"შარვალ-კასტუმი" - კვირის პალიტრა

"შარვალ-კასტუმი"

დიდი ხნის წინ, კომუნისტობისას, სკოლიდან მათემატიკის ოლიმპიადის რომელიღაც ტურზე გამიშვეს, რომელიც რატომღაც ახალქალაქში ტარდებოდა (ისე, ოლიმპიადა რატომ ერქვა და მგონი, ახლაც ჰქვია მათემატიკაში შეჯიბრებას, ძალიან მიკვირს). ჩვენი სკოლიდან ოთხნი ვიყავით, პატარები - მეოთხე-მეხუთე კლასელები. ამიტომ უფროსები წამოგვყვნენ - ერთ-ერთის მამა და ჩვენი სკოლის ფიზკულტურის მასწავლებელი.

ჩვეულებრივად გვეცვა, "თბილისურად" და ბავშვურად (მაისი იყო) - შორტები (მაშინ ეს სიტყვა არ ვიცოდით, "მოკლე შარვალს" ვეძახდით) და "ნუპაგაძიანი" და "ჩებურაშკიანი" ("მიკი მაუსზე" მშობლებს იძახებდნენ "კაგებეში") მაისურები. ჩემი პირველი შთაბეჭდილება მახსოვს, რკინიგზის სადგურზე გამოსვლისთანავე (რატომღაც მატარებლით წაგვიყვანეს), ყველას, დიდსა და პატარას (ჩვენ თანატოლებსაც), ერთნაირად ეცვათ, გაკვირვებულები გვიყურებდნენ და ახლა რომ ვიხსენებ, იმ შთაბებჭდილებისა თუ მოგონების განუყოფელი ნაწილია ჩვენი "ფიზკულტურელის" პირველი რეპლიკა ბაქანზე:

- ყველას რო "შარვალ-კასტუმი" აცვია, ყველას ცოლები მოყავ, ამ ჩემისებს?!

არაფერი განსაკუთრებული, ისე გამახსენდა, ბავშვობის ნოსტალგია მომეძალა, მაგრამ ამ ნოსტალგიის ინსპირატორი აშკარად მიშას "შარვალ-კასტუმი" იყო, იმ ტელესიუჟეტში ვიღაც ქალი რომ კარადიდან იღებდა და საწოლზე აწყობდა - ისევ გამახსენდა ახალქალაქი და "შარვალ-კასტუმიანი" ბავშვები…

ჯანდაბას შორეული წარსული, დღევანდელობას მოვხედოთ: პრეზიდენტი რომ ბიუჯეტის ფულით ვიღაცის ძუძუებით დახატულ შედევრს ყიდულობდა, ეგ ცუდია, მაგრამ აქ მაგაზე აღარ შევჩერდები. აღარც პიჯაკებსა და ქაშმირის პალტოზე, მაგრამ ამ "შარვალ-კასტუმების" ამბავმა, როგორც ხდება ხოლმე, სხვა ცუდი ამბებიც დამანახვა: ჯერ ეს გამოგზავნა თუ კანცელარიაში მიტანა! ეს გოიმობა და კიდევ უფრო დიდი გოიმობა - "ნაცმოძრაობის" სიხარულისგან აჭყლოპინებული ჰამქრისა - ყოჩაღ, მიშა, ხო მაგრად ჩაუტარა ქოცებს?!

