ლუდის სეზონი დგება - კვირის პალიტრა

ლუდის სეზონი დგება

დიდად სადღესასწაულო კვირა იყო: 20 მარტს ”ბედნიერების საერთაშორისო დღე” ყოფილა, 21 მარტს -ჟურნალისტიკის დღე, 22 მარტს -გაზაფხულის ბუნიობა იყო, ხოლო 23 მარტს -ჩემი დაბადების დღე.დღეს 24 მარტია და ამ ”პროვოკაციას” ვწერ -ესეც დღესასწაულია ჩემთვის: თქვენთან, ჩემს საყვარელ მკითხველთან შეხვედრა არასოდეს მომწყინდება. ვგიჟდები თქვენზე, ამ სვეტს რომ არ ვწერდე ყოველკვირა, ჩემს ცხოვრებას აზრი არ ექნებოდა...

კინაღამ დაიჯერეთ, ხომ? ეეეჰ, დღესასწაული კი არა, ისე მეზარება... მუხლებშიც მტეხს, დავბერდი -აგერ, დაბადების დღეც, რაღა მიკლია ნახევარ საუკუნეს?! ამ ქვეყანაში კი არაფერი იცვლება, მთავრობა მთავრობას ცვლის და ეს ჩემი ხელობა კი მუდამ საჭიროა. შეგირდი მინდა აწი, კარგი შეგირდი...

ვაჰ, რა კარგი ყოფილა! ახლა მესმის მოხუცების, რომ ვიშვიშებენ და წუწუნებენ ხოლმე. ცოტა მომეშვა, ხომ იცი!

კარგი, ახლა საქმე, ანუ სრულიად სერიოზულად ვისაუბროთ ზემოთ ნახსენებ თარიღებზე:

20 მარტი მართლა ყოფილა გაეროს მიერ ”ბედნიერების საერთაშორისო დღედ” დაწესებული და 2012 წლიდან აღინიშნება თურმე. სხვა საქმეა, როგორ უნდა იყო ბედნიერი მაინცდამაინც ამ დაწესებულ დღეს, მაგრამ გაერო დიდად კრეატიული ორგანიზაციაა და ამ ამბავსაც მისცა საინტერესო დატვირთვა: მისი ეგიდით ტარდება უამრავი კვლევა, რომელ ქვეყანაში უფრო ბედნიერია ხალხი და ამის კრიტერიუმად ბევრი რამ მოჰყავთ -ვინ უფრო ხშირად იღიმის, ვინ უფრო მეტს ჭამს, ვინ უფრო მეტს მოგზაურობს, ვის მეტხანს სძინავს, ვინ რა სიხშირით არის დაკავებული სექსით და ა.შ.

ჰოდა, თურმე ნუ იტყვით და, ყველაზე ბედნიერები პარაგვაიში ყოფილან -გაიღვიძებენ თუ არა, იღიმიან და ეგრე რჩებიან დაძინებამდე, მგონი, ძილშიც იციანიან. რაც შეეხება საქართველოს, ”ბედნიერების ინდექსით” (ასე დაარქვეს) სადღაც ნულისკენ ვართ და მაგათ თუ დავუჯერებთ, არ ვჭამთ, არ ვსვამთ, სულ ცხვირ-პირი ჩამოგვტირის და ცოლებთანაც ერთ ოთახში არ გვძინავს...

ისე, ჩვენ პრეტენზიული ხალხი ვართ, თორემ აგერ ახლა, ინტერნეტით ვიმოგზაურე პარაგვაიში და ჩვენ რომ იქ ვცხოვრობდეთ, მერე გენახათ ცხვირის ჩამოშვება და იმის ჩამოშვება კიდევ... ნუ, ჰო... კიდევ ერთი: გაეროში ამ დღის დაწესების ინიციატივით ბუტანი შესულა; სახელმწიფოა ასეთი, პატარა, ინდოეთსა და ჩინეთს შორის მოქცეული, ნახევარმილიონიანი მოსახლეობით, მრეწველობისა და ტექნოლოგიების არმქონე, მარკებს უშვებს მხოლოდ, რომლებიც რატომღაც ძვირია ფილატელისტებს შორის, და ფორთოხალი მოჰყავთ კიდევ. ათვალიერებენ მარკებს, სვამენ ფორტოხლის წვენს, იცინიან და არიან ბედნიერები.

