ორგასაღებიანები - კვირის პალიტრა

ორგასაღებიანები

ჯერ ერთი გასაღების ამბავიც ვერ გაარკვიეს, ისე ჰქონდათ დაკარგული და ახლა ორი გასაღები ჯობსო, - ასე გადაწყვიტეს და პატრონებს, ანუ შემნახავებს ეძებენ.

ხომ ხვდებით, რომელ გასაღებებზეც არის საუბარი?.. თუმცა, თავიდან რაც იფიქრეთ, ის გასაღებიც დაკარგული აქვს მანდ ზოგიერთს - ზოგს ადრეც დაკარგული ჰქონდა, ხოლო უმეტესობამ ხელისუფლებაში მოსვლის მერე დაკარგა - ძნელი ყოფილა დიდების ტვირთი!..

ასეა თუ ისე, ეს საკითხი მოგვარებისკენ მიდის და ამიერიდან ორ სტრუქტურას შეეძლება ჩვენი სატელეფონო საუბრების მოსმენა - სახელმწიფოს და კერძოს, უფრო სწორად, იმდენ კერძო სტრუქტურას, რამდენიც ლიცენზიას მოიპოვებს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე - გინდ რუსული ფირმა იყოს, გინდ ამერიკული და გინდაც - სომხური.

კი, დღეს მხოლოდ სამია, მაგრამ ამ ბრიყვული გადაწყვეტილების შემდეგ, მე რომ არაკეთილმოსურნე ქვეყნის დაზვერვა ვიყო, საგანგებოდ შევქმნიდი ერთ სატელეკომუნიკაციო კომპანიას, რომ ასეთი შესაძლებლობა ხელიდან არ გამეშვა.

ჯანდაბას მაგათი თავი, ვერ ხვდებიან და ნუ ხვდებიან, რომ სარისკოა ეს ნაბიჯი. მე პირადად სულ არ მადარდებს თუ მომისმენენ, რასაც აქ ვწერ, ზუსტად იმას ვამბობ ტელეფონით საუბრისას (ზოგიერთ არაპოლიტკორექტულ და უწმაწურ გამონათქვამს თუ არ ჩავთვლით), ამიტომ სანამ"დაკარგულ გასაღებს" იპოვნიან, აქ"მომისმინონ":

ბატონებო (ქალბატონებო-ც), ვერ არის საქმე კარგად და თქვენი სიმშვიდე რაღაც არაადეკვატურად მეჩვენება - ეს ყველაფერს ეხება: აფხაზეთის ამბავსაც; ჩინოვნიკების პენსიებსაც; რუსეთის მეხუთე კოლონის გათავხედებასაც; პენსია-ხელფასების ვერმომატებას და სამაგიეროდ ამით ხალხში გამოწვეული ნიღილიზმის მატებასაც; თუნდაც დედაქალაქის ქუჩებში არსებულ, არსებულ კი არა კატასტროფულად მომატებულ საცობებს, რომლებიც რატომღაც თქვენს საქმედ არ მიგაჩნიათ, უეცრად ჩაბნელებულ მთელ საქართველოს და"მიზეზი გაურკვეველიაო" - ოფიციალურად გამოცხადებას და კიდევ უამრავ სხვას...

არა, მთლად პროვოკატორი არ ვარ, რაც გაკეთდა არ უარვვყოფ - პენსია მომავალი წლიდან 10 ლარით მოიმატებს და 160 ლარი გახდება. თანაც დარწმუნებული ვარ, სანამ მე საპენსიო ასაკს მივაღწევ, ერთ 10 ლარს კიდევ მოუმატებენ, მაგრამ ისეც ნუ იზამთ, ბატონებო (და ქალბატონებო-ც - როგორც უკვე აღვნიშნე), რომ 10 ლარი მოგვიმატოთ ("მოგვიმატოთ"-მეთქი - ჩემი ტავიც უკვე მივათვალე პენსიონერებში) და 100 ლარის ნერვები აგვისალოთ, მეტი რარა გინდათო!!! Dიახ, თქვენ გეუბნებით, თქვენ, ბატონო ზურაბ ტყემალაძევ - მეწარმევ და პოლიტიკოსო, 160 ლარს უნდა ვეყოო, არ გიტყდებათ, მაგას რომ ამბობთ?!

