გვასწავლეთ ”გაპრავება”, მისტერ მაკკეინ! - კვირის პალიტრა

გვასწავლეთ ”გაპრავება”, მისტერ მაკკეინ!

აჰა, ”გასრულდა ესე ამბავი” შვებულებისა და მე, თბილისის მერი, თბილისის საკრებულოს ზოგიერთი დეპუტატი, ჯონ მაკკეინი ძმაკაცებითურთ, მელნიკოვის საქმის პროკურორი, მისი (უფრო ზუსტად - ”ნაცმოძრაობის”) ადვოკატები და ჩვენი პრემირ-მინისტრის მავანი რეფერენტი (”პრადვინუტებისთვისაც” რომ გასაგები იყოს - ”სპიჩრაიტერი”) ერთდროულად შევუდექით საქმეს.

ოღონდ, ამ ჩამოთვლილთაგან, ვფიქრობ, ყველაზე კარგად მე ვასრულებ ჩემს მოვალეობას, ახლა ამ ”პროვოკაციით” რომ ვცდილობ, მათი ნათქვამ-ნაკეთები შეცდომისა თუ სისულელის ახსნას.

ჰო, კიდევ ერთი: ალბათ დაგღალეთ ტრაბახით, ხშირად რომ ვამბობ, - ეს ხომ წინასწარ ვივარაუდე-მეთქი, მაგრამ ფაქტებს რა ვუყოთ? ხომ ყოფილა საჭირო ”მაკკეინ, კარლ ბილდტ ენდ კომპანისთვის” კარგი და წესიერი ახსნა-განმარტება, თუ რატომ უნდა დაიჭირონ სააკაშვილი და არა - ასეთი არგუმენტი - ”თქვენ არავინ გეკითხებათ, ეგ ყველამ იცის!”

საკრებულოს დეპუტატი რომ ვახსენე, იმით დავიწყებ - ალეკო ელისაშვილს ვგულისხმობდი. ჩამოიარა თავისი სამაჟორიტარდეპუტატო უბანი, გამგებელიც იახლა და რომელ მშენებლობას თუ სამშენებლო ორმოსაც ხელი დაადო, ერთი კახელი კინოპერსონაჟის პერიფრაზირება რომ მოვახდინოთ, - ”რომელსაც ხელი დეედო, ყველას წითელი ეენთო!” კარგია, იქნებ ასე მაინც დაემსგავსოს რამეს ეს ჩვენი ნალამაზქალაქარი და ყველა მხარში ამოვუდგებით ჩვენს ყოფილ კოლეგას, მაგრამ მაგ ამბავში საპროვოკატორო რა იყოო, - იკითხავთ. ”რა” კი არა, - ”ვინ”. ვინ და, სწორედ ის გამგებელი, მასთან ინტერვიუ ყველა არხმა გადმოსცა და ისე შემეცოდა... ”მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად შემოვიარეთ უბანი და აუცილებლად მივიღებთ მასთან კონსულტაციით, შესაბამის გადაწყვეტილებას”. - ამას გარკვევით და გასაგებად ამბობდა, მაგრამ სახეზე კიდევ უფრო გარკვევით და გასაგებად, სხვა რამ ეწერა: ”მე ჩემი ბედის დედა ვატირე, თბილისის დანარჩენ ცხრა რაიონში ყველა მაჟორიტარი ”ოცნებიდან” არის, რაღა მე შემხვდა ეს გიჟი...”

ამასობაში, თბილისის მერიც შეუდგა მუშაობას და კარგი ინიციატივითაც შეუდგა - მოქალაქეებს შეხვდა. დამიჯერეთ, კარგად ვიცნობ მაგ კაცს და დარწმუნებული ვარ, ბევრ კეთილ საქმეს გააკეთებს, მაგრამ როგორც წინასაარჩევნო ბრძოლისას (ოთუზბირი რომ დაისვეს კამპანია და ერთი წესიერი ბილბორდი ვერ დაუმზადეს, ახლა მაინც ჩამოხსნან!), ამჯერადაც გუნდმა ”ვერ გაუქაჩა”: სამსახურში მივდიოდი და ჩემი თვალით ვნახე (მერიასთან ახლოს არის ჩვენი რედაქცია), როგორ მოაბრუნა ექიმმა იმ ქვეყნიდან ჭყლეტაში მოყოლილი ქალბატონი. შევჩერდი და ჩემს იქ ყოფნაში კიდევ ორჯერ გამოიძახეს სასწრაფო დახმარება! იყო წყევლა-კრულვა და ვაი-ვიში. ცუდია ეს, ძალიან ცუდი. რა ვართ ეს ქართველები - როგორ გვეხერხება ყველა კარგი წამოწყების ჩანეხვება... კიდევ ერთი ასეთი იაღლიში და აუცილებლად გაუშვით სამსახურიდან ის ვერშემსრულებლები, ბატონო დავით, ვისი ახლობლებიც უნდა იყვნენ. ძალიან გთხოვთ.

