის" ფურცლებზე ჯაბა სამუშია და ალეკო ელისაშვილი დაუპირისპირდნენ, ძალიან მკვეთრად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მეწყინა, ორივეს ჩემს მეგობრად მივიჩნევდი და ასეც რომ არ იყოს...

ჰოდა, "შესარიგებელ" თემას გთავაზობთ, მეგობრებო (სამუშია, იმის მიუხედავად, რომ საკრებულოში საფინანსო კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს, პირველ რიგში, ისტორიკოსია, ხოლო ელისაშვილს, მე თუ მკითხავთ, ყველაზე მეტად ეკითხება დედაქალაქის ავან-ჩავანი): "ნაცების" საკრებულოს (ჩემდა სამარცხვინოდ, ახლაღა გავიგე) ლესელიძის ქუჩისთვის კონსტანტინე აფხაზის სახელი უწოდებია. კოტე აფხაზი დიდი ქართველი იყო და მისი სახელობის ქუჩა დიახაც, უნდა იყოს, მაგრამ ვიღაც შტერს იმ საკრებულოში უნდა სცოდნოდა, რომ საბჭოთა კავშირის გმირობის მიუხედავად, გენერალი ლესელიძე მაინც ღირსეული ქართველი იყო და ამ წოდებას რუსები ქართველებს ტყუილად არ ჩუქნიდნენ. ეს კაცი ერთ-ერთი იშვიათი გენერალთაგანი იყო, ვინც შტაბიდან კი არა, სანგრიდან მეთაურობდა ბრძოლას და ჯარისკაცების გვერდით იბრძოდა. ასე დაიღუპა იმავე ომში და იმავე წელს მისი ძმა, პოლკოვნიკი ვიქტორ ლესელიძეც დაიღუპა და იმასაც სიკვდილის შემდეგ მიანიჭეს გმირობა. ეს უნიკალური შემთხვევაა იმ ომის ისტორიაში.

ასე რომ, იქნებ დავუბრუნოთ თბილისის ამ ლამაზ ქუჩას არა რუსეთის გმირის, არამედ მსოფლიო ომის გმირის, მამაცი ქართველი გენერლის სახელი.

P.P.S. სხვათა შორის, ლესელიძეების მამა, ნასაკირალის ცნობილი ბრძოლის - რუსების წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების მონაწილე იყო.

ისტორია ისწავლეთ, ხელისუფალნო, ყველა დროისა, გამოგადგებათ!