"არაფერს" სუნი არა აქვს - კვირის პალიტრა

"არაფერს" სუნი არა აქვს

2012 წლის არჩევნების წინ, მურმან დუმბაძე რომ იწყევლებოდა, - ვინც მარჯვენა ხელით შემოხაზავს "ხუთიანს", ხელი გაუხმება, ვინც მარცხენათი - განგრენა დაემართებაო (თუ კიბოო? არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ რაღაც საშინელებას კი ამბობდა), მაშინვე ცხონებული ბებიაჩემის ნათქვამი მახსენდებოდა: "არ ვარგა, ბებია, კაცის წყევლა, მასვე დეემართება"...

ამიტომ ვღელავდი (იმის მიუხედავად, რომ სულაც არ ვიცნობდი მაშინ ამ კაცს), არ მინდოდა, "მასვე დამართნოდა".

მაგრამ არ გაჩერდა და ა, ბატონო: ვეღარც თვითონ ითვლის, მერამდენე პარტიიდან გარიცხეს...

სამაგიეროდ, აჭარის მთავრობის იმ ხელმაძღვანელებს (ვის კრიტიკასაც "შეეწირა" დუმბაძე) ვიცნობ ასე თუ ისე. ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე დღე მაქვს მათთან ერთად გატარებული უცხოეთში, როდესაც ისინი ვიზიტით იმყოფებოდნენ და... რა ვიცი, რა ვიცი... რა თქვა დუმბაძემ? უუნარო მთავრობაო? მეტი არაფერი? საკმაოდ თავშეკავებული და კორექტული კაცი ყოფილა ეს დუმბაძე.

კარგი, თბილისში "ჩამოვიდეთ", აქ უფრო მეტი მყავს სალანძღავი. ისევ "სითი-პარკით" უნდა დავიწყო, რა ვქნა, მურმან დუმბაძისა არ იყოს, არ ჩერდებიან და!.. მაშ ასე, "სითი-პარკს" მივმართავ:

- ოე, "სითი-პარკ", სულ გადებილდი?!

რა თქვით? შეურაცხყოფისთვის მიჩივლებთ? არა, გაგიჭირდებათ, ასე, ზოგად მიმართავზე მოსამართლე არ დამსჯის. მოიცადეთ, გაგიადვილებთ საქმეს, უფრო გარკვევით გეტყვით:

- "სითი-პარკის" ის ხელმძღვანელი (ან ხელმძღვანელები), ვისაც თავში აზრად მოუვიდა, რომ ახალ სანომრე ნიშნიანი ყველა მანქანა დაეჯარიმებინა იმ მოტივით, რომ პარკირების გადასახდელი ძველ ნომერზე აქვს გადახდილი და თავი არ შეეწუხებინა სააგენტოდან შეცვლილი მონაცემების გამოთხოვნით და საკუთარ ბაზაში რეგისტრაციით, ხართ იდიოტები! - აი, ცოტა გრძლად გამომივიდა, მაგრამ სამაგიეროდ, დაკონკრეტებულია და ახლა თავისუფლად შეგიძლიათ მიჩივლოთ, რა ფეხებს მომჭამთ, ვნახავ!

არ წაიღეს ტვინი, მართლა და მართლა?! ამ მერიამაც რა ვერ მოუხერხა იმ კონტრაქტში ხარვეზის ნახვა?! ასეთებზე "ქუდი რატომ არ გახურავს" საბაბიც ალალია - მოაშორეთ ამ ქალაქს, თორემ ვიღაც ნერვებაშლილი და ტვინგახურებული ამათ თანამშრომელ იმ პატარა გოგო-ბიჭთაგან რომელიმეზე იყრის ჯავრს, ქუჩაში რომ ჯარიმის ფურცლებს გვიტოვებენ საქარე მინაზე და უბედურება დატრიალდება.

...აქეთ კიდევ, ეს ჩვენი პრეზიდენტი ჯიუტობს: მეო, ხალხმა ამირჩიაო და ქვეყნის მეთაური ვარო! მინისტრები წავლენ და წამოვლენ, პრეზიდენტი დარჩებაო! ბიძინაო? ვინ ბიძინაო? ა, ჰო, მახსოვს ეგ კაცი, მერე რაო? ახლა მე ნიუ-იორკში უნდა ვიყო და მბლოკავენო! ესაო, ისაო...