გინდათ, ექსპერიმენტი ჩავატაროთ - აი, ჩვენი, პალიტრა-ტვ-ს ხელმძღვანელობას ვეტყვი და რაღაც რეალითი-შოუს მაგვარი მოვაწყოთ:"როგორ ეყოფა ზურაბ ტყემალაძე 160 ლარს!" მტელი თვე ტელევიზორში იქნებით და ამ თანხაზე მეტს არ დახარჯავთ: სამსახურსიც ივლით,"ნუგეშის" ქსელში პენსიონერების რიგშიც ცადგებით და აბაზდაკლებულ საქარს იყიდით, შვილიშვილებსაც ამ თანხიდან შეძენილი საჩუქრებით გაახარებთ და დენზე მიბმულ და ჯერვერაშვებულ წყლისა და ნაგვის გადასახადსაც ამ 160 ლარიდან გადაიხდით. ჰა, როგორია?! გარწმუნებთ, კიდევ უფრო პოპულარული გახდებით და კიდევ უფრო შეგიყვარებთ ხალხი - მაგათ, ხომ იცით, ერთი გაღიმება და მით უმეტეს თუნდაც ერთი დღით"მათნაირობა" ჰყოფნით, რომ ყველაფერი ცუდი დაივიწყონ...

არა, არა - ძალიან მომეწონა ჩემი იდეა, ისე მომეწონა, რომ სიამაყით აღვივსე და უკვე მის განვითარებაზე ვიფიქრე - მერე გავაკეთებთ სხვა შოუებსაც:"როგორ წავა პრეზიდენტი პაეზდკაში პრემიერის ნებართვის გარეშე";"როგორ შეავსებს ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობას ყოფილი ნაცების დასანტაჟებით";"როგორ მივიღოთ სამსახურში 25 ნათესავი, თუკი ვაკანსია მხოლოდ 10-ა";"როგორ უნდა უხაროდეს, ხითხითებდეს და ხელებს იფშვნეტდეს მთავარი ოპოზიციური ძალა, როდესაც ხელისუფლება რაღაცას ცუდად აკეთებს" და ა.შ.

"პალიტრა ტვ" ახალი წლიდან ახალი ფორმატით იწყებს მაუწყებლობას, ახალი სტუდიებით და განახლებული გადაცემებით, მგონი ამ იდეატაგან რომელიმე მოეწონებათ...

P.S. აფხაზეთმა და რუსეთმა იმ ყბადაღებულ ხელშეკრულებას მაინც მოაწერეს ხელი...

ჩვენში ბევრმა უკმაყოფილება გამოთქვა - დასავლეთს ამაზე არც თუ ისე მწვავე რეაქცია ჰქონდა, რუსებს ვერაფერს უბედავენო.

"თვალი დაუდგეს ევროპას" - როგორც ხუტა-უფროსი იტყოდა, მაგრამ ამ უკმაყოფილოებს"ქართული რეაქციებისთვისაც" რომ გადაეხედათ, არ აჯობებდა? აგერ, ერთმა"პოლიტოლოგ-პოლიტიკოსმა", რომელიც რუსეთუმეობას არ მალავს (ისე, ამით მაინც სჯობს სხვებს) ბრძანა: ქვეყანაში ისტერია და სიბნელე მეფობს, თორემ საქართველოსთვის უკეთესია აფხაზეთში მართლმადიდებელი რუსეთის პოზიციები რომ ძლიერდება, ვიდრე მუსლიმური თურქეთის, ან ირანისო (ირანი რა შუაშია?!) .

იქნებ ვინმემ ეს კაცი ჩემს გადაცემაში მომიყვანოთ...