"ლაკისტუფლიანები" - კვირის პალიტრა

"ლაკისტუფლიანები"

აი, ბატონებო - საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ შეუცვლელი არავინ არის! საქმე ის გახლავთ, რომ წინა ორი "პროვოკაცია" ჩემი დაწერილი არ იყო - დიდი მადლობა "კვირის პალიტრის" იუმორისტული გვერდის ავტორებს. პირადი მიზეზების გამო არ მეცალა და მათ ჩემზე უკეთ გააკეთეს ეს საქმე.

ასე რომ, რადგან "პროვოკატორის" ჩანაცვლებაც არ ყოფილა პრობლემა, ჭიკაიძეზეც დიდად ნუ იდარდებთ - კი იყო ძალიან მაგარი მინისტრი, მაგრამ ახალიც არ იქნება ურიგო, ფიზკულტურულიც დამთავრებული ჰქონია და ყველაფერი...

ხუმრობა - ხუმრობად და, ამ ორ კვირაში მართლაც ცუდის გარდა არაფერი მომხდარა, სამწუხაროდ... ოღონდ კიდევ უფრო ცუდი ის არის, ჩემი აზრით, რომ პრიორიტეტები კვლავ არეული გვაქვს ქართველებს. თავად განსაჯეთ: იური ვაზაგაშვილის მკვლელობამ სამართლიანად აღაშფოთა მოქალაქეთა უმრავლესობა და ჭიკაიძის გადადგომა-ვინჭამსმაგას-გადაყენებაც იქნებ სწორი საქციელი იყო ხელისუფალთაგან, როდესაც ეს აღშფოთება დაინახეს, მაგრამ სამი დღის შემდეგ შესაძლოა, ინანეს კიდეც - ტყუილად ხომ არ მოვხსენით ეს "ბულკივით" კაცი, რადგან იმ "აღშფოთებული ერის" 90 პროცენტი გაცილებით აქტიურად ვიღაც ტუტუც ქალსა და პატრულის თანამშრომლებს შორის მომხდარ "ინციდენტებს" განიხილავს და ახლა ამაზე "შფოთავს".

ამ დროს კი, რეალურად, უამრავი სრულიად სხვა პრობლემაა ქვეყანაში და ვისაც ამ პროლემების დანახვა უნდა, თბილისს ოციოდე კილომეტრით გასცდეს ნებისმიერი მიმართულებით და დარწმუნდება.

ცხადია, ხელისუფლებას არ ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, თბილისს გასცდეს-მეთქი (ტალახია ჯერ, ფეხსაცმელი დაესვრებათ), არამედ იმათ, ვისაც, როგორც აღვნიშნე, პრობლემის დანახვა უნდათ: ჟურნალისტებს, არასამთავრობოებს, ინტრიგანებს, მოცლილებს, პროვოკატორებს...

თანაც, ჩემი შეტყობით, ხსენებული 20 კილომეტრიდან დაწყებული, რაც უფრო სცილდები თბილისს, მით უფრო ცუდად არის საქმე და მით უფრო მეტად "დაესვრებათ ფეხსაცმელი" მავანთ. ისე, ჩემზე კარგად იციან ეს და იმიტომაც სხედან თბილ-თბილ კაბინეტებში.

აი, მე მაგალითად, თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით დაახლოებით 300 კილომეტრის დაშორებით ვიყავი და ხელისუფალთ მინდა მოვახსენო, რომ ვერანაირი ჭიკაიძის მოხსნა, თავისი თბილისის სამმართველოს უფროსიან-კრიმინალური პოლიციის მოადგილიანად, ვერ გიშველით, რადგან: იქ, გურიაშიც კი, სადაც ხალხს პოლიტიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება ყოველთვის აინტერესებდა, დღეს საფუძვლიანად და დაბეჯითებით, "ბოიშმამითხოვია" და, ჰკიდიათ ყველა მინისტრი და პარლამენტარი (მათ შორის, არჩევნების შემდეგ რომ არ უნახავთ, ის მაჟორიტარიც) და ყოველდღიური საჭმლის ფულის (დიახ, ელემენტალურ, თავის გადასარჩენ "გროშებს" ვგულისხმობ) შოვნაზეღა ზრუნავენ... თუმცა, გურულობა და პოლიტიკაში გათვითცნობიერებულობაც ალბათ სწორედ ეს არის: მალე მიხვდნენ, რომ ამათი იმედიც ფუჭია...

