ფეხბურთი ჩვენი არსობისა - კვირის პალიტრა

ფეხბურთი ჩვენი არსობისა

ფეხბურთი იყო კვირას თბილისში და დღეს მხოლოდ ფეხბურთზე მინდა გესაუბროთ. მიყვარს ეს ოხერი და რა ვქნა?! სიყვარული ხომ იცით, ბრმაა, თორემ საქართველოში რომ კაცს კიდევ ფეხბურთი ეყვარება, იმას თვალხილული როგორ უნდა უწოდო?!

ჰოდა, ჩვენც იმედით ვცოცხლობთ - ფეხბურთომანები. ვართ და ველით, და როგორც ვაჟა ამბობს, "უსაზღვროა მათი მოლოდინი"...

ისე კი, "მთანი მაღალნი"-სგან განსხვავებით, ჩვენ თანდათან გველევა იმედი და ვისაც უხარია, რომ გერმანიასთან "ღირსეულად წავაგეთ", ვერც იმათ ოპტიმიზმს გავიზიარებ.

მაგრამ ახლა საფეხბურთო ნიუანსებზე არ მინდა ლაპარაკი, მით უმეტეს - კამათი იმ ხალხთან, ვისაც ნავალოვსკის დაუღალავმა სირბილმა და კობახიძის რამდენიმე ფინტმა იმედი ჩაუსახა. მე იმ დღევანდელობაზე (არა მხოლოდ საფეხბურთოზე) მინდა ვისაუბრო, რომელიც იმ თამაშმა დამანახვა.

"თეატრი გარდერობიდან იწყებაო" - ნათქვამია და ფეხბურთი ალბათ საბილეთო სალაროებიდან იწყება.

მაშ, ასე: თამაშის ბილეთები ორი დღით ადრე გაწყდა და მხოლოდ სალაროების წინ (რომლებსაც ეწერა: "ყველა ბილეთი გაყიდულია") იდგნენ, იდგნენ კი არა და, საკუთარ მაგიდასთან საკუთარ სკამებზე ისხდნენ გადამყიდველები და სამმაგ ფასად ყიდდნენ დასტებად დაწყობილ ბილეთებს.

"ბილეთების ბარიგები" მთელ მსოფლიოში აქტუალური თემაა და ვერ მოვითხოვ, საქართველოში ასი პროცენტით მოგვარდეს-მეთქი, მაგრამ მისგან ორ მეტრში გაჩერებულ პატრულის ეკიპაჟს რომ დაინახავ და ჰკითხავ, ამ ამბავს რა ჰქვიაო? - და გიპასუხებს, - თავისუფალი ვაჭრობაო, - ამაზე რას იტყვით?!

სწორედ ასე მიპასუხა "წესრიგის დამცველმა" და როდესაც მისი ავტომანქანის ნომერს შევხედე დემონსტრაციულად და ხელშიც აკრედიტაციის ბარათი დამინახა, მიხვდა, რომ ჟურნალისტი ვიყავი და ინება გადმოსვლა მანქანიდან: აბა, დავიშალოთ ან ზევით აიწიეთო, - უნდილად მიმართა. წამოვედი, გასაგები იყო ყველაფერი.

რა იყო გასაგები? რა და, თამაშამდე 1 საათით ადრე ისევ რომ გამოჩნდა სალაროში ბილეთები: ვის შეგიძლიათ გადამარწმუნოთ, რომ გაუყიდავი ბილეთები იმ გადამყიდველებისგან სრულიად უანგაროდ დაიბრუნეს სალაროებმა? ანდა იმაში, რომ მანამდეც სრულიად უანგაროდ გაატანეს მათ "პოსლეზე"?! შედეგი: ვიღაცამ მაყუთი მოხსნა, ჩვენ დავგოიმდით, უამრავი გულშემატკივარი კი (მათ შორის, ფეხბურთზე შეყვარებული ბავშვები) გარეთ დარჩა. ეს ერთი - საქართველო.

