ნებაყოფლობით! - კვირის პალიტრა

ნებაყოფლობით!

დღესაც შემეძლო, უკვე არააქტუალური ნაციონალების უნამუსობები გამეხსენებინა ან ახალი ხელისუფლების ზოგიერთი ჩინოსნის სისულელეზე მეშაყირა, მაგრამ უელსის სამიტის წინ და თანაც - უკრაინაში მიმდინარე საშინელების ფონზე, ყოველთვის ისედაც მნიშვნელოვანი საკითხი, ვატყობ, "ღრმა და საფუძვლიანი" თავის ტკივილის მიზეზად გვექცევა.

მაშ ასე: ჩვენ და ნატო, ჩვენ და რუსეთი (რუსეთი რა... პუტინი!), ჩვენ და ომი უკრაინაში - ამაზე მინდა საუბარი. კი არ მინდა, არამედ - საჭიროა.

პუტინით დავიწყოთ - დევანდელი მსოფლიოს "თახსირთუხუცესით": მეზობელი ქვეყნის, მილიონობით ადამიანის მიერ არჩეული პრეზიდენტის ლანძღვა-გინება არ შეიძლებაო, - ერთხელ ასე დამმოძღვრა ერთმა "მაინცერთმორწმუნეერია" მსმენელმა. რა ვქნა, ძალიან მეზიზღება და ვერ ვმალავ! ჰოდა, ეს ვალოდპუტინი მთელ მსოფლიოს რომ მასხარად იგდებს, "ეგ არაფერი", - აშკარაა, რომ ბავშვობიდან ვერ იტანს ადამიანებს და ეს თანდაყოლილი თვისება კიდევ უფრო გაუღრმავეს ლავრენტი პავლოვიჩის (ძაღლი მიაკვდეს სულში) მიერ ჩამოყალიბებულ "ზავედენიაში". მერე რა, მსოფლიო ისტორიაში უამრავი ტირანი ყოფილა და ყველანი ეგეთი ჩათლახები, ცოტა უარესები ან ცოტა "უკეთესები" იყვნენ. ამიტომ არ ვაპირებ, მის "შედარებით დახასიათებას" მაგალითად, კალიგულასთან ან მურვან ყრუსთან. მე უფრო სხვა რამ მაინტერესებს: დაჩაჩანაკებული, მის წინაშე "დაჩმორებული" ცივილიზებული სახელმწიფოების მეთაურები და ჩვენი პერსპექტივა, თუკი ამ მანიაკმა ერთ მშვენიერ (ჰმ, "მშვენიერ"!) დღეს "გაგვიხსენა"!

ცხადია, ყოველთვის ვახსოვართ და ვუყვარვართ, მაგრამ ხვდებით, რასაც ვგულისხმობ. ვისი იმედი გვაქვს - მერკელის? თუ ობამასი? ამერიკელი ჟურნალისტი ხბოსავით დაკლეს ისლამისტებმა და იმ საღამოს განაცხადა მისი ქვეყნის პრეზიდენტმა, - აშშ არავითარ შემთხვევაში არ ჩაებმება ამ ომში, მაქსიმუმ - იარაღი მივაწოდოთ ქურთებსო! არ ჩაებმები და, იქ რომ მორჩებიან, მერე მაქეთაც გამოიხედავენ და 11 სექტემბერიც, სხვათა შორის, კალენდრიდან არავის ამოუღია - ყოველ წელს არის!

მერკელი ვახსენე: უკრაინის პრეზიდენტმა საშველად იხმო. ჩასვლამდე, გერმანიაში რაღაც ანტიპუტინური განცხადებასავით კი გააკეთა, მაგრამ იქ ჩასულმა განაცხადა: ჩვენ, ევროკავშირი, წინააღმდეგი არ ვიქნებით, თუკი უკრაინა ევრაზიის კავშირში შევა (ანუ პუტინის მონათა ოფიციალურ კლუბში), თუ ეს ნებაყოფლობითი იქნებაო! ამ დროს პოროშენკო გვერდით ედგა და ძალიან საცოდავი სახე ჰქონდა... "ნებაყოფლობითო"... მერე მერკელის, ასე ვთქვათ, მოადგილემ, ვიცე-კანცლერმა, ცეცხლზე ნავთი დაასხა: ომის საკითხს მხოლოდ უკრაინის ფედერალიზაციით თუ ეშველება, ხოლო ყირიმის დაბრუნება საერთოდ გამორიცხულიაო. ეს განაცხადა გერმანიის მეორე პირმა (ისე, პირველმა ხომ, რას ამბობ...)!!!

ომი უნდა შეწყდესო და, მერკელმა მიზეზი დაასახელა სრულიად ფანტასტიკური: პუტინი რომ დამარცხდეს, გაღიზიანდება და არაპროგნოზირებადი გახდებაო! ახლა ეს ადამიანურ ენაზე ვთქვათ: უკრაინელებს კი შეგიძლიათ ომის მოგება, მაგრამ პუტინი გამწარდება და მე გაზს გადამიკეტავს, ამიტომ არ მოიგოთო!

ეს ყველაფერი წავიკითხე, ნერვები ამეშალა, მერე ის გადაცემა ალადაშვილთან ერთად და... რა ჯანდაბა ვქნათ?!

P.S. აჰა, დავასრულე და ბევრს ალბათ გაგიკვირდათ და დამცინეთ კიდეც - ამისი საგარეო ექსპერტობაღა გვაკლდაო, მაგრამ აქაც ცოტა ვიპროვოკატორე: აი, ხომ მნიშვნელოვანია მერკელი, ობამა, პუტინი, ომი და ა.შ. ხო? მაგრამ რამ დამაწერინა ეს ყველაფერი, იცით? აი, გამოვედი გადაცემიდან და ინტერნეტში ერთ ნიუსს და ერთ ვიდეოს წავაწყდი: გაზაფხულზე მერკელი ჩამოდის საქართველოშიო და შემეშინდა - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება არ მოგვთხოვოს "ნებაყოფლობით"; ვიდეოში კი თბილისელებს ქუჩაში ეკთხებიან: არის თუ არა, რუსეთი ოკუპანტი?

პასუხები მრავალნაირი იყო - "ერთმორწმუნეობიდან" - სისხლისმსმელობამდე, მაგრამ ერთმა საბოლოოდ მომსპო და მომითავა ხელი. ახალგაზრდა, სავარაუდოდ, სტუდენტი ყმაწვილი, ასე 22-23 წლისა, კაი გრძელი და ჯანიანი ტან-ფეხის პატრონი, ომის შემთხევაში მეწინავე ჯარისკაცი რომ უნდა იყოს, პასუხობს:

- იცით, მკიდია ეგ ამბავი!

აი, ასეა ჩვენი საქმე და გე-დე-ერის კომკავშირის (ეფ-დე-იოტი ერქვა) ყოფილი მდივანი, მერკელი რას დაგვაკლებს, ასეთმა დებილებმა თუ არ მოსრეს ეს ქვეყანა...