უღატაკო ქვეყანა, ანუ "მოტ." და "მოსატ." - კვირის პალიტრა

უღატაკო ქვეყანა, ანუ "მოტ." და "მოსატ."

უამრავ რამეზე შეიძლება გასული დღეების ამბებიდან საუბარი - ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტისთვის კვერცხების სროლიდან დაწყებული და პრემიერ-მინისტრის განცხადებით დასრულებული (საქართველოში ღარიბების რაოდენობა განახევრდაო!!!); დავწერდი და გამოვთქვამდი წუხილსა თუ აღშფოთებას, რომ ბევრი არაფერი შეცვლილა და ახალი ხელისუფლება (ისე, რაღა ახალი) რაღაცებს მიჰქარავს, - ასე კი არ უნდა იყოს, არამედ - ისე და ა.შ.

თქვენ იყიდდით ჟურნალს, მოგეწონებოდათ, იტყოდით: "ჯიგარი ხარ, პროვოკატორო", ზოგი "კვირის პალიტრის" საიტზე წაიკითხავდით ამას ჩემს ბლოგში და იქ დამიკომენტარებდით და ჩაივლიდა ეს კვირაც ასე - "მორიგედ", ჩვეულებრივად...

მაგრამ არ გამოდის! ისევ იძულებული ვარ, "მაოხრებელ გზირზე", "მკვდარზე", ნაპრეზიდენტალზე დავწერო - ახლა, თურმე ნუ იტყვით და, სანდრა რულოვს-სააკაშვილისას ბინის ფული უნდა შევუგროვოთ, რადგან უსამართლოდ ართმევენ!

ვინმე მამუკა გამყრელიძემ, რომელსაც თავი "ფეისი" ჰგონია მხოლოდ იმიტომ, რომ ოდესღაც რაღაც ტელე-თამაში მიჰყავდა და მერე ჩინეთში ელჩობით (რა შუაში იყო?!) დაუჯილდოებია სააკაშვილს, ასე გადაწყვიტა მადლობის გადახდა: საბოლოოდ ნუ მოვიჭრით თავს, სანდრა არ იმსახურებს ქართველებისგან სახლიდან გამოძევებას და შევუგროვოთ ფული, ბინა ვუყიდოთო - "ნაციონალური მოძრაობის" ახალარჩეულ აღმასრულებელ მდივანს, ზურაბ ჯაფარიძეს მიმართავს, - ორგანიზება შენ გაუწიე, ანუ "სპისოკი" შეადგინეო.

ალბათ, ჯაფარიძე აკურატულად აღრიცხავს სიაში და ვინც მოიტანს ფულს, გვერდით მიაწერს - "მოტ.", ვისაც ჯერ არ ექნება მოტანილი, - "მოსატ." ისემც გიქნიათ, ყველანი "მოტანილთა" სიაში ყოფილიყავით, მაგრამ ამ ვინმე მამუკა გამყრელიძეს მინდა მივმართო:

- ვინმე მამუკა გამყრელიძევ, ერთ ამბავს გეტყვით: ჩემი სისულელით, წლების წინ, ბიზნესში ჩარევა გადავწყვიტე, დამავიწყდა ქვეყნის სათავეში ჩათლახები რომ იყვნენ და იმიტომ. რაღაც-რაღაცებით სხვებთან ერთად სახელმწიფო ორგანიზაციებსაც ვამარაგებდით, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციას. ცოტ-ცოტობით 27 ათასი ლარი ვალი დაუგროვდათ, მე კრედიტი ავიღე და მომწოდებელი გავისტუმრე, ახლა კი, ექს-პირველი ლედისგან განსხვავებით, მართლა შეიძლება გამომასახლონ, რადგან სააკაშვილმა ჩვენთვის გადასახდელი ფული ბოზებში დახარჯა (არ თქვათ - ტყუილიაო!). ახლა, თქვენ თუ კაი კაცი ხართ, ალალად მითხარით, ჩემს ცოლ-შვილს უფრო ეკუთვნის გამოსახლება, თუ სააკაშვილისას?! ჰოდა, დაოკდით ან ფული შემიგროვეთ!

