"ბოზი მამიდა" დანაშაული ხდება! - კვირის პალიტრა

"ბოზი მამიდა" დანაშაული ხდება!

ჩემს წინა პროვოკაციას ასე ერქვა: "9 აპრილს გილოცავთ!" -და, როგორც ველოდი, მკითხველთა საკმაო ინტერესიც გამოიწვია. ჟურნალში რამდენმა წაიკითხა, ვერ გეტყვით, მაგრამ "კვირის პალიტრის" ვებგვერდზე საკმაო რაოდენობის ნახვა ჰქონდა და ამისთვის მადლობელი ვარ.

ვფიქრობდი, საკამათო თუ არა, განსასჯელი თემა მაინც წამოვწიე და, როგორც ყოველთვის, ერთი კვირის მერე სხვა თემაზე გადავალთ-მეთქი, მაგრამ ვინ გაცადა?! მიუხედავად იმისა, რომ: სადღაც არაბეთში ქართველი მოჭადრაკე აფერისტობაში გამოიჭირეს (სომეხმა მეტოქემ გამოიჭირა!); ადეიშვილი ძებნილთა სიიდან ამოიღო ინტერპოლმა; "გელაპის" კვლევებით, საქართველო ყველაზე რელიგიური ქვეყნების ხუთეულშია; "ნაციონალები" ნეპოტიზმის კრიმინალიზაციას ითხოვენ; ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სიყვარული ფსიქიკურ დაავადებათა სიაში შეიყვანა...

ხედავთ, რა ხდება?! მე კი ისევ წინა კვირის თემით უნდა დავიწყო. მაშ, ასე: 9 აპრილი...

იქნებ ბევრმა თქვენგანმა ნახა კიდეც სიუჟეტები ქართულ ტელევიზიებში იმ ინციდენტის შესახებ, რაც 9 აპრილის დილა-ბნელზე მთავრობის სახლის წინ მოხდა და რომელშიც თქვენი მონა-მორჩილიც მონაწილეობდა. ვისაც არ უნახავს, მოკლედ აღვწერ: ყოველი წლის 9 აპრილის დილას, 3-დან 4 საათამდე მთავრობის სასახლის წინ იმ ამბების მონაწილეები ვიკრიბებით, ვიხსენებთ ცოცხლებსა და დაღუპულებს და ასე ვცდილობთ, პატივი მივაგოთ მათაც და იმ დიდებულ დროსაც. ინციდენტები ასეთ დროს არ ხდება ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ 25 წლის მანძილზე ბევრი მაშინდელი მეამბოხე პოლიტიკოსად იქცა და თანაც, ერთმანეთთან რადიკალურად დაპირისპირებულ ბანაკშია დღეს.

სამწუხაროდ, ასე არ მოხდა ამ 9 აპრილს: კობა ხაბაზი მოვიდა (რომელიც ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის წევრი იყო 1989 წელს, სანამ "ცუდ წრეში მოხვდებოდა", და სრული უფლება აქვს იქ ყოფნის), მაგრამ წელს რაღაც "სხვანაირად" მოვიდა: წინ მოუძღოდა ახალგაზრდების ჯგუფს ("თავისუფალი ზონის" აქტივისტებს), მიიჭრა მემორიალთან, მაშინვე დროშა გაშალა, უილიამ უოლესის პოზაში დადგა და "რეჩი" დაცხო.

ამ კაცის მიმართ, მიუხედავად ჩვენ შორის მკვეთრი პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობისა, ანტიპათიას არ განვიცდი, დიდი ხანია ვიცნობ და ვიცი, რომ უბოროტო კაცია, მაგრამ სულ სხვა ჟანრის ასევე ცნობილ (ოღონდ ფრანგ) მსახიობთან ასოცირებული ხაბაზი, მელ გიბსონად ვერც მე წარმოვიდგინე და ვერც სხვა იქ მყოფებმა და როდესაც ერთ-ერთმა ჩვენმა მეგობარმა ყოველგვარი შეურაცხყოფის გარეშე მიმართა მოწოდებით, ცოტა "კდემამოსილად" მოქცეულიყო და ის ახალგაზრდებიც იქ, როგორც აქტივისტები კი არა, როგორც ექსკურსანტები, ისე ჰყოლოდა, ატყდა, მაგრამ რა ატყდა!