სამაგიეროდ, ხელისუფლება ახალ კანონს სთავაზობს სოფლად მცხოვრებთ: ვინც არ დაამუშავებს მის კუთვნილ სავარგულებს, დაჯარიმდება! მაგარია, ვაზუსტებ: თუკი შენს სასოფლო-სამეურნეო მიწას წელს ვერ მოხნავ-დათესავ, რადგან ფული არ გაქვს, დაჯარიმდები - ფულით! ჯარიმისთვის, კეთილს ინებებ და იშოვი! არ იშოვი და, ჩამოგართმევენ. ამიტომ სასწრაფოდ უნდა გაყიდო. სასწრაფოდ კიდევ, ვინ იყიდის?! სწორია - უცხოელი, რომელსაც მერე მოჯამაგირედ დაუდგები შენსავე ნაყანარში.

ასე ყოფილა, თურმე, ევროპასა და ამერიკაში. გადავამოწმე და მართლა ასე ყოფილა, ოღონდ ეს ამ სიმართლის ნახევარია. მეორე ნახევარი კი ის გახლავთ, რომ სახელმწიფო უზარმაზარ სუბსიდიებს აძლევს სოფელში დასაქმებულთ და მხოლოდ ამის შემდეგ მოითხოვს მათგან სამაგიეროს. ბელგიაში, თურმე ნუ იტყვით და, ერთი ძროხის შენახვისთვის დაახლოებით 700 ევროს უხდის ფერმერს სახელმწიფო. ე.ი. დღეში 2 ევროს მხოლოდ იმისთვის აძლევენ, რომ საკუთარი ძროხა ჰყავს.

ახლა რა გამახსენდა, იცით? ამას წინათ საკმაოდ მოძველებული ინფორმაცია გავრცელდა: ნასა ექსპერიმენტს ატარებს და მსურველებს, რომლებიც 70 დღე ლოგინიდან არ ადგებიან, 18 ათას დოლარს უხდის და ხალხს ვერ პოულობსო. კინაღამ აფეთქდა ქართული ინტერნეტი, იმდენი "ჩამწოლი" გამოჩნდა. ჰოდა, ახლა, ამ ძროხების ამბავი რომ დავწერე, ნეტავ, რამდენ ჩვენებურს მოუნდება, რომ ბელგიური ძროხა იყოს?..

პ.ს. სანამ გამოძიება მიმდინარეობს (და დიდი იმედი მაქვს, რომ მალე დამთავრდება), არ ვაპირებ, საკუთარი მოსაზრებები გამოვთქვა, მაგრამ რადგან ვაზაგაშვილისა და რობაქიძის საქმეები ერთ კონტექსტში განიხილება, მინდა, კონკრეტული კითხვა დავუსვა ხელისუფალთ: რობაქიძის მკვლელობის შემდეგ გადაღებულ კადრებში ჩანს პოლიციელი (გვარად მაჩაიძე ყოფილა), რომელიც ერთ-ერთ დაკავებულს კითხვაზე - "მოკვდა ჩემი ბუტა?" არანორმალურად სადისტური, ამაზრზენი საქციელით პასუხობს. კითხვა ასეთია: არის თუ არა ეს ადამიანი დასჯილი და თუ არა, რატომ?!

კიდევ უფრო დავაზუსტებ კითხვას: რატომ არის ეს კაცი დაწინაურებული მაღალ თანამდებობაზე ანტიტერორისტულ სამსახურში?! მე არ მჯერა, რომ ასეთი ფსიქიკის ადამიანი ჩემსა და თქვენს შვილებს დაიცავს ტერორისტებისგან!