თქვენ გგონიათ, მე ყველაფერი მომწონს?! სხვათა შორის, ხაზგასმით მინდა ვთქვა: სრულიად ვეთანხმები იმ ამბავს, რომ თუკი ეს ბინა ქ-ნმა სანდრამ ქმრის პრეზიდენტობამდე იყიდა, ყადაღა არ უნდა შეხებოდა, მაგრამ ამისთვის ადვოკატი არსებობს და არ არის საჭირო სააკაშვილის რეჟიმისაგან გაღატაკებული ხალხის გასაგონად ძახილი, - არიქა, ფული შევაგროვოთო!

ღატაკებზე გამახსენდა: პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს ამ ბოლო დროს სულ უფრო არაადეკვატურ ინფორმაციებს აწვდიან - როგორც შესავალში ვთქვი, გუშინ განაცხადა, საქართველოში ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა განახევრდაო! თან აშკარად კმაყოფილი იყო, ამას რომ ამბობდა. რატომაც არ იქნებოდა კმაყოფილი?! მაგრამ, ბატონო ირაკლი, მაგათ ნუ დაუჯერებთ, მე დამიჯერეთ: არ განახევრებულა! უფრო მეტიც - არც შემცირებულა! და კიდევ უფრო მეტიც - მოიმატა!!!

და რომ მოიმატა, სადღაც კიდევ რაღაცები რომ გაუარესდა და გამოსწორების პირიც რომ არ უჩანს, იმიტომ განაცხადა ასე თავხედურად "ნაცმო"-ს ზემოთხსენებულმა ახალმა გენმდივანმა ჯაფარიძემ: "ნაციონალური მოძრაობა ძალიან მალე დაბრუნდება ხელისუფლებაში!" - აი, მაშინ ავშენდებით საბოლოოდ...

ჩემი სადარდებელი არ მეყოფოდა ვითომ - პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, საქართველოში ფეხმძიმობათა 60 % აბორტით სრულდება და ამიტომ კანონმდებლობა უნდა გავამკაცროთო! იმედი მაქვს, ეს პროცენტი იმან მიაწოდა, ვინც ღარიბაშვილს - ღარიბთა განახევრების ამბავი. თუ არა და, გადავშენებულვართ.

ფეხმძიმობაზე გამახსენდა: რატომღაც დამკვიდრებული აზრი როა, ჯანდაცვის სამინისტრო ყველაზე კარგად მუშაობს, იმიტომ რომ მინისტრი კარგი კაცია, დაცვის გარეშე უჯიპოდ მიდიოდა ზღვაზე და მანქანა გაუფუჭდაო, ახლა ვინმემ გადასცეს ეს ამბავი: ჩემს რძალს (ამას იმიტომ ვწერ, რომ არ მითხრან, არასწორი ინფორმაცია გაქვსო), როდესაც ორი თვის ბავშვი აუცილებელ აცრაზე (უფასოა) მიიყვანა, ექიმმა გამოუცხადა: ეს უფასო კია, მაგრამ უხარისხოა და საშიში, კარგი თუ გინდა, 120 ლარი გადაიხადეო! ვინმემ იცით, ისეთი დედა, რომელიც მაინც იმ უფასოს გაუკეთებდა?!

P.S. რომელიმე "ჭკვიანმა" პოლემისტმა ძველი ხელისუფლების მომხრეებიდან, იქნებ ნიშნი მომიგოს, - ახლა ხომ აღარ არის სააკაშვილი, რატომ არ გიხდის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ძველ ვალსო?

და რა, თქვენ გგონიათ, მივკიბ-მოვკიბავ?! არა, ბატონო, გულწრფელად გეტყვით: ეგენიც ისეთივე... (აქ რაც უნდა ეწეროს, იხილეთ ტექსტში ზემოთ)