დედააფეთქებულები - კვირის პალიტრა

დედააფეთქებულები

"არის, ასრულდა ოცნება! არის ასრულდა მიზანი!
კიდევაც დაიზრდებიან ალგეტს ლეკვები მგლისანი!"
- სხვათა შორის, ზუსტად 50 წლის წინ ყველაზე პოპულარული სიმღერიდან არის ეს სტრიქონები. საქმე ის გახლავთ, რომ 1964 წელს თბილისის "დინამოს" ფეხბურთელთა გუნდი პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და ეს სიმღერაც ამ გამარჯვებას მიეძღვნა - მთელი საქართველო მღეროდა, მათ შორის, ფეხბურთისადმი გულგრილი ხალხიც (თუმცა, ასეთი ცოტა იყო) - კარგი სიმღერა იყო, ჯიგრიანი, ადვილად დასამახსოვრებელი და სამღერი. არის ჩანაწერი "იუთუბიზე" ნახეთ, მოგეწონებათ.

ორი მიზეზის გამო გამახსენდა ეს სიმღერა: პირველი ის, რომ როდესაც გავიგებ, ვიღაცამ რაღაც დიდი ხნის ნანატრი მიიღო-მეთქი, სულ ეს ფრაზა მახსენდება - "არის, ასრულდა ოცნება!" - ისე გემრიელად ამბობს მისამღერში ის მაშინდელი მომღერალი (ნახეთ და მოუსმინეთ-მეთქი) და მეორე მიზეზს კიდევ, ბოლოს ვიტყვი.

მიზანს და მის ასრულებას რაც შეეხება: "არ-ემ-ჯი გოლდმა" ერთ ადგილზე დაიკიდა სასამართლოს გადაწყვეტილებაც, საზოგადოების პროტესტიც, ეროვნული მუზეუმის პოზიციაც და საყდრისის უძველესი საბადო ააფეთქა! მიაღწიეს მიზანს და აისრულეს ოცნება! თანაც იმ სიმღერასა და ცნობილ ხალხურ ლექსში ნახსენები ალგეთიც ხომ იქვეა ანუ, ფიგურალურად რომ ვთქვათ, სწორედ "ალგეთის მგლების აკვანი" ააფეთქეს...

რატომღაც უცნაური სიტყვა - "დედააფეთქებული" მახსენდება... რა არის, იცით? ძალიან არ მინდა, რომ პროგრესის, ბიზნესის, სამუშაო ადგილების შექმნისა და ბიუჯეტის შევსების მოწინააღმდეგედ ჩამთვალოს ვინმემ, მაგრამ თუკი ეს ყველაფერი არქეოლოგიური, კულტურული თუ ისტორიული ძეგლის ხარჯზე ხდება, ფეხებზე მკიდია ყველა დანარჩენი არგუმენტი.

სხვათა შორის, ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ ამ ამბავში "ანტიარემჯიგოლდისტთა" წინააღმდეგ საქართველოს პრეზიდენტიც იაქტიურებდა, მაგრამ ჩავრთე ტელევიზორი და ვიფიქრე, "წუხანდელი გამოყოლილის" ბრალია და მეჩვენება-მეტქი: "შარვალ-კასტუმ-გალსტუკში" გამოწყობილი მარგველაშვილი ცხენზე იჯდა და ცირკის არენას ჩორთით ურტყამდე წრეებს! კიდევ კარგი, მალევე გაირკვა - თურქმენეთში ყოფილა და იქაურ პრეზიდენტს "უთხოვებია" ცხენი, ეტყობა, ამან სთხოვა:

- აუ, ერთი "კრუგი" დამსვი, რაააა...

მერე თურქმენბაშის მავზოლეუმიც დაათვალიერებინეს და, - ძალიან მაგარიაო, - მარგველაშვილმა. მოკლედ, სანამ პრეზიდენტი პრეზიდენტობანას თამაშობს, ესენი აქ ქვეყანას ანგრევენ (ანუ, აფეთქებენ).

