იპარებიან! - კვირის პალიტრა

იპარებიან!

დღეს ბორის ნემცოვი დაკრძალეს. სამი დღეა, მთელი მსოფლიო ამ მკვლელობაზე ლაპარაკობს და მეც მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა... ოღონდ არა იმიტომ, რომ მთელი მსოფლიო ლაპარაკობს და თემას არ მინდა ჩამოვრჩე. არც იმის განხილვას ვაპირებ, ვინ იყო ნემცოვი და როგორ "უყვარდა" საქართველო (მკვდრებზე ან კარგს ლაპარაკობენ, ან - არაფერს).

მხოლოდ ერთი კითხვა მინდა დავუსვა ჩემს ოპონენტებს, რომლებიც სამწუხაროდ ძალიან მომიმრავლდნენ (რუსეთთან დამოკიდებულების ამბავში სამწუხაროდ-მეთქი, თორემ ისე - ღმერთმა გამრავლოთ): არ გეკითხებით წყენას ან სიხარულს, მაგრამ გაკვირვებით, ვინმეს გაგიკვირდათ ხელისუფლების ოპონენტის მკვლელობა მოსკოვის ცენტრში?! არ გეკითხებით, თქვენც რუსეთის ისტორიულ მიწად თვლით თუ არა ყირიმსა და დონბასს, მაგრამ გაკვირვებით, ვინმეს გაგიკვირდათ ის, რაც იქ რუსეთემა გააკეთა და კვლავ აკეთებს?! არ გეკითხებით, რას აკეთებდით 2008-ს აგვისტოში, მაგრამ თქვენც თვლით, რომ სააკაშვილი უარესის ღირსი იყო და პუტინი თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა?!

ძალიან გთხოვთ, იმის მიუხედავად, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია მკითხველთა რაოდენობა, ასეთებმა აღარც "გზის" პირველი გვერდი წაიკითხოთ და აღარც ჩემი ბლოგი "კვირის პალიტრის" საიტზე!

დანარჩენებმა კი, განვაგრძოთ საუბარი:

მაშ ასე: ლარი აზრზე მოდის! გამოვიდა ბიძინა ბიძია, თქვა, - დოლარი ორ ლარზე ჩამოვა და დასტაბილურდებაო და ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ. ისე, ხუმრობა იქით იყოს და, რომ ვამბობდი, ლარის გაფარჩაკების ერთ-ერთი მიზეზი პანიკაც არის-მეთქი, ამ ამბავმაც დაადასტურა: როგორც კი "სანდო კაცმა" თქვა, ნუ გეშინიათო, სიტუაცია მართლაც საგრძნობლად გამოსწორდა.

ახლა მოუთმენლად ველოდები, როდის იტყვის ივანიშვილი: ნუ გეშინიათ, ოლანდს ვინ ეკითხება, ნატოში მიგვიღებენ თუ არა, ერთ-ორ წელიწადში "მაპს" მოგვცემენ; მერე იტყვის: არ დაიჯეროთ, რომ ხელისუფლების ყველა დონეზე ნეპოტიზმი ყვავის და არც ის, რომ კადრების არაკომპეტენტურობა საბოლოოდ, დედას უტირებს ამ ქვეყანას, პირიქით, ჩვენების მიერ სამსახურებში შეტენილი ყველა ბიძაშვილი, მაზლი და ნათლიის ბიცოლა შეუცვლელი კადრია და ქვეყანას ჭირდება; და ა.შ. ერთი სიტყვით, ისევ ისეა: მთავარია, ბიძინამ თქვას!

ამასობაში, "ნაცები" დღითიდღე ხელიდან გვეცლებიან. არა, სასიკვდილოდ არ მემეტებიან მაინც, ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ საქართველოდან რომ გვეცლებიან, იმას ვგულისხმობ: აგერ, გიორგი ბარამიძეც "გაუკრაინელდა". აი, მიშა რომ რეფორმების საერთაშორისო ცენტრის "დერექტორად" დანიშნა პოროშენკომ, იმ ცენტრის წამყვანი ექსპერტი გახდა და პარლამენტიდანაც მიდის.

ერთი კანონზომიერება დავაფიქსირე: როგორც კი რომელიმე "ნაციონალზე" ხმა დაირხევა, პროკურატურა მისი ძველი ცოდვებით დაინტერესდაო, მაშინვე აღმოჩნდება, რომ უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება მისი ცოდნა და გამოცდილება და თანაც ისე აუცილებლად და გადაუდებლად, რომ იქ ექსპერტობის (თუნდაც "წამყვანი" იყოს) გამო, სამშობლოში ხალხის რჩეულობა, პარლამენტარობა (თუნდაც ოპოზიციური იყოს) უნდა დატოვოს... რა ვიცი, რა ვიცი...

არადა, ესენი ყველანი რომ გაიკრიფონ, აქ ოპოზიცია ხომ საჭიროა? მხოლოდ ალასანიას იმედად უნდა ვიყოთ? ჩვენ რაღა ვქნათ მერე, ჟურნალისტებმა?

უჰ, ღმერთი ააშენებს გია თორთლაძეს! გახსოვთ, ხომ? დიახ, მაგას რომ ეძახდნენ, ქართულად "ლანჩას". დღეს ბრიფინგი ჩაატარა - პოლიტიკაში ვბრუნდებიო! რაღა გვიჭირს. ჯერ სად ხართ, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მით მეტი მკვდარი გაცოცხლდება, ისევ დროებით, საარჩევნო "საკენკიდან" ცოტას წაციცქვნის იმედით.

ამასობაში კი მართლა სერიოზული ძალა მოდის ბურჯანაძის სახით და მერე ნახეთ, პუტინი და მატრიოშკები... ჩემთან, ტელე-პროვოკატორში სტუმრობისას პირდაპირ განაცხადა: გავხდები პრეზიდენტი და მერე ნახავთ, როგორ უნდა რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაო!

ოღონდ ახლა, ამის პასუხად არავინ თქვას: სააკაშვილი არ გინდოდათ ძამაო და... ბარემ "ავიღებ ნამუსზე ხელს" და ვიტყვი: "ნაციონალების" ნელ-ნელა ქვეყნიდან გაპარვაც ამ "ახალი ძალისთვის" ასპარეზის დათმობის გამოც ხდებოდეს იქნებ...

პ.ს. ასეა თუ ისე, "მიშისტებთანაც" და "ბურჯანაძისტებთანაც" გაფუჭებული მაქვს ურთიერთობა, მაგრამ სულაც რომ გადაფსკვნილი ძმაკაცები ვიყოთ, ამას მაინც ვიტყოდი: მიშა კიევშიც რომ ჩაისვრიდა, დარწმუნებული ვიყავი და ასეც მოხდა: ჯერ ვიღაც ქალს აეტორღიალა ბარში და უკვე მეათასედ მოიჭრა თავი (ის ქალი პოროშენკოს ბიზნეს-ძმაკაცის შვილი აღმოჩნდა), მერე კი, ფრანგულ ტელე-არხს ისეთ "განგრეულ კაიფში" მყოფმა მისცა ინტერვიუ, შეგშურდებოდათ! იმდენად ცხადი იყო, რომ რადას სპიკერმა საყვედური სახალხოდ გამოთქვა.

კარგია ეს, კარგი, უკრაინა რაც უფრო მალე მიხვდება რაღაცებს, მით უკეთესი!

და საერთოდ: უკრაინაში რომ ქალს ისე ვერ "დაკერავ", შარი არ აიკიდო, ქვეყნის მართვაზე პრეტენზია როგორ უნდა გქონდეს?!