ვალს გადახდა უნდა, ვირებო! - კვირის პალიტრა

ვალს გადახდა უნდა, ვირებო!

ბოდიში, ყველანი ასეთები არ ვართ...

ცხონებულმა ბებიაჩემებმა (ორივემ), 90-იანი წლები და "საბჭოეთისაგან განრიდების პროგრამა" რომ დაიწყო, არ დაიჯერეს, რომ მაშინდელი შემნახველი სალაროს წიგნაკები ("სბერბანკ ეს-ეს-ეს-ერ") უკვე მაკულატურა იყო და მასზე რიცხული ფული აღარასოდეს დაბრუნდებოდა. ამიტომ აკურატულად (ვაჰ! - მაკულატურა-აკურატულად!) ეწყო სხვა საბუთებთან ერთად რომელიღაც უჯრაში და ახლაც იქ აწყვია, როგორც მათი გარდაცვლილი პატრონების ხსოვნის ნიშანი და არ ვყრით. ახალი არაფერი მითქვამს - ასეა ალბათ ბევრ ოჯახში.

ამ ცოტა ნაღვლიან ამბავს კი იმიტომ მოვყევი, რომ კარგი ამბავი მომეყოლებინა: შემთხვევით მეგონა, მაგრამ თურმე სრულიად ლოგიკურად, ჩემი კარადის უჯრაში, ბებიაჩემის შემნახველი წიგნაკის გვერდით, ჩემი "სიტი პარკის" ქვითრები აღმოჩნდა - როდესაც მანქანის საქარე მინაზე მხვდება, რატომღაც ვინახავ ხოლმე, გადახდით არ ვიხდი, სანამ ოფიციალური ფოსტით არ მომიტანენ.

ჰოდა, ისეთი პირი უჩანს, გაუქმებულ "სბერკნიჟკებთან" ერთად სამუდამოდ გაუქმებულად დარჩება ეს ქვითრები - ნარმანიამ, "სიტი პარკს" დიდი დღე აღარ უწერია თბილისშიო და იქნებ, ძველი ვალებიც აღარ მოგვთხოვოს არავინ?!

ესეც ასე - გეყოფათ, "სიტი პარკის" სავარაუდო გადაშენების ამბავი ერთადერთი კარგი ამბავი იყო, რომელიც ამ "პროვოკაციაში" წაიკითხეთ. ახლა უფრო ჩვეული ანუ ცუდი ამბები ვთქვათ... თავდაცვის სამინისტროს სამარცხვინო განცხადებით და მერე მისი კიდევ უფრო სამარცხვინო საქციელით დავიწყებ: კი თქვა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა (აფსუს!), გენერალმა თევზაძემ, ჯარისკაცის კუბოსთან დგომას დუმილი უხდებაო, მაგრამ იქვე თვითონვე ვერ დამალა აღშფოთება და მე - ვისაც "აღშფოთებაში ფულს მიხდიან", რა გამაჩერებდა?! მეგობართან ერთად ვუყურებდი საინფორმაციოს, ცოტა ნასვამი ვიყავი და სამჯერ გადავახვევინე უკან, რამე სხვანაირად ხომ არ გავიგე - ან ინტონაცია, ან აქცენტი, ან "მესიჯი"... არა! თავდაცვის სამინისტრო აშკარად შემდეგს ამბობდა: ქართველებო, არ აჰყვეთ "ნაციონალების" მოწოდებებს და არ წახვიდეთ უკრაინაში რუსების წინააღმდეგ საბრძოლველად, ისე კი, გარდაცვლილის ოჯახს ვუსამძიმრებთ მაინცო! ეს იყო უფრო გასაგებად და მოკლედ ის, რაც იმ განცხადებაში ეწერა. კარგი, მიქარე - მიქარე, ნეხვი (უარესიც) ვის არ უჭამია, მაგრამ ბოდიშს თუ არ მოიხდი, იხტიბარი მაინც გაიტეხე, შე კაი კაცო! გამოდი და თქვი, შემეშალა-თქო. ბოლოს და ბოლოს, რომელიმე მოადგილეს ააღებინე საკუთარ თავზე, მოხსენი და მერე "სხვანაირად ეცი პატივი" (ყველაფერი მე გასწავლოთ?); როდემდე უნდა იმალო?! ხომ ხედავ, პრესცენტრისთვის "შეტენვის" ვარიანტი არ გამოდის. ძალიან, ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ - უკვე იმდენი სიტუაცია, იმდენი კონკრეტული საკითხი დაგროვდა, რომელშიც "ნაციონალები" მართლები არიან ახალ ხელისუფლებასთან, რომ ცუდი სუნი სდის ამ ამბავს ("ნაცებს" არ გაგიხარდეთ ჩემი ეს შეფასება - ეს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებიდან თქვენი გადაშენების შემდგომ პერიოდს ეხება).