ერთი სიტყვით, რაღაც უნდა მოიმოქმედოს ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ ბუტანზე (ბჰუთანზე) უკეთ ვიცხოვროთ და თბილისშიც ისევე ლაღად მოღიმარი ხალხი დასეირნობდეს რუსთაველის გამზირზე, როგორც ტხიმპხუში (ან, თჰიმფჰუ -დედაქალაქია მაგ ბედნიერი ხალხის).

21 მარტი -ჟურნალისტიკის საერთაშორისო დღე! დიდი მადლობა ყველას მოლოცვისათვის და ამ დღის დაწესებისათვის, მაგრამ სწორედ მაგ დღეს ვიყავი ძალიან გაბრაზებული ჩემს კოლეგებზე და ყალბი კოლეგიალური სოლიდარობის გარეშე მინდა, თქვენც გაგიზიაროთ აღშფოთება: ნანუკა ჟორჟოლიანმა ინტერნეტტელევიზია გააკეთა და იქ აჩვენეს სიუჟეტი, რომ ჯაბა სამუშიას, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს სამი ბინა უყიდია ერთ დღეს და თან, თურმე იტყუება, რომ სამი კი არა, ოთხი შვილი ჰყავს! და ატეხეს ამაზე ღლიცინი და მაიმუნობა -ვითომ ძალიან მაგარი კომპრომატი დადეს. როგორც გაირკვა, იმ კაცს სამად დაუნაწილებია ერთი ბინა (ჯამში 140 კვმ თავისი აივნებიანად; დამეთანხმებით, რომ არც ისე დიდია და სამად გასაყოფი არაფერია), ხოლო ოთხი შვილი იმიტომ წამოსცდა, რომ ერთი გარდაცვლილი ჰყოლია (იმედია, ამას არ წაიკითხავს და კიდევ ერთხელ არ ეტკინება გული). შე ჩემის კოლეგავ, შენა, შეგეშალა -შეგეშალა; ეს რომ გაიგე, მერე ბოდიში რომ მოიხადო, რამე დაგაკლდება?!

არ ვულოცავ ასეთ ჟურნალისტებს 21 მაისს და ჯანდაბას კოლეგიალობა -სადაც წავასწრებ, იქვე ვეცდები, რომ ზუსტად ავუხსნა, რასაც ვფიქრობ მათზე.

22 მარტი -გაზაფხულის ბუნიობა. დღე იმატებს, ბუნება იღვიძებს, სისხლი ჩუხჩუხებს და მთელი ამბავი! იმიტომ ხომ არ ვარ ასეთი აგრესიული დღეს?! მაინც გარდატეხის ასაკი... ა, ჰო, თუმცა, ზევით უკვე წამომცდა ასაკის შესახებ...

ასაკსა და დაბადების დღეს რაც შეეხება -ყველას დიდი მადლობა, ვინც 23 მარტს მომილოცა, ”ფეისბუკზე” ვერ ავუდივარ პასუხების მიწერას და თუ ვინმე გამომრჩა, აქედან ვუხდი მადლობას და ბოდიშს. სულ ზემოთ რაც დავწერე, მეზარება-მეთქი, ცხადია, ვიხუმრე, -სინამდვილეში, მართლა ძალიან მიყვარხართ.

პ.ს. მაინც უსიამოვნო ამბით მიხდება დამთავრება: გაზაფხული მოვიდა, ზაფხულიც ახლოს არის (არა, ეს არ არის ცუდი ამბავი) და ლუდის სეზონიც დგება. ჰოდა, ეს გოგი თოფაძე რატომ უმიზნებს ხოლმე ამ სეზონს ასეთ უცნაურ განცხადებებს, ვერ ვხვდები. მე პირადად აწი რა ლუდს დავლევ, დამირეკეთ და გეტყვით, ანტირეკლამა ან რეკლამა რომ არ გამომივიდეს, მაგრამ ბატონი გოგი რომ დარწმუნებულია, ნატოს გინებით და რუსეთის მოკავშირეობაზე ლაპარაკით უფრო მეტ კლიენტს შეიძენს, ეს კი მაშფოთებს.

თანაც, იმიტომ მაშფოთებს, რომ დარწმუნებული ვარ, მართლაც ასე იქნება.