ოოოდნავ უკეთესები - კვირის პალიტრა

ოოოდნავ უკეთესები

ნოდარ დუმბაძის ერთ რომანში ერთ ხანდაზმულ პერსონაჟს ახალგაზრდებთან კამათისას ასეთი არგუმენტი მოჰყავს:

- მე მასწავლი, ბიჭო, რა წერია კონსტიტუციაში, კაცმა ხუთი კონსტიტუცია გამოვიცვალე?! დაახლოებით ამ აზრის მატარებელი ფრაზები ცხოვრებაშიც მოგვისმენია: "სამ მეფეს მოესწრო"; "დენიკინის დროინდელია"; "ცხრა მთავრობის ბოზია" და ა.შ. ყველა ეს გამონათქვამი თუ ეპიტეტი იმას გულისხმობს, რომ ამდენ მთავრობა-თუ-კონსტიტუციაგამოცვლილი და ნაჩათლახარი ადამიანი საკმაოდ გამოცდილი უნდა იყოს და შეცდომები აღარ უნდა მოსდიოდეს.

არავის გეწყინოთ (ჩემ თავზეც ვამბობ), მაგრამ ჩვენ, კომუნისტებიდან მოყოლებული, უკვე "ხუთი მთავრობის... მნახველები" ვართ, მაგრამ მაინც ვერ ვისწავლეთ ჭკუა. მგონი, უკვე წესი გვგონია, რომ საარჩევნო დაპირებები არ შესრულდეს და თუ ახალი ხელისუფლება ძველს სუუულ ერთი ციდათი სჯობს, ეს დიდ ბედნიერებად მიგვაჩნია...

დღეს ერთი ამბავი ატეხეს ნაციონალებმა... არა, ერთი კი არა, ორი ამბავი: გაეროში ვიზიტი ოთუზბირი დაუსვა პრემიერმა და მისმა დელეგაციამ ქვეყნის ბიუჯეტსო და ივანიშვილის დამცველი სტატიის "ნიუ იორკ ტაიმსში" გამოქვეყნებაში, რომლის ავტორიც პარლამენტის თავმჯდომარე იყო, 75 ათასი გადაიხადესო. საქმე რა არის, იცით? აი, ხომ ახალი ამბავია და ჯერ არ ვიცი, რით უპასუხებს ხელისუფლება ამ ბრალდებას, არა? მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რამე ექნებათ სათქმელი, ოღონდ ერთი რამე არ მესმის და მომკალით: რატომ ალაპარაკებთ, ძმაო?! ანუ რატომ აძლევთ სათქმელს? მართლა ხომ შეიძლება, რომ ცოტა დაბალი კლასის სასტუმროში იცხოვროთ ან ერთ პერსონაზე 20 ათას-ლარიანი(!!!) ავიაბილეთით არ იმგზავროთ? - თუნდაც ბიუჯეტიდან არ იყოს გადახდილი ის ფული და "ვინმეს" მიერ იყოთ დასპონსორებული (გული მიგრძნობს, რაღაც ამის მსგავსი იქნება ახსნა); ან უსუფაშვილის "განმარტება" "ცხელ გულზე" - იმ სტატიის გამოქვეყნებაში არც მე და არც ბიუჯეტს კაპიკი არ გადაგვიხდია და არც ვიცი, ვინ გადაიხადაო, დამაჯერებელია?! შე კაი კაცო, ის ხალხი ამბობს, გადაგვიხადეს 75 ათასიო და შენი ნაშრომ-ნააზრევის სამზეოზე გამოტანაში ვიღაც "ინკოგნიტომ" რომ ამოდენა მაყუთი გაისროლა, მადლობის სათქმელად მაინც მოგეძებნა! აიღეთ ეს ოხერი ჟურნალი და წიკითხეთ ჩემი "პროვოკაციები"! ჯანდაბას, არ წაიკითხოთ, რადიო ჩართეთ - ინტერაქტივებიანი გადაცემები (აქაც ჩემი გადაცემის რეკლამას "ვაპარებ") ან ავტობუს-მეტროებით გაიარეთ, ან მსტოვრები დაგზავნეთ - იცით, ხალხი რას ლაპარაკობს?!

ზუსტად ის ხალხი, ვინც მაგ სიმაღლეზე აგაბრძანათ! (სხვათა შორის, "ფიზიკის კანონია": რაც უფრო დიდი სიმაღლიდან ვარდები, მით უფრო მტკივნეულია...)

სამაგიეროდ, პრეზიდენტი იაპონიას ეწვია და პირველივე დღეს მიაღწია შედეგს: იაპონიის პარლამენტი განიხილავს დადგენილებას, რომლის მიხედვითაც იაპონურად საქართველოს "ჯორჯია" დაერქმევა და არა - "გრუზია", როგორც ეს აქამდე იყო! ახლა, ამაზე რომ არაფერი ვთქვა და მერე ვინმემ გამიხსენოს, "ნაციონალები" რომ ლიტვას ეჩალიჩებოდნენ, "გრუზია" შეცვალეთ "ჯორჯიათიო" და შენ რომ ღადაობდი, გახსოვსო? ხომ იქნება მართალი? ჰოდა, ახლაც ვიტყვი იმას, რაც მაშინ ვთქვი: ჯერ ჩვენ შევთანხმდეთ, რა გვქვია, თორემ გასაგებია, რომ "გრუზია" არ გვინდა, მაგრამ რატომ უნდა გვიწოდოს იაპონიამ (ან ლიტვამ) "ჯორჯია" და არა - "საკარტველო"?! ან კიდევ, თუ მაინცდამაინც ჩვენი ქვეყნის პირველი ევროპული სახელწოდება გვინდა, რატომ არა - "გეორგია" და მაინცდამაინც მისი ინგლისური ვარიანტი? მე გეტყვით, რატომაც: იმიტომ, რომ გოიმები და სნობები ვართ - აგე, იაპონია პარლამენტის დონეზე აპირებს ამ საკითხის განხილვას (არადა, სულ ფეხებზე არ კიდია, რას დაგვიძახებს?), ჩვენებმა კი, სად და როდის გადაწყვიტეს, რომ ეს მოეთხოვათ? ან ისტორიკოსებს, ან ენათმეცნიერებს ჰკითხეს? ჰო, ერთი კია: მაშინ ლიტვამ ყურიც არ შეიბერტყა საქართველოს თხოვნაზე და ისევ "გრუზინეცებად" დაგვტოვა, იაპონია განიხილავს მაინც - ხომ გითხარით, ესენი "ნაცებს" ცოოოტათი სჯობნიან-მეთქი...

პ.ს. ძალიან მიყვარს ეს ელექტრონული "ყვითელი პრესა" - ისეთ კარგ ამბებს მოკრავ ხანდახან თვალს. აი, ახლაც: "პუტინი კვდება! მას ავთვისებიანი სიმსივნე გაურთულდა!" იფ, შენ გენაცვალე! თან მოწყენილი პუტინის სურათიც ახლავს: წელზევით შიშველი, შეშფოთებული ექიმის წინ რომ დგას. ეეეჰ, მაგის ბედი ვინ მოგვცა, ცხადია, ტყუილია, მაგრამ მგონი ადრეც დავწერე და ისევ ის ძველი ანეკდოტი გამახსენდა:

- ჭიჭიკია, ჩვენს "ტორპედოს" "ბარსელონასთან" მოუგია, გეიგე?

- ტყვილი იქნება...

- ტყვილი კია, მარა ხომ მაგრად ასწორებს!