"სამგლე გოჭები" - კვირის პალიტრა

"სამგლე გოჭები"

ვიფიქრე, დაამთავრეს-მეთქი, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ: მარგველაშვილი თურქეთში ძლივს წავიდა დაუყვედრებელ-გაუკონტროლებლად (ავი დედამთილის ხელში მორჩილი რძალი რომ მხოლოდ კარის მეზობელთან დადის დაუკითხავად), მაგრამ ისიც ჩაშხამდა: დავოსის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორმა პირადად დაპატიჟა, - იანვარში გვეწვიეო და, ჩამოსული არ იყო, ჯერ მანანა კობახიძემ და მერე მაია ფანჯიკიძემ ორ ხმაში "გაუიასნეს":

- არ ვიცით, ვინ რა უთხრა თურქეთში მარგველაშვილს, არ გვინახავს (რატომ არ გინახავს, შე საგარეო საქმეთა მინისტრო?!), ეს მოწვევა პრემიერ-მინისტრს ჯერ კიდევ მაისში აქვს მიღებული და დასტურიც გაგზავნილია, ამიტომ პრეზიდენტი შინ დარჩესო!..

ერთი სიტყვით, მარგველაშვილს ქალები ერჩიან...

ხუმრობა და მაიმუნობა იქით იყოს და, იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტზე გაბრაზებული ვარ (საგანგებოდ არ ვწერ ამ სიტყვას ბრჭყალებში, რადგან მართლა გაბრაზებული ვარ, იხ. წინა "პროვოკაცია"), ანუ რუბიკ ხაჩიკიანისა არ იყოს, - "ლიჩნუიუ ნეპრიაზნ იმეიუ", მაინც ვიტყვი, რომ ზოგიერთი უკვე დაუკრეფავში გადადის: რატომ მაგებინებ მე - პროვოკატორს, ან სხვა რიგით ამომრჩეველს თქვენი ამ საჩოთირო უთანხმოების შესახებ?! მიხედეთ მანდ თქვენს საქმეს რა!

კარგი, სხვა თემებზე გადავიდეთ: გურიასა და აჭარაში სტიქია არ ცხრება, წყალმა და მეწყერმა წაიღო გზები და ყანა-ბაღები; ადგილზე მდგომარეობის სანახავად... ვაი! როგორ გადავიდე სხვა თემაზე?! აი ნახეთ: ჯერ მარგველაშვილი ჩავიდა აჭარაში და დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა, თქვენ მოგიკვდეთ ჩემი თავიო, ყველაფერს აგინაზღაურებთო... ერთი კვირის მერე ღარიბაშვილი ჩავიდა გურიასა და აჭარაში და ვიზიარებ თქვენს მწუხარებას, ყველაფერს მე აგინაზრაურებთ, ის რისი გადამხდელია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვალებს ვერ იხდისო (ისევ, იხ. წინა "პროვოკაცია")...

რა ვქნა, რა წყალში ჩავვარდე?! რამე თემა მინდა, რომელშიც ამათ კინკლაობას ავცდები... აი, "ნიუსებს" გადავხედავ... ჰო, ა ბატონო: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ახალი ინიციატივით გამოდის (უფრო ზუსტად: ახალი კი არა, მივიწყებული) და საქართველოს გავლით "დიდი აბრეშუმის გზის" აღდგენაზე საუბრობს. სულ ვფიქრობდი, რაღაცის ნახვა მინდა ენციკლოპედიებში და ინტერნეტში-მეთქი და ვერ ვიხსენებდი (ეეეჰ, სიბერევ...), და აი, გამახსენდა: აბრეშუმის გზა! მოდი ვნახოთ... მე, ჩემი "პროვოკაციულად მოწყობილი" ტვინის გამო მახსოვს რაღაც სხვანაირად, თუ მართლა ასეა?

ეეეეჰ, სამწუხაროდ, არ ვცდებოდი... რა, და - "აბრეშუმის გზა", არც "დიდი" და არც "მცირე", საქართველოზე არ გადიოდა. ერთადერთი წყარო ინტერნეტში, რომელიც ამბობს, რომ ეს გზა ჩვენს ქვეყანაზე იდო და ევროპას ფაზისის ნავსადგურიდან შავი ზღვით უკავშირდებოდა, ქართული "ვიკიპედიაა", ოღონდ ის კი ვერ მოუფიქრებია ამ სატატიის დამწერ "ისტორიკოსს", რომ რუკაც შეეცვალა და ის არ დაეტოვებინა, რაც მსოფლიოს დანარჩენ ენებზე მოცემულ სტატიებშია - იმ რუკაზე კარგად ჩანს, რომ "აბრეშუმის გზა" კარგა დიდზე სამხრეთით გადის ჩვენგან.

იქნებ ვინმემ თქვას, რა მნიშვნელობა აქვს, ათასი წლის წინ რა იყო, მაშინ თუ არ გადიოდა, ახლა გავიყვანოთო. გეთანხმებით, მაგრამ, იცით, რატომ გავამახვილე ამაზე ყურადღება? რატომ და, ჩვენი ძველი ავადმყოფობის სიმპტომები მენიშნა: ღობეში გაჭედილი ("გაკვეხებული" უფრო ზუსტი სიტყვა იქნებოდა) გოჭივით, არც იქით რომ ვართ და არც აქეთ, ანუ თუ ევროპა და ასოცირება გვინდა, რა გვეაბრეშუმისგზება?! ღობე-ყორეს (ვაჰ, ისევ ღობე!) რომ ვედებით, იმიტომ არის რომ ევროპას "დერეფნობას" ვეხვეწებით და ისიც არ გვეღირსა - ჯერჯერობით უკანონოდ მიშენებული ლოჯიის სტატუსს ვერ გავცდით და ახლა ამ ლოჯიის "დაკანონებას" ველოდებით. არადა, არც იმათი საწინააღმდეგო არგუმენტი გვაქვს, ეს ლოჯია ფასადს ამახინჯებსო, რომ ამტკიცებენ...

P.S. ფეხბურთის მსაჯები დაიჭირეს ამ დღეებში ტოტალიზატორში მაიმუნობის გამო და ერთი იდეა მომივიდა: ხომ შეიძლება, ფეხბურთის ანგარიშებისა და წითელ-ყვითელი ბარათების მაგივრად, რომელსაც თურმე, მსაჯები "სვამენ", ასეთი ფსონები მიიღონ ტოტალიზატორებმა:

ვინ წავა დავოსში?

- ღარიბაშვილი 1.01

- მარგველაშვილი 20.00

- ორივე 20.00

და კიდევ ასეთი:

გვეშველება რამე?

- კი 100.00

- არა 1.01