ჰო, ახლა შიგნით რა ხდებოდა: ე.წ. პრესსექტორშიც კი, მხოლოდ ერთი (გადახურული) რიგი იყო, სადაც დაჯდომა შეიძლებოდა, ამიტომ გერმანელმა ჟურნალისტებმა დაიკიდეს თავიანთ ბარათებზე მითითებული ნომრები და იქ დასხდნენ (მათ ხომ არ იცოდნენ, რომ სტადიონზე ძველი გაზეთით ან სველი ტილოთი უნდა მიხვიდე). ამან არია ყველაფერი და ქართველმა ჟურნალისტებმა ერთმანეთს დასცხეს - რას ჰქვია, ჩემზე ადრე მოხვედი! ფეხებზე მკიდია, შენს ადგილზე რომ გერმანელი ზის, მიდი და ააგდე, ჩემი ადგილი გამითავისუფლეო. თუმცა გერმანელებსაც ჰქონდათ "მცირე დისკომფორტი": ალბათ პირველად იყვნენ (ბოლო წლების განმავლობაში) სტადიონზე, სადაც "ვაიფაი" არ იყო და უმწეოდ იყურებოდნენ აქეთ-იქით... ეს ორი - საქართველო.

სტადიონი თამაშის დაწყებამდე 15 წუთით ადრე თითქმის შეივსო. თითქმის-მეტქი, იმიტომ ვამბობ, რომ მოპირდაპირედ - აღმოსავლეთის ტრიბუნის მეორე იარუსზე, თითქმის მთელი სექტორი (22-ე ცარიელი იყო) დაუსახლებელი კუნძულივით ჩანდა. მეგობარს დავურეკე, რომელსაც 20-ლარიანი ბილეთი 55 ლარად ჰქონდა ნაყიდი, - სად ზიხარ-მეთქი? - და ათიანში გავარტყი - იქ იყო! ე.ი. ეს ადგილები ჰქონდათ გადამყიდველებს და იმიტომაც დარჩა ცარიელი.

მოკლედ, დაიწყო თამაში და... დაიწყო მოედანზე გულშემატკივრების შემოვარდნები!ამ კომპონენტში კი დავჩაგრეთ გერმანელები - 7:0!

შე ჩემის თამაშის ორგანიზატორო, ფედერაცია ხარ თუ ოხრობ-ჯანდაბა: ბილეთებს სპეკულანტები ყიდიან და ვერ აგვარებ; ბავშვობიდან მოყოლებული, სტადიონზე ძველი გაზეთი მიმაქვს, რომ სუფთად დავჯდე და ათასი რეკონსტრუქციის მიუხედავად, ეგეც ვერ მოაგვარე, უცხოელი ჟურნალისტების ადგილებზეც კი; ახლა მოედანზე შემოვარდნებიც დაიწყეს და ჯანდაბას, პირველი და მოულოდნელი თუ შევარდა ვინმე, მაგრამ - მეორე?! მასამე?! მეოთხე?! მეშვიდე?!!!!! დებილები ხართ, თავს იდებილებთ თუ იქ სტიუარდებად სპეციალურად გეყენათ დებილები?! ეს სამი - საქართველო!

დაბოლოს: სტადიონზე იმიტომაც დავდივართ (ყოველ შემთხვევაში, პირადად მე), რომ იქ "სხვაგან" ხარ, აღარ გახსოვს, რომ "ნაცები" არსებობენ, "ქოცები" და კიდევ სხვები. სამყაროა სხვა, სტადიონის თავზე გუმბათად დამდგარი ცა და საზღვრად - ტრიბუნები... ვეღარ მოგვართვეს: დასხედით დასავლეთ ტრიბუნაზე, გაიხედეთ მარცხნივ და დაინახვათ ვიღაც იდიოტის მიერ ნებართვამიცემულ-აშენებული მახინჯი კორპუსების ბოლო ორ-სამ სართულს, გაგახსენდებათ, რომ აქედან გარეთ გახვალთ...

პ.ს. იმ ბილეთების ამბავმა რა გამოიწვია, იცით? ფულიანი სიმონები მოხვდნენ იქ, სადაც ჯიგრიანი ფანები უნდა მსხდარიყვნენ და ჩემ უკან ასეთ დიალოგს შევესწარი: მურთაზ შელიას ეუბნება ტიპი:

- ჩემი ძმა, გახსოვს, 20 წლის წინ აქ 2:0 რომ მოგვიგეს?

- კი.

- იქ რომ 4:1 დაგვადეს და პირველი რომ ჩვენებმა გაიტანეს?

- ეგეც მახსოვს.

პ.პ.ს. მურთაზ შელია გუნდის კაპიტანი იყო იმ თამაშში.