იყო და არა იყო რა, იყო ერთი დოლარი - კვირის პალიტრა

იყო და არა იყო რა, იყო ერთი დოლარი

ლარს დედა აღარ ჰყავს. არც მამა. არც და-ძმა, არც სხვა ახლობლები... ჩვენ ვყავდით მხოლოდ, მაგრამ ისე იქცევა და ისეთ დღეში ჩაგვყარა, რომ არც ჩვენი იმედი უნდა ჰქონდეს.

იქცევა-მეთქი, რომ ვთქვი, ერთი ანეკდოტი გამახსენდა, ძველი ანეკდოტი: გურიაში სამოქალაქო თავდაცვის ლექცია ტარდება (იყო ხოლმე ასეთი "ღონისძიებები": მთავრობის მიერ მივლენილი ლექტორები სოფლისა თუ ქარხნების კლუბებში უხსნიდნენ ხალხს, რა უნდა გაეკეთებინათ, თუკი მოულოდნელად "გათახსირებული კაპიტალისტები" ატომურ ბომბს ესროდნენ მშობლიურ საბჭოეთს). ლექციის ბოლოს ლექტორი ეკითხება ერთ გლეხს:

- როგორ მოიქცევით, თქვენს სახლთან ატომური აფეთქება რომ მოხდეს?

- მტერი მეიქცეს ისე, რავარც ჩემი სახლ-კარი მეიქცევა! (ვინც "გურული ენა" არ იცის, მისთვის განვმარტავ: "მოქცევა" - რაღაც მდგომარეობაში ჩავარდნას ნიშნავს იქაურად).

ჰოდა, ისე ვართ ჩვენ და ლარი "მოქცეული", მტერს რომ არ ვუსურვებთ. მაგრამ ხადურის იმედი მაინც მქონდა, - აი, გამოვა და იტყვის რამე ჭკვიანურს-მეთქი. გამოვიდა... თქვა... ოღონდ, აი, რა თქვა: ქამრები უნდა შემოვიჭიროთო! გაგახსენდათ?! მეც გამახსენდა. ეტყობა, თვითონც გაახსენდა და მაშინვე დაამატა: ოღონდ ახლა მართლა უნდა შემოვიჭიროთო!!!

ხანდახან რა საყვარლები არიან ადამიანები, როდესაც სისულელეებს ლაპარაკობენ... ნოდარიკოოო...

კიდევ ერთი მოგონება აღმიძრა ლარ-დოლარის დაშორებამ, ოღონდ არა ანეკდოტი, არამედ ნამდვილი ამბავია (მე ხომ ის თაობა ვარ, საბჭოთა პიონერ-კომკავშირელობას რომ მოვესწარი და მაშინდელები უფრო გამიგებენ, შეიძლება, თვითონაც ახსოდეთ ეს შთაბეჭდილება): ვერაფრით დავივიწყებ იმ ემოციას, როდესაც პირველად დოლარი ვნახე!..

ვიქნებოდი ასე, მერვე კლასში. რუსთაველზე ვიყავი, "ლაღიძის წყლებში", რა თქმა უნდა, "შატალოზე", ოღონდ რატომ ვიყავი მარტო, აღარ მახსოვს. მეხუთე გაკვეთილამდე დრო უნდა გამეყვანა, მეხუთე ბიოლოგია გვქონდა და გაცდენის შანსი არ იყო. ქვევით წავყიალდი, პირველ სკოლასთან ქაშუეთის მხარეს გადავყიალდი და ისევ ოპერისკენ წამოვყიალდი. გზად მხოლოდ "სოლანის" სუვენირების მაღაზია იყო საინტერესო. ჯერ იქ შევედი, ლამაზე რამეები იყიდებოდა... ოპერამდე რომ ამოვყიალდი, "ციცინათელას" ვიტრინამ მომტაცა თვალი (ახალგაზრდებისთვის: "ციცინათელა" ერქვა მაღაზიას რუსთაველზე, დაახლოებით "ლაღიძის წყლების" მოპირდაპირე მხარეს, სადაც მხოლოდ უცხოელებს ან უცხოეთში მომუშავე საბჭოელებს შეეძლოთ შესვლა, რომლებსაც შესაბამისი ცნობა ჰქონდათ, რომ უცხოური ვალუტით იღებდნენ ხელფასს. ცხადია, საქონელიც შესაბამისი იყო იმ მაღაზიაში და არა ისეთი, როგორიც ჩვეულებრივ მაღაზიებში). ერთ კაცს მოვკარი ლამაზი მანეკენების მიღმა თვალი. კი გამიკვირდა, აქ ვინ შემოუშვა-მეთქი? სტადიონის სალაროებთან "მოღვაწეობდა" - თამაშების დაწყების წინ, რამდენიმე დღით ადრე აღებულ, დეფიციტად ქცეულ ბილეთებს ყიდდა ხოლმე ორმაგ ფასად.

გამიგრძელდა სიტყვა, გადავეშვი მოგონებებში... მოკლედ: ბოდიში მომითხოვია და, ოპერის გვერდით, ტუალეტები რომ იყო, იქ შევედი. უცებ შემოვარდა ეს ტიპი, მომაჩეჩა რაღაც (თურმე - ათდოლარიანი); მე ხომ მიცნობ, ხვალ 4-ზე "დინამოს" მეცხრე სალაროსთან მომიტანე და ხუთი ბილეთი ჩემზეა პირველ იარუსზეო! - მომაძახა და "დაგაზა".

მივუტანე მეორე დღეს და მომცა პატიოსნად დაპირებული ბილეთები. მაგრად გარისკა, იქნებ მამა მყავდა "კაგებეშნიკი" (არადა, მამაჩემსაც ვანახვე სახლში; იმანაც პირველად ნახა, მგონი, "ლაივში"...)? მთელი საღამო ვათვალიერებდი, "ზეპირად ვისწავლე"...

რატომ მოვყევი ახლა ეს და რატომ გამოვიდა რაღაცნაირად, "ნოსტალგიური პროვოკაცია"? რატომ და, დღეს ზოგიერთმა გადამცვლელმა პუნქტმა დოლარის გაყიდვა შეწყვიტა; სანამ ამას თქვენ წაიკითხავთ (ზეგ, ხუთშაბათს), შეიძლება, უკვე ოფიციალურად აიკრძალოს დოლარის ნახვა და მგონი, ჩვენი შვილებისთვისაც ისეთივე "ტკბილი მოგონება" გახდეს ოდესღაც ნანახი დოლარი, როგორც მე აღვწერე ზემოთ...

P.S. "ოსკარზე" წასული ქართველი მსახიობებისთვის მინდოდა სოლიდარობის გამოხატვა – ცოტა ფული ასაგზლა კულტურის სამინისტრომ-მეთქი, მაგრამ სანამ ამ "პროვოკაციის" დრო მოვიდა, 420 დოლარი დიდი ფული გახდა!