ჰოდა, ადგა ზაქარია ქუცნაშვილი, დაიხურა ქუდი (ქუდი რა, გამოთქმაა ასეთი, თორემ რად უნდა ქუდი), ამოიდო იღლიაში კონსტიტუცია და წავიდა პრეზიდენტთან. აი, ათი წუთია, რაც გამოვიდა და ინტერვიუ მისცა ჩემს კოლეგებს - მგონი გააგებინა პრეზიდენტს, "სად ლებედი, და სად - რაკი"!

საქმე ის არის, რომ ხუმრობა იქით იყოს და, ძალიან მძიმე პოლიტიკური შემოდგომა გველის ჩემი (არა მარტო ჩემი - მე რომელი პოლიტოლოგი ვარ) შეტყობით და კინკლაობასა და მაიმუნობაზე დროის კარგვა არ მიმაჩნია მთლად გამართლებულად.

აგერ, მესტიაში გერმანელი ტურისტები გაძარცვეს და სცემეს და უკვე რამდენიმე უცხოურმა საიტმა გამოაქვეყნა ინფორმაცია ამის შესახებ (ჩვენშიც არ სწყენია ზოგიერთს ეს ამბავი და კიდევ ერთხელ მოიფშვნიტა ხელები სიამოვნებისგან); იქით, შოტლანდიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმია დღეს და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენთვის სულ ერთი უნდა იყოს მისი შედეგი, ძალიან ცდება; კახეთში რუსეთის "პოტრებნადზორის" კომისია იყო ჩასული, ღვინის კომპანიების შესამოწმებლად და მათთან პროდუქციის შეტანის ნებართვის გასაცემად და 37-ს თანხმობა უთხრეს, ერთს - უარი. მიზეზი: ქარხანაში კედლებისა და ჭერის დიზაინი არ მოეწონათ! მასხარად გვიგდებენ ვირიშვილები! ჩვენ კი უნდა ვყლაპოთ, რადგან ღვინის გატანა გვჭირდება; აქ კიდევ ქალბატონი ბურჯანაძე გამოჩნდა და ინტერვიუში გვარწმუნებს, - აუცილებლად მოვალთ ხელისუფლებაშიო და ა.შ. მოკლედ, კარგი არაფერი და საქმის მიმხედავს, რაღაც ვერ ვხედავ... ივანიშვილს კიდევ, ჟურნალისტების საკრიტიკოდ სცალია!. ჰმ, სხვებმაც რომ მხარი აუბეს - აბა, კაცო, აბა, ჟურნალისტებს ხელშეუხებელი ჰგონიათ თავიო! ეეეჰ, თქვე ძალიან პატარებო, თქვენა...

P.S. აჰა, ამ დუმბაძესაც ვერ ხსნიან, მგონი - ორი კაცი ვერ დაითანხმეს აჭარის დელეგაციიდან. არა, ცუდად არის საქმე.

ახლა მეგობარმა ჩაიხედა ჩემს ნაწერში და რას ერჩი აჭარის მთავრობას, მაგ დუმბაძეს რომ აყოლილხარ, ინტრიგანია ეგ კაციო. ამიტომ შარშანდელი პროვოკაციიდან ვაქვეყნებ ფრაგმენტს, რომელიც უცხოეთიდან გამოვაგზავნე და მათ ეხებათ:

"წარმოიდგინეთ, იმ რეგიონის ხელმძღვანელები, სადაც ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სოფლის მეურნეობა უნდა იყოს და ისინი კი, ყველა შეხვედრაზე დროის 80%-ს (მინიმუმ 80%-ს! 90-ს იმიტომ არ ვამბობ, რომ მაინც ვინდობ) მობილურებზე "მესიჯობას" ანდომებდნენ, ხოლო ფერმაში, 10 წუთის შემდეგ განაცხადეს: წევიდეთ, აქანა ფუნის (ასე თქვეს ზუსტად) სუნიაო!

ჰოდა, ბატონებო, კარგი სუნი საქართველოშია, იმიტომ, რომ არაფერი არ არის და "არაფერს" არაფრის სუნი არა აქვს...