მაგრამ "ერთი თხისკენ და ერთიც - მგლისკენო", მეორე მხრიდანაც რომ გოიმობა და უზრდელობა დახვდა ამ ამბავს?! კი ბატონო, მიიტანა სააკაშვილის იმ ვიღაც კურიერმა თუ მისი ბიბლიოთეკის (ჰმ, რუზველტია, რა!) თანამშრომელმა ის ძონძები კანცელარიაში, მაგრამ დამხვდურებმა რა ქნეს?! ადექი შე კაი კაცო, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირი, თუ რაც ხარ, მოკლედ, ხელფასს რომ იღებ, ჭკუა რომ მოგეკითხება ვითომ და ხელისუფლებასთან რომ ასოცირდები, ამდენი კამერა რომ გიღებს, გაანძრიე ტვინი და შენ გააკეთე ის, რაც მაგ ქალმა მერე გააკეთა - გამოიძახე პატრული, ჩააბარე ის ნივთები და იმ ქალსაც ზრდილობიანად დაემშვიდობე. რაღას იზამდა? წავიდოდა და დამთავრდებოდა ამბავი. ახლა?! ახლა ამბობს, რომ უყვიროდი, უზრდელი ხარ, ხელით შეეხე და ა.შ. და რაც ყველაზე ცუდია, ასი პროცენტით მართალია! ყველა არხმა უჩვენა და მთელმა ქვეყანამ ნახა, როგორ უყვიროდი: "ჩაჯექი, ქალო მანქანაში!" და ხელს ჰკრავდი. ყველაფერი კი არ უნდა გაიმეორო, რასაც შენთვის მისაბაძი პიროვნება იტყვის - იმან რომ თქვა, "შედი, ქალო, ბუტკაში", - ის ანეკდოტი იყო, შენ კი საპროვოკაციოდ მოსულ პოლიტიკურ ოპონენტს ეძახე და გაიჩალიჩე კიდეც.

მეტსაც გეტყვით: მიშას "შარვალ-კასტუმებისა" და მისი სექსუალური ფანტაზიების ბიუჯეტის ხარჯზე დაკმაყოფილება ცუდი იყო, მაგრამ წარსულში იყო ეგ ამბავი და გამოძიებაც მიმდინარეობს. დღეს კი, მაგაზე მეტად ის მაღელვებს, ახალი ხელისუფლების "მსუბუქი" თუ "მძიმე" ჩინოვნიკები რომ ვერ ქაჩავენ - გნებავთ ეს ადმინისტრაციის ჩინოსანი და თუნდაც ის მოხელეები, რომლებზეც წინა "პროვოკაციებში" ვწერდი, თბილისის მერის მოსახლეობასთან შეხვედრების ორგანიზატორებით დაწყებული და პრემიერის "სპიჩრაიტერებით" დასრულებული...

...ვიფიქრე, ასე, წყნარად, თავის აუტკივებლად, მწვად-შამფურ-დაუწველად და პატარ-პატარა ჩინოვნიკების კრიტიკით დავასრულებ-მეთქი, მაგრამ ვინ გაცადა?! - პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის უკვე დაუკრეფავში გადასული ურთიერთობა, მგონი, ქვეყნისათვის საზიანო ხდება. ბატონებო, ნუ დაგავიწყდებათ, თქვენ, ორივენი, ხალხმა "ავანსად" აგირჩიათ-დაგნიშნათ და იქნებ თქვენი რეალური ლეგიტიმაციის ხარისხის შესაბამისად მოქცეულიყავით?!

P.S. არა, მაინც რატომ ჩაატარეს ის "ოლიმპიადა" ახალქალაქში? მაშინაც ყველა იქაური სომხურენოვანი იყო. მგონი, იქ ქართული სკოლა საერთოდ არ არსებობდა...

ისე, ძალიან კარგი ხალხი დაგვხვდა, მაგრად გვიმასპინძლეს, საღამოს ვიღას ახსოვდა მათემატიკა. პიჯაკებიან ბავშვებთანაც ვითამაშეთ…

ერთი სიტყვით, მართლა ის "შარვალ-კასტუმი" რომ არა, მიშას რა გამახსენებდა იმ კაი ხალხთან დაკავშირებით. მით უმეტეს, რომ "შარვალ-კასტუმებშიც", ფასის გარდა, იყო მთავარი განსხვავება: იმათ თავიანთი ალალი შრომით ჰქონდათ ნაყიდი.