მე რა ვქნა, მე?! - კვირის პალიტრა

მე რა ვქნა, მე?!

ჩემდა სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები ელექტრონული მედიის უპირატესობაში ბეჭდურთან შედარებით: ახლა სამშაბათია, საღამოს შვიდი საათი დაიწყო და აი, ეს წუთია დასრულდა ტელერეპორტაჟი "თავისუფალი დემოკრატების" ოფისიდან, სადაც ირაკლი ალასანიამ სკანდალური განცხადება გააკეთა.

ცხადია, ამ განცხადებასა და მის წინმსწრებ მოვლენებზე მნიშვნელოვანი ამ დღეებში არაფერი მომხდარა და ახლა ამაზე რომ არ დავწერო, არ შეიძლება. მეორე მხრივ, ზეგ - თქვენ რომ ამ "პროვოკაციას" წაიკითხავთ, იმდენი რამ იქნება შეცვლილი, ისეთი გაგრძელება ექნება ამ ამბავს, რომ დღევანდელი სიტუაცია ორი დღის კი არა, იქნებ ორი წლის წინანდლად მოგვეჩვენოს.

ამიტომ, ცხელი თემა რომ არ "ჩავაგდო" და დღევანდელი სიტუაციაც არ "დავაძველო" (რაღაცნაირად ინტერესი შევუნარჩუნო), ძველ, ნაცად ხერხს მივმართავ - ვეცდები გამოვიცნო, როგორ განვითარდება მოვლენები და მერე ვიამაყო ჩემი მიხვედრილობით (რაც, რა დასამალია და, ხშირად მომხდარა) ან დღევანდელი ხელისუფლების არაპროგნოზირებადობას დავაბრალო ჩემი "იაღლიში"...

ჰო, სულ დამავიწყდა, რომ "ერთი ქულა" უკვე მაქვს, რადგან, როგორც კი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავების ამბავი გაცხადდა, მაშინვე ვთქვი "პროვოკატორის" პირდაპირ ეთერში, - ეს საქმე პოლიტიკის სუნით აყროლდება-მეთქი და ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ.

ახლა კი დაპირებული პროგნოზი: ალასანია თვითონ არ გადადგება, ღარიბაშვილი გადააყენებს; ამის შემდეგ, საკუთარი ნებით გადადგება ევროინტეგრაციის მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და მთელი საზოგადოებისა და პრესის განსახილველ საკითხად იქცევა, - რას იზამს თეა წულუკიანი, რომელიც დღეს პარტიის ოფისში ალასანიას გვერდით არ იდგა, რადგან, როგორც იუსტიციის მინისტრს, პარტიის წევრობა შეჩერებული აქვს, მაგრამ პროკურატურის ბრიყვული მოქმედება, ალასანიაზე ადრე, მან შეფასა.

ვფიქრობ, წულუკიანი ორ დღეზე მეტს არ დააგვიანებს თავისი პოზიციის დაფიქსირებას და ღარიბაშვილის (ივანიშვილის) გადაწყვეტილებიდან გამომდინარე იმოქმედებს: ა) თუ ზოგიერთი მიხვდება, რომ ამ ეტაპზე ღია კონფრონტაცია ქვეყნისათვის დამღუპველია და იმით მაინც იხელმძღვანელებს (თუ ამის ანალიზისთვის ტვინი არ ჰყოფნის), რომ "ნაცნარჩენებს" სიხარულის ჭყლოპინი გაუდით და ე.ი. ეს ცუდია, მაშინ იქნებ სწორედ წულუკიანი იქცეს მთავარ "შემრიგებლად", თუ არა და, ბ) წულუკიანიც გადადგება, "თავისუფალი დემოკრატები" კოალიციიდან გასვლის შესახებ განცხადებას გააკეთებენ, პარლამენტის რამდენიმე სერიოზული "ფეისიც" ღიად შეაგინებს იმას, ვინც შესაგინებელია და საპარლამენტო უმრავლესობაც - ფა-ფუ!!!

დარწმუნებული ვარ, ამათ ადგილზე კოალიციაში მალევე გამოცხადდება სასტიკი და დაუნდობელი "კასტინგი" (შვიდი მილიარდი ეგრე ადვილად არ თავდება), იმდენად მალე, რომ შემდეგ "პროვოკაციამდეც" მოესწრება დაწინაურებული კანდიდატის გამოვლენა.

მთელ ამ ალიაქოთს ცეცხლზე ნავთს დაასხამენ "ნაციონალები", რომელთა მოქმედებისა და გამოსვლების პათოსი იქნება: "ხომ გეუბნებოდით?!" (გახსოვთ ალბათ, უკვე იყო: "ჯერ სადა ხართ?!"), ოღონდ დარწმუნებული ვარ, "თავისუფალ დემოკრატებთან" მათი კოაბიტაციისა თუ ასოცირების მცდელობა უშედეგო იქნება (ეს არის მთავარი, თორემ ბოლომდე დაგვერხა!) და ისევ 15 ნოემბერს დაგეგმილი მასხარაობის იმედად დარჩებიან.

პროკურატურა? პროკურატურა, რა - დარწმუნებული ვარ, დაკავებულთა ბრალეულობის ურყევ საბუთებს წარმოგვიდგენენ და დარწმუნებულები იქნებიან (ახლაც დარწმუნებულები არიან), რომ ეს არის მთავარი, მაგრამ "ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა"... თუმცა, ეს კლასიკაა, მაგათ უჭირთ ამ ამბავში...

P.S. აი, რა ვქნა, რა ჯანდაბა ვქნა - ისე ჩაიკითხავდით ამ გვერდს, რომ ერთხელაც არ გაგეღიმებოდათ, მაგრამ რომ არ გვაქვს საცინელ-საღიმილოდ და საღლაბუცოდ საქმე?

ხომ გახსოვთ, - "მე რა ვქნა, მეეე?!" - ენამ უყივლა, თუ რა ჯანდაბა იყო?

ეს სიტყვები სათაურშიც იმიტომ გამოვიტანე და თანაც, უბრჭყალებოდ, რომ ამჯერად მე გეკითხებით: როდემდე შეიძლება "პროვოკატორის" სვეტი აქტუალური იყოს?! როდემდე შეიძლება ამ საცოდავ ქვეყანაში არ გამოჩნდეს ძალა, რომელიც ჯერ ქვეყანაზე იფიქრებს და მერე საკუთარ ბიძაშვილ-დეიდაშვილებზე?! როდის მიხვდებიან, რომ უბედურ ქვეყანაში ბიძაშვილიც უბედური გეყოლება და ცოლ-შვილიც?

ეეჰჰ...

P.P.S. ვაჰ, ერთი საინტერესო პროგნოზი დამავიწყდა: როგორ ფიქრობთ, რას იზამენ "რესპუბლიკელები"? მე ვიცი: არაფერს!