დამოუკიდებლობა... - კვირის პალიტრა

დამოუკიდებლობა...

სათაურში მრავალწერტილი რა შუაშიაო? - ვინმე იკითხავს. ჯერ იმას ვიტყვი, საერთოდ რატომ დავწერე ეს სათაური: 26 მაისია დღეს და მხოლოდ ეს რომ იყოს მიზეზი, ცხადია, ახსნაც არ დამჭირდებოდა, მაგრამ გუშინ და დღეს ისეთი ამბები მოდის "ნაციონალების" ბანაკიდან (თქვენ 28-ში უკვე ნანახ-მოსმენილი გექნებათ მათი ახსნა-განმარტებითი პრეს-კონფერენცია და ოფიციალური მიზეზებიც გეცოდინებათ), რომ დავასკვენი,- ის ოთხი კაცი ნაცმოძრაობიდან დამოუკიდებლობის დეფიციტის გამო წამოვიდა!

დამოუკიდებლობა, თავისუფლება მოუნდათ ბიჭებს, ითმინეს, ითმინეს და ვეღარ მოითმინეს ბოლოს, ვერ გაუძლეს პარტიულ დისციპლინას, დამოუკიდებლობა(!) მოუნდათ და წამოვიდნენ...

გოგა ხაჩიძეს დამოუკიდებლობა მოუნდა... პალიკო კუბლაშვილსაც... კიდევ ორს...

ეგ ჩათლახები, ეგენიო- გოკა გაბაშვილმა (ჩათლახი- უხეირო, უვარგისი, (საბა, "სიტყვის კონა")), უპასუხისმგებლო და მოღალატეებიო!

ვისაც გჯერათ, რომ ესენი დამოუკიდებლობის სურვილის გამო წამოვიდნენ, გაგატარებთ...

მაშ ასე: ელიავაზე, "დაშლილებში", ოპელ-ვექტრას სარკეებთან ერთად, ამიერიდან ნაციონალების ნაწილებიც შეიძლება იყიდოთ. დადეთ სახლში, რა იცით, რაში გამოგადგებათ, არ იქნება ძვირი...

..."ევროვიზიაზე" ჩავისვარეთ! არ დამიწყოთ ახლა: ბოღმა ხარო; ჩვენი სუბლატი ყველს ჯობდაო; პოლიტიკური კონკურსია და ვერასოდეს მოვიგებთო; რუსებმა მთელი ევროპა მოისყიდეს, მაგრამ მაინც ვერ მოიგესო...

მეც მანდ ვარ: ვეღარ უნდა გავიგოთ, რომ ვერასოდეს მოვიგებთ?! ფეხებზე მკიდია, რატომ არ მოგვცა აზერბაიჯანმა უმაღლესი შეფასება; ფეხებზე მკიდია, რაც მოგვცა, ისიც რომ დაგვამადლა ბაქოდან ჩართულმა ბრიყვმა წამყვანმა; ფეხებზე მკიდია, სომხებმაც რომ რუსეთი გვამჯობინა; ფეხებზე მკიდია, ბალტიისპირელებმაც რომ ვერ გვიმეგობრეს (ამ ხმის მიცემის ამბებში მაინც); ყალბ ფსევდოტოლერანტობას არ ვიჩემებ და არც იმას ვმალავ, რომ კონჩიტაზეც გული მერევა ა.შ.

მაგრამ აი, რა არ მკიდია და რა მაინტერესებს: რა დაუჯდა საზოგადოებრივ მაუწყებელს (ანუ სახელმწიფო ბიუჯეტს) მთელი ეს ბასტი-ბუბუ? (მაგაზე გამახსენდა: ხომ არ ჯობდა, ამ ფულით ის მართლაც მშვენიერი საბავშვო გადაცემა- "ბასტი-ბუბუ" აღედგინათ?); რა უჯდებათ სხვა, ჩვენზე უფრო მდიდარ ქვეყნებს? დავიჯერო, იტალიაში ან საფრანგეთშიც ასეთ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საქმედ ითვლება ამ გოიმურ კონკურსში მონაწილეობა და პრემიერ-მინისტრმა, ან ყოფილმა პრზიდენტმა იცის იქაური მონაწილის სახელი (პირად მიმართვასა და მხარდაჭერაზე რომ არაფერი ვთქვათ)?!

ჰოდა, კეთილი ინებეთ და სრული ანგარიში წარმოადგინეთ და ეს შეკითხვა ოფიციალურ ჟურნალისტურ შეკითხვად ჩათვალეთ, რომელსაც საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის უფლება აქვს.

იმასაც ვიტყვი (მკითხველთათვის, და არა- პირველი არხის შეფებისთვის): ამ კითხვას იმიტომ ვსვამ, რომ "ფინთი ხმები" მომივიდა "ატკატებთან" და "რეპეტიციებზე სასიარულოდ" დახარჯულ უცნაურად ბევრ ბენზინებზე... და რადგან არ მიყვარს, როდესაც ისე მძარცვავენ, რომ არ მაფრთხილებენ, პასუხსაც ვითხოვ.

ჩქარ-ჩქარა ვწერ- გაგიკვირდებათ და "კავკასიაზე", აქუბარდიასთან ვარ ეთერში მიწვეული. არ ვიცი, რა უნდათ, ეტყობა 26 მაისის გამო რესპონდენტები შემოაკლდათ (ყველა პოლიტიკოსი და ჟურნალისტი პრემიერ-მინისტრის მიღებაზეა დასპატიჟებული, მთაწმინდაზე. მე- არა. არც ამათ ვუყვარვარ). ამიტომ ბოდიშს გიხდით, თუ ნაჩქარეობა შეატყოთ ამ "პროვოკაციას".

პ.ს. ჩქარა და დაუფიქრებლად ვწერ-მეთქი, გითხარით, მაგრამ არც ისე უფიქრალად დამიწერია, რომ დასაწყისში ნათქვამი სერიოზულად მიიღოთ (იმ ოთხ ყოფილ (თუ "ყოფილ") ნაციონალს ვგულისხმობ)- დამოუკიდებლობის სურვილი არა, ტოროლა (ამ "ტოროლას" მაგივრად ქართული საყველპურო ენა უამრავ სხვა ვარიანტს გვთავაზობს: "ფლავი", "იხვის ტოლმა", "ჩემი ფეხები", "შვანცკი", "ბუს კვერცხები" და ა.შ.): არჩევნები მოდის, "სასტავი" მიხვდა, რომ ვერც ხმებს მიიღებენ და ვეღარც საარჩევნო კომისიებს გააკონტროლებენ და ეს მეთოდი მოიგონეს- იქ ვააძე-რურუას "ივერია" გამოიგონეს, აქ ახლა ესენი ვითომ სხვები არიან... ერთი ძველი ტელესპექტაკლი მახსენდება, ეროსი მანჯგალაძის ფრაზით: "ვერა მხედამენ, ვერა მხედამენ..." არადა, ყველა ხედავდა.

პ.პ.ს. "ელიავას დაშლილებთან" დაკავშირებული ხუმრობა ჩემი მეგობრის, ეკა სილაგაძის ფეისბუკიდან "მოვიპარე". მადლობა მას.