ვირი ხეზე ავა! - კვირის პალიტრა

ვირი ხეზე ავა!

ათი წლის წინ, მაჩაბლის ქუჩის მცხოვრებლები მეტად თვალსასეირო ამბის შემსწრენი გახდნენ: ერთ-ერთი სახლის პირველი სართულიდან მთელი პარტია გამოასახლეს. უფრო სწორად - გამოყარეს და პარტიული ავლადიდებაც ზედ მოაყოლეს. პარტიულ ავლადიდებას კი რამდენიმე საწერი მაგიდა (რომელზეც არავის არაფერი დაუწერია), რამდენიმე სკამი, ბანქოს ორიოდე დასტა, "ჩოთქი", დომინო და ნახევრად შევსებული კროსვორდების ათიოდე გაზეთი შეადგენდა. კიდევ, იყო სამი თუ ოთხი ოც-ლიტრიანი, გამოურეცხავი ბოცა.

აღნიშნულ ოფისში ნამყოფი ჟურნალისტისგან ვიცი, რომ ირაკლი წერეთლის კაბინეტს, თურმე, ამაყად ამშვენებდა წარწერა: "მოქალაქეთა მიღება ორშაბათობით, 13-დან 15 საათამდე".

ასე უსახელოდ დაასრულა არსებობა საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიამ, რომლის უპირობო ლიდერიც ბოლო დღემდე ირაკლი წერეთელი იყო, ხოლო წევრებს შორის კობა ხაბაზი უკვე აღარ ირიცხებოდა.

დრო იყო, ირაკლი წერეთელი კობა ხაბაზს "ბულკებზე" აგზავნიდა. დღეს კობა ხაბაზი ირაკლი წერეთელს აგზავნის საშიმშილოდ. დრო იყო, ორივეს "ეროვნული მოძრაობა" ერქვა. დღეს ორივეს ჰქვია "ნაციონალური მოძრაობა". ჰოდა, ვინც დღეს "ნაციონალური მოძრაობაა", ის არასოდეს ყოფილა "ეროვნული მოძრაობა". ვერც იქნებოდა - ადამიანში ეროვნული მოძრაობა მთელი ცხოვრება გრძელდება. შესვენებები, წუთშესვენებები, შვებულებები და ტაიმ-აუტები არ მოსულა. თუ მაშინ "ეროვნულ მოძრაობაში" იყავი და დღეს "ნაციონალურ მოძრაობაში" ხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ მაშინაც "ნაციონალურ მოძრაობაში" იყავი და, უკეთეს შემთხვევაში, ეს თავადაც არ იცოდი.

"ნაციონალურ მოძრაობასა" და "ეროვნულ მოძრაობას" შორის ტოლობის დასმა ისევე რთულია, როგორც ტოლობის დასმა ერეკლე მეორესა და კობა ხაბაზს შორის. ამასთან დაკავშირებით, ქართული ხალხური გამონათქვამიც კი არსებობს - სად ერეკლე და სად კობა ხაბაზიო. იმასაც იტყვიან, ყველაფრისგან სალამური არ გაკეთდებაო... და მაგალითსაც მოიყვანენ ხოლმე. ეს, რაც შეეხება სალამურს, მაგრამ გაკეთება-გადაკეთებაზე თუ ვილაპარაკებთ, ხანდახან საინტერესო შემთხვევებთან გვაქვს საქმე და რაღა შორს წავიდეთ, აგერ ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის თავმჯდომარე დღეს თავისუფალი ზონის "პუსტა-პუსტად" არის გადაქცეული.

ტყუილად კი არ გვეუბნებოდნენ მაშინ უფროსი ადამიანები იმას, რასაც გვეუბნებოდნენ ირაკლი წერეთლის შესახებ და რასაც ახლა არ გავიმეორებ. ისინი მეტი დამაჯერებლობისთვის დააყოლებდნენ ხოლმე, - ბავშვობიდან ვიცნობთ და დამიჯერეთ, რასაც გეუბნებითო.

და მართლაც, უფროსი რომ გეუბნება, თურმე, უნდა დაუჯერო.

დღეს კი, როცა ჩვენ, მაშინდელი არაფორმალები გავიზარდეთ და უკვე დიდები ვართ, გვინდა, რომ დაგვიჯერონ მათ, ვისაც არ ახსოვს და არ იცის, რა იყო ეროვნული მოძრაობა.

ეროვნული მოძრაობა იყო სული, გული და ჯიგარი, იდეა იყო "გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს", დამოუკიდებლობა გვინდოდა თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის. თავისუფლებისთვის ბრძოლა იყო ცხოვრების წესი, მრწამსი.

ნილოსი აღმა დაიწყებს დენას, ვირი ხეზე ავა, რაღაცისგან სალამური გაკეთდება, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობა" ვერასოდეს გადაიქცევა ეროვნულ მოძრაობად.

ისეთები მახსოვს, ისეთები ვიცი...

ეს, დასახვრეტად გამზადებული პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია იხსენებდა, როგორ წაიყვანა მამამ ყინულის სანახავად, თორემ საშიმშილოდ გამზადებული ირაკლი წერეთელი ალბათ იმ ფუნთუშებს გაიხსენებდა, კობა ხაბაზს რომ მოჰქონდა პარტიული ბოსებისთვის.

ალბათ ახლაც იმ ფუნთუშაზე ფიქრობს, რომელსაც სულ სხვა გემო ჰქონდა, ვიდრე ახლა, გაგანია შიმშილობისას სააკაშვილის მიერ ხაბაზის ხელით გამოგზავნილ ჰამბურგერს, რომელსაც რუსული პელმენის გემო დაკრავს.

პ.ს. 90-იანი წლების დასაწყისში ირაკლი წერეთელს პერსონალური "ვოლგა-ტრიციტაძინი" და პირადი მძღოლი ემსახურებოდა. მძღოლი ყოფილა საშინლად მლიქვნელი. ერთხელ, თურმე, შუქნიშანზე დგანან და ლამაზმა ქალმა გაიარა. მძღოლმა შეხედა და ამბობს: "ოჰ, შენ კი მოგეფერა ბატონი ირაკლი! არა, ბატონო ირაკლი?!"

ამ ამბის ნამდვილობაზე თავს ვერ დავდებ. რაც ზუსტად ვიცი, ის უკვე მოგახსენეთ.