ამასობაში, შევარდნაძის დროინდელი ხალხიც ნელ-ნელა აქტიურდება: მამალაძე იყო ერთი, ქვემო ქართლის გუბერნატორი, სწორედ მის სამართავ ტერიტორიაში შედიოდა საყდრისი და მიმდებარე ტერიტორიები. ახლა აღმოცენდა უცებ საიდანღაც (საიდანღაც რა, ალბათ რუსეთიდან) და სააკაშვილს მიმართა: მიშა, შე კურდღელო, ნაყოფიას რომ აჩუქეთ მუქტად შენ და ბიძაშენმა ეგ საბადო და მერე წილში ეჯექით, გახსოვსო?! მოდი, დამიჯექი დებატებში და "ვიბაზროთ", რას მემალებიო?!

ისე, მაგარი იქნება: მართლა უნდა დასვა ესენი (თავიანთი "სასტავებით") სადმე ცალკე შენობაში, მერე უნდა მოიყვანო ის ტიპები - აი, საყდრისი რომ ააფეთქეს, და უთხრა: აბა, თუ მაგრები ხართ, ისტორიას რომ აფეთქებთ, აჰა, ისტორიის ნაგავი ააფეთქეთ, თუ მაგრები ხართ-თქო. ოღონდ ჯერ კარგად უნდა მოფიქრება, მერე კიდევ რომ არ დაიხარჯოს "ვზრივჩატკა", ბარემ დღევანდელი ზოგიერთიც შევუგდოთ შიგნით...

აუუუ, რა საშინელებას ვწერ - იმაზე მეტად ვარ გაბრაზებული, ვიდრე მეგონა... თანაც, მე რა - აგერ, ვანგას წინასწარმეტყველება გამოქვეყნდა, 2015 წელს მაინც ყველას გვერხევაო.

და კარგი ამბით დავასრულოთ: რუსულ რუბლს ღრმად და საფუძვლიანად ეხაზება! ნავთობის მსოფლიო ფასიც მალე მიაღწევს ისტორიულ მინიმუმს! ჰოდა, ვისაც ეს არ მოგწონთ, შეგიძლიათ ინერვიულოთ.

პ.ს. შესავალში ვთქვი: მეორე ამბავს, რამაც ის სიმღერა გამახსენა, ბოლოს ვიტყვი-მეთქი. რადგან დაგპირდით, უნდა ვთქვა: მაგ სიმღერის გარდა, კიდევ ალბათ ათი-თხუთმეტი სიმღერა თუ იყო, რომელიც ხალხმა აიტაცა და ქართველების ეროვნულ ღირსებას და მივიწყებულ სახელმწიფოებრიობის გრძნობას საბოლოოდ ჩაკვდომის საშუალებას არ აძლევდა. ერთ-ერთი სოსო პავლიაშვილის "სამშობლო" იყო, 1989 წლის 9 აპრილს მთელი რუსეთის გასაგონად ნამღერი...

მე მხოლოდ აცრემლებული რუსული აუდიტორიის წინაშე, აცრემლებული მომღერლის მიერ ნამღერი ახალი ჰიტის ორიოდე სტრიქონს გაგაცნობთ:

"აქ ჩემი ბედია, აქ ჩემი სულია, მდინარეები და მდელოები...

აქ ჩემი მეგობრები არიან, ჩემი ოჯახი და სახლი...

მე ვხედავ მზეს და ფერად სიზმრებს, მე ვლოცულობ და მინდა,

რომ შენი განთიადი წმინდა იყოს, ჩემო ამაყო რუსეთო!" (მნიშვნელოვანი დეტალი: ამ დროს თვითონ მომღერალსაც "კურცხალი მოდის")

პ.პ.ს. ვაჰ, რა ხდება ადამიანში ხანდახან, ნეტავ? (აი, ივანიშვილი წიგნს წერს თურმე, ნიცშეს გავლენით, და გაგვაგებინებს ალბათ).