ჰო, იმ თახსირ მილნიკოვსა და მის დამცველებს რაც შეეხება: ზეწოლას ვერ გაუძლოო. არ ვიცი, ვერავის დავუდგები თავდებად, მით უმეტეს - იმ შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლებს, სადაც დიდწილად ისევ მაგ მილნიკოვისდროინდელები მუშაობენ, მაგრამ ზეწოლაზე ვინც ლაპარაკობს, ერთ კითხვაზე მიპასუხონ (გაოცებული ვარ, რომ ორი დღეა, არც ერთმა ჩემმა კოლეგამ არ ჰკითხა იმ ადვოკატ კახიძესა და სხვებს, მწყაზარი სახით რომ გვაცოდებენ ამ მკვლელს): ვთქვათ, ახლა ზეწოლა იყო, მაგრამ პატიმარ მილნიკოვს მერაბიშვილის შსს-დან მთელი პატიმრობის მანძილზე რატომ ერიცხებოდა სრული ხელფასი ბარათზე? ჰა?! მიპასუხეთ და, ”თქვენსკენ გადმოვალ”.

სხვათა შორის, სააკაშვილის დამცველებსაც, გლობალურ პოლიტიკასა და საქართველოს საერთაშორისო საფრთხეებზე რომ ლაპარაკობენ სააკაშვილის ბრალდებასთან დაკავშირებით (სად ერეკლე და სად - მიშა), მარტივ კითხვას დავუსვამდი: მისტერ მაკკეინ, ჯერ იმის დედა ვატირე, ვინც თქვენ მოგატყუათ, თითქოს მიშა იმიტომ გადავირჩიეთ, პუტინი რომ გვინდოდა. მერე კიდევ, ერთ რამეს გეტყვით: აი, ერთი უბრალო ქართველი მოქალაქე ამბობს, რომ მისი შვილი ძალიან ნიჭიერია, სააკაშვილის შვილზე ნიჭიერი (იქნებ არც არის, მაგრამ არავის შეუმოწმებია) და წელიწადში რამდენიმეათასდოლარიან ამერიკულ სკოლაში ვერ ატარა, ფული არ ჰქონდა. უმცროსმა სააკაშვილმა იარა, რადგან სახელმწიფო დაცვის სამსახურმა, ანუ ქვეყნის ბიუჯეტმა ჩუმად, ჩვენგან, ამ ბიუჯეტის პატრონებისაგან მალულად გადაუხადა ფული. ანუ, მოიპარა ფული და თავის ოჯახს მოახმარა, მისტერ მაკკეინ, აი, საბუთები, ინებეთ, გადარიცხვები და ყველაფერი. რა ვქნათ, სერ? მოდი, ასე გავაკეთოთ: თქვენ უელსში მაპი გაგვიხერხეთ, 10 წელი რომ გვაბოლებთ, და ჩვენ მიშას სამუდამო პრეზიდენტად ავირჩევთ, ოღონდ ამ გადარიცხვების ”გაპრავებაც” გვასწავლეთ. რა? არ გამოვა? მხოლოდ იმიტომ არ უნდა დავიჭიროთ, რომ თქვენი და კარლ ბილდტის ძმაკაცია? ააა... ჰოოო... მაშინ კარგად იყავით!

აი, ასე უნდა მიგეწერათ, ბატონო პრემიერ-მინისტრო და ქალაქის მერის არ იყოს, თქვენც გასაშვები გყავთ ”კაკ მინიმუმ” ერთი კაცი - სპიჩრაიტერი. მე ამიყვანეთ, არ იქნება თქვენთან ურიგო ხელფასი.

P.S. სხვაც ბევრია სათქმელი, მაგრამ თვითრეკლამით უნდა დავასრულო: რამდენიმეკვირიანი პაუზის შემდეგ, ”რადიო-პალიტრა”-ზე (ფმ 103.9) და ”პალიტრა.ტვ”-ზე კვლავ განახლდა ”პროვოკატორის” პირდაპირი ეთერი. გვიყურეთ, გვისმინეთ, დაგვირეკეთ და იქ ვისაუბროთ, ”ლაივში”. ახალი სეზონიდან ”პალიტრა.ტვ”-ს დიდი გემები და თქვენი იმედი აქვს.