"ლეპსის ქურდი და პუტინის ქურდი ორივე ქურდიაო!" - კვირის პალიტრა

"ლეპსის ქურდი და პუტინის ქურდი ორივე ქურდიაო!"

წინა "პროვოკაციის" შემდეგ საქართველოში ორი თემა იყო მთავარი: ვინმე გრიგორი ლეპსის კონცერტი, იქ დამსწრე საზოგადოება და ჩვენი ეროვნული ვალუტის გაფარჩაკება.

სათაურად გამოტანილი, ცნობილი ქართული ანდაზის პერიფრაზი იქნებ ზუსტი ანალოგი არ იყოს იმისა, რის თქმაც მინდოდა, მაგრამ მაინც არ წავშალე და ამისკენ უფრო იმანაც მიბიძგა, რომ ამ ლეპსს (ალბათ, უფრო " ლეფსს, რადგან ნამდვილი გვარი ლეფსვერიძეა და არა ლეპსვერიძე) "კანონიერი ქურდობაც" (სანამ "ხელოვანი" გახდებოდა) "ნანდომა" თურმე და, სხვათა შორის, ახლაც ძველბიჭობს, ოღონდ ქართველ ჟურნალისტ გოგონებს "ებლატავება" მხოლოდ...

ლარს რაც შეეხება - ხადური გვიცოცხლოს ღმერთმა და, ხან გაიაფდება, ხან - გაძვირდება (ხადური კი არა, ლარი), ოღონდ რამდენადაც გაიაფდება, მერე იმ დონეს ვეღარ დაუბრუნდება (ასე თქვა); მთავარი ის არის, რომ ხალხი ვერ ხვდება, თორემ სინამდვილეში, ასე სჯობსო (ეს უკვე, პრემიერ-მინისტრმა ბრძანა).

ორი წლის წინანდელი პოპულარული ვიდეო ხომ გახსოვთ, - წინასაარჩევნო შეხვედრებზე ერთი ქალბატონი რომ ვერ გაერკვა, ვის ესაუბრებოდა და ბოლოს რომ შემოიკრა თავში ხელი:

- დედააა, აგი ნაციონალი ყოფილა!

დაახლოებით ეგეთი რამ თქვა, ამჯერად - ჩემზე, ერთმა მსმენელმა, როდესაც "პალიტრის" პირდაპირ ეთერში დამირეკა.

საქმე ის არის, რომ ზოგიერთი ადამიანი მოქმედი ხელისუფლების კრიტიკას, ნაციონალების მომხრეობად აღიქვამს (მეტსაც გეტყვით: ამ ადამიანებს შორის ზოგიერთი დღევანდელი ჩინოსანია) და საუბარში ეს რამდენჯერმე მიმანიშნეს კიდეც!

მე - ნაციონალი!

ოეეე, გამგეეე - რაც გინდა თქვი ჩემზე (ისე, მართლა რატომ უნდა თქვას ისეთმა, გუშინ რომ ენაგადმოგდებული დარბოდა 5-ნომრიანი ფლაერებით?!), მაგრამ ამ ვიღაც ახვარი ლეპსის კონცერტზე რომ არ უნდა წავიდეს წესიერი ქართველი და მართლაც ნემსისა თუ აქლემის ქურდვით რომ აცეცებდა ზოგი თვალებს იმ ე.წ. სირცხვილის დერეფანში, - ამას მაინც ვიტყვი და იმასაც, რომ ლარის გაუფასურება უფრო არ მომწონს, ვიდრე - მომწონს. ამასაც გავიმეორებ!

კარგი, ჯანდაბას, ავიტან - მივეჩვიე უკვე, შევარდნაძის ზეობიდან მოყოლებული, ყველა მთავრობის მომხრე მე მლანძღავს. ისევ ლეპსსა და მის კონცერტს დავუბრუნდეთ: ქალბატონი ნინო ბურჯანაძეც ესწრებოდა ამ "კულტურულ ღონისძიებას" და როგორც ეტყობოდა (თუმცა, მეეჭვება, მგონი " "თამაშობდა"), მოსწონდა კიდეც, მაგრამ ეგ არ გამკვირვებია - პოლიტიკური ორიენტაცია თუ ტაქტიკური მოსაზრებები აიძულებს, პუტინის "ლუბიმჩიკის" კონცერტი არ გამოტოვოს. აი, ის დანარჩენი - "ჩვეულებრივი ადამიანები" უფრო მაინტერესებს: სად იყავითო, კაცმა რომ გკითხოთ და კარგად რომ დაფიქრდეთ, რას უპასუხებთ

ახალგაზრდები?! ვთქვათ, ის ადამიანები, რომლებსაც "37-მანეთიანი ნოსტალგია აქვთ", აღარ გამოსწორდებიან, ახალგაზრდა კაცი, რომელიც კითხვაზე - ეს კაცი პუტინის პოლიტიკის მომხრეა და შენ რას იტყვიო, პასუხობს - პოლიტიკაში არ ვერევიო, ხომ არის ღირსი, რომ ცხინვალიდან იყოს წარმოშობით და მის იქაურ სახლში ახლა ნეხვის არყით გამოლენჩებული კალაშნიკოვიანი სალდათი ხვრინავდეს?!

და ამიტომ ვარ ნაციონალი?! "მალადეც" თქვენ (ასე უფრო გაიგებთ, გემშობლიურებათ ეს სიტყვა)...

ჰო, ეს ლარის ამბავი მიმრჩა უყურადღებოდ... უბრალოდ, ერთი, 90-იანების დასაწყისში გადაკეთებული ენის გასატეხი გამახსენდა და გული "შემიტოკდა": "კუპონი გაკუპონებულა, საკუპონეში და ა.შ."

პ.ს. ისე, კი არ ტყუის ეს ხალხი, ნაციონალები "საიქიოდანაც" რომ უშლიან ნერვებს: აგერ, ნიკა მელიამ (ხომ გახსოვთ, ნიკანორი?) ერთ დღევანდელ მაღალჩინოსანს (აი, ისეთს, რომ არასოდეს იკარგებიან, ქიციც რომ იციან და ქიცმაცურიც) კამათისას მიახალა: შენ როგორ მელაპარაკები ადამიანების უფლებებზე, წინა ხელისუფლების დროს პროკურორად მუშაობდიო!!!

რა უნდა თქვა, კაცმა?.. უტიფრობაშიც ნიჭიერები არიან ეს ოხრები...