ერთი სიტყვით, ბოლოს ეროვნული მოძრაობის, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის ვეტერანი, ჩვენი მეგობარი დააკავეს, რომელმაც "ზონელთა" შორის "ნაცების" ზონდერი ამოიცნო (სხვათა შორის, ის არც უარყოფს მიტინგების რბევას), რომელიც ისე აძლევდა პოლიციელებს მითითებებს, ვინ დაეკავებინათ და ვინ დაიწყო ინციდენტი, თითქოს 2015 კი არა, 2005 წელი ყოფილიყოს!

აი, ასე იყო ის ამბავი და ვინც მხოლოდ "რუსთავი 2"-ის სიუჟეტი ნახა და მისაყვედურა, -ეს რა გიქნიათ ამ ხნის ხალხს, დამთვრალხართ და "ბავშვებისთვის" მემორიალთან ყვავილების დადება დაგიშლიათო, -მათ გასაგონად კიდევ ერთხელ, როგორც "ტელევიზიონშიკი" (ქართულად "მეტელევიზიე" იქნება?) ვიტყვი: დიდებული რამ არის მონტაჟი! "ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად" -მონტაჟზე თქვა დიდმა პოეტმა!

ამ ამბის ბოლოსიტყვა: "ნა-ცებო", "ქო-ცებო" და კიდევ, "სხვა-ცებო", 9 აპრილი წმინდა დღეა იმ ადამიანებისთვის, ვინც მეოთხედი საუკუნის წინ, როდესაც ბევრი თქვენგანი კომკავშირისა და კომპარტიის წესდებას იზეპირებდა, რომ ბოლშევიკებს თავის რიგებში მიეღოთ, სულ სხვა რამით იყო დაკავებული და უამრავი შეცდომისა და იაღლიშის მიუხედავად, ის დღე მოაახლოეს, როცა საქართველო განსხვავებულ ფერად დააჩნდა მსოფლიო რუკას. ამიტომ მობრძანდით, ერთად ვიფიქროთ და ვისაუბროთ ამ დღეზე, ქვეყნის წარსულსა და მომავალზე, მაგრამ სამიტინგოდ და სათავისსარგებლოდ ნუ გადააქცევთ ამას, თორემ გაისადაც იმავეს გამეორების შემთხვევაში, იძულებულები ვიქნებით, ცხვირ-პირი დაგამტვრიოთ.

პ.ს. ადეიშვილს აღარ ეძებს ინტერპოლი, "უპოვია" უკვე და იმიტომ. ვერ ამტკიცებთ ამ კაცის დანაშაულს და რა გიყოთ, ძმაოვო!

სამაგიეროდ, თუკი ოპოზიციის წინადადება მოიწონეს, ნეპოტიზმის დამტკიცება მოუწევს ხოლმე სასამართლოს მალე და ალბათ ასეთი შემთხვევა მოხშირდება: საქართველოში ყველა ყველას ნათესავი და ყვავი-ჩხიკვის მამიდაა. ამის გამო უამრავი შეშინებული ჩინოვნიკი საფუძვლიან გამოძიებას წამოიწყებს და ნახევარ სამსახურს გაათავისუფლებს.

განსაკუთრებით სასაცილო ამბები იქნება დასავლეთ საქართველოს მცირემოსახლეობიანი მუნიციპალიტეტების საკრებულოებში!

მე ვიცი ერთი ასეთი, სადაც გამგეობის შტატში მხოლოდ 4 გვარის ხალხი მუშაობს, იმიტომ კი არა, რომ იქ ნეპოტიზმი ყვავის, არამედ იმიტომ, რომ სხვა არავინ ცხოვრობს იმ არემარეში.

ასე რომ, სანამ სხვების მამიდა-ბიცოლებს გამოააშკარავებთ, იქნებ საკუთარი ბოზი მამიდებისთვის მიგეხედათ?!