გადადექი, იბიომატ! - კვირის პალიტრა

გადადექი, იბიომატ!

ცოტა არ იყოს, დაბნეული ვარ - იმდენი რამ მოხდა წინა ”პროვოკაციის” შემდეგ, რომ არ ვიცი, რომელი ერთი ავირჩიო: უელსში ნატოს სამიტზე მორიგი ”მაპზე უკეთესის” მოპოვება; ავტომობილების ახალი სანომრე ნიშნების შემოღება; საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მორიგი ”გმირობა”; ქუჩაში (ეზოში) ლუდის დალევის გამო 150-ლარიანი ჯარიმების წერა და კიდევ ათასი სხვა რამ...

მოკლედ, სულ კაი-კაი ამბებია და რასაც დავტევთ ამ ერთ გვერდზე, ცოტ-ცოტა ყველაფერს შევეხები.

მაშ, ასე: უელსში გვითხრეს, რომ მაპის დედაც ვატირე, თქვენ ისე მიგიღებთ ოდესმე, ახლა კი აი, ”ოქროს ბარათს” გაძლევთო. თავაზიანი ხალხი ვართ ქართველები, მათ შორის - ჩვენი პრეზიდენტიც და იქ მყოფი ქართული დელეგაციის სხვა წევრები - მინისტრები და სხვანი. არ თქვეს, თორემ გაფიქრებით, დარწმუნებული ვარ, მათაც ზუსტად ის გაიფიქრეს, რაც დანარჩენმა საქართველომ: ”მაგ ბარათს მარილი უყავით და ჯანში გაიკეთეთ!”

”ნორმალურ ენაზე თარგმნილი” ეს წინადადება (ანუ ”ახალი ნაბიჯი ინტეგრაციისკენ”) ასე გამოითქმებოდა: ”ნატო არა, ბებიათქვენისა, სარკეში ჩაიხედეთ, რას ჰგავხართ!”

არადა, ჩვენ ხომ ყველანაირად ვცდილობთ, ევრო-ნატოური სტანდარტი დავაკმაყოფილოთ ყველაფერში - აგერ ავტომობილების სანომრე ნიშნებიც შევცვალეთ ევროყაიდაზე: ცისფერ დროშაშია ჩასმული ქართული დროშა და ციფრთა და ასოთა რაოდენობა და განლაგებაც ზუსტად იქაურია. მერე რა, რომ ჯერ ქალაქში მხოლოდ ასეთი ნომრებია: ზუ-111-რა, მა-005კა, ინ-666-გა, და-123-თო, ბი-001-ძო, ჟო-276-რა და ა.შ. ეს იმიტომ, რომ ჩვენ ყველაფერში სილამაზე გვიყვარს და სულაც არ ვართ გოიმები, იმის მიუხედავად, რომ ემაგ ნომრების ასაღებ პუნქტში, თუ რაც ჰქვია, ვიყავი და ის ზედახორა რომ ვნახე, წარმოვიდგინე, ეგ რომ რასმუსენს ენახა, ან აპატურაის, მაშინვე გაუქრებოდათ ის უხერხულობა, რომელიც ახლა, ასე თუ ისე, მაინც ეტყობათ ხოლმე, ამდენ ხანს რომ გვატყუებენ.

მოკლედ, წარმატება წარმატებაზე გვაქვს, ევროპულობაზე ”ვქაჩავთ” ყველაფერში, მაგრამ აი, ფეხბურთში რაღაც გვიჭირს... იმდენად გვიჭირს, რომ ირლანდიასთან წაგებული (რა თქმა უნდა, ბოლო წუთზე გაშვებული გოლის გამო) მატჩის შემდეგ, თვით ქეცბაიასაც კი წამოცდა:

- გადავდგები, იბიომატ! - მერე უცებ აზრზე მოვიდა და დაამატა, - კიდევ ორ თამაშს თუ წავაგებთ!

ჭკვიანია ჩვენი ნაკრების თავკაცი: იმ ორი მატჩიდან ერთი, გიბრალტართან უწევთ, რომელსაც პოლონეთმა 7:0 მოუგო, მაგრამ ცოდვა გამხელილი სჯობს და, დიდი იმედი მაქვს, რომ წააგებენ! რა ვქნა, სხვანაირად არ მიდის ეს კაცი და...

ისე, რა მაინტერესებს, იცით (პროვოკატორობის გარეშე)? - ყველა სპორტში ხომ რაღაცას ვახერხებთ: კალათბურთელები მესამედ ზედიზედ ევროპის პირველობაზე გავიდნენ, მორაგბეები მსოფლიოს ჩემპიონატს არ აცდენენ, წყალბურთელებმაც კი, რომლებიც ქვეყნის პირველობასაც ვერ ატარებენ, ევროპის 8 საუკეთესოში გააღწიეს - ეს ”ბურთიან სახეობებში”, ხოლო ჭიდაობის სხვადასხვა ვარიანტებზე აღარაფერს ვამბობ. ჰოდა, ამ ფეხბურთს რა ჯანდაბა სჭირს?!

ხომ სრულიად არალოგიკურია, რომ სპორტის ყველა სახეობაში ნიჭიერები ვიყოთ და მხოლოდ ფეხბურთში წავუდებილებდეთ?! მით უმეტეს, რომ ამ ფეხბურთითაც ოდესღაც ევროპას ვაწონებდით თავს. თანაც ქეცბაია კია ქეცბაია, მაგრამ მანამდე ხომ ტოპმიოლერი, ჟირესი, კუპერი და კიდევ ვიღაცები გვყავდა?

ამიტომ ერთი პასუხი მომდის გონებაში და, მგონი, მართალი უნდა ვიყო: როგორც ბიუჯეტიდან, ასევე ფიფა-უეფადან, ყველაზე მსუყედ ფეხბურთი ფინანსდება და როდესაც ფინანსების ზრდა წარმატების უკუპროპორციულია, ამას რა ჰქვია? სწორია - არამიზნობრივად ხარჯვა, ფულების თქლაფვა ანუ კორუფცია.

P.S. ლუდის დალევაზე და დაჯარიმებაზე აღარ მეყო ადგილი. ლარნახევრიანი ლუდი 150 ლარი დაგიჯდებათ და თუ უკმაყოფილება გამოთქვით, უარესი მოგელით.

ასე რომ, სვით სტაფილოს წვენი, ივარჯიშეთ იოგას სისტემით და ცხრა საათზე დაიძინეთ.

ლუდი ასუქებს.