ძალიან აღშფოთებული ვარ და მე ჩემს წილ ბოდიშს ვუხდი უკრაინელებს, განსაკუთრებით იმათ, ვინც აფხაზეთში იბრძოდა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისათვის და ბევრი მათგანი დაიღუპა იქ... ჩემი თაობის ხალხს შეხსენება არ სჭირდება (თუმცა, როგორ არა - ზოგიერთს "აღარ ახსოვს"), ახალგაზრდებს კი ვეტყვი, რომ უკრაინული "უნა-უნსოსა" და სხვა ორგანიზაციების წევრები ქართველთა მხარდამხარ იბრძოდნენ ისე, რომ არც ერთი კაპიკი, არც ერთი ვაზნა, არც ერთი გრამი საჭმელი არ მიუღიათ საქართველოს ხელისუფლებისგან - მათი პრინციპული გადაწყვეტილება იყო, რომ ისედაც გაღატაკებულ ქვეყანას ამ მხრივაც გვერდში ამოსდგომოდნენ.

აი, ასე იყო ეს ამბავი და ვალს გადახდა უნდა, ვირებო! (სხვებთან ბოდიში, იციან, ვისაც მივმართავ.)

სამწუხაროდ, ვისაც ამ ყველაფერზე ფიქრი ევალება - ანუ იმაზე, რომ უკრაინაში მართლა ვიღაცების ორგანიზებით კი არ მიდიოდნენ მოხალისეები, არამედ, საქართველოს თავის ძველ მეგობართან და თანამებრძოლთან გარკვეული და ჩამოყალიბებული ურთიერთობა ჰქონდეს, - ისინი სხვა რამეზე ბჭობენ: რამდენი აიღონ პრემია? ამ ფულს პრემია დაარქვან თუ - დანამატი? ხალხი რას იტყვის? ახალი წელი მოდის, ხალხის დედაც არ ვატირე?!

პ.ს. ამასობაში კი, სააკაშვილი და მარგველაშვილი გვერდიგვერდ ისხდნენ სტრასბურგში ჩვენი ხელშეკრულების რატიფიკაციისადმი მიძღვნილ სხდომაზე. სდექ - შემეშალა! გვერდიგვერდ კი არა - სააკაშვილი წინა რიგში იჯდა, მარგველაშვილი სადღაც მესამეში, მორიდებულად.

საერთოდ, ვინმეს არ უჩნდება კითხვა, რატომ გვაშაყირებენ? მაგალითად, რატომ ჩაიფარცხა ლიტვაში ამ ხელშეკრულების პრეზენტაციისას "შალახოს" დაკვრის ამბავი?! ან ეს "ორპრეზიდენტიანობა" რას ნიშნავს? - თქვე კაი ხალხო, გეუბნებით, რომ ამ კაცს ჩემი ქვეყნის პროკურატურა დასაჭერად ეძებს და აქ რომ გამომიჭიმე, რას ნიშნავს?! მაგრამ პრეზიდენტი უღიმოდა და მე ვინ მეკითხება?..

ან ის კითხვა თუ გაუჩნდა ვინმეს, - უკრაინაში ქართველი ყოფილი მინისტრების დანიშვნა, საქართველოს წინააღმდეგ ღია დემარში ხომ არ არისო? არა, ხომ? კარგი. ისე, ძალიან მაინტერესებს, უკრაინისა და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრების ან შს მინისტრების მოადგილეების